„ჯვარი არის ღვთის დიდი წყალობა და ჩვენ უნდა მივიღოთ იგი, როგორც უფლის ლოცვა-კურთხევა!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ!“ ჯვარი არის მუდმივი თანამგზავრი ჩვენი ცხოვრებისა. ყვოელი ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი და მან ბოლომდე უნდა მიიტანოს იგი.
დღევანდელ კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ეს დღესასწაული დიდმარხვის შუა პერიოდში იმიტომაა დაწესებული, რომ სულიერად გაძლიერდეს ადამიანი და ჯვირს თაყვანისცემით მიიღოს მადლი, რომელიც სულიერად გააძლიერებს მას და გაჰყვება აღდგომამდე და აღდგომის შემდეგაც.
ჩვენ ვადგავართ გზას აღდგომისაკენ. დიდმარხვა - ეს არის მარხვა სინანულისა და, ღვთის მადლით, ველოდებით აღდგომას სიხარულისა!
რა არის ჯვარი? ზოგიერთს ჰგონია, რომ იგი არის სასჯელი ღვთისა. ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ჯვარი არის ღვთის დიდი წყალობა და ჩვენ უნდა მივიღოთ ის, როგორც უფლის ლოცვა-კურთხევა.
ზოგიერთი ცდილობს, განთავისუფლდეს თავისი ჯვრისგან, რომელიც მას უფალმა არგუნა და თვითონ ეძებს სხვა ჯვარს. წმინდა მამები ამბობენ, რომ მძიმეა ჯვარი, რომელსაც უფალი აძლევს ადამიანს; ჯვირს სიმძიმის ქვეშ სულიერად იწმინდება ადამიანი და განწმენდილი ხვდება მაცხოვარს, მაგრამ წმინდა მამები ასევე ამბობენ, რომ გაცილებით უფრო მძიმეა და, შეიძლება ითქვას, აუტანელია ის ჯვარი, რომელსაც თვითონ ადამიანი ირჩევს თავისთვის!
ჯვარი ადამიანისა არის მთელი მისი ცხოვრება - ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ.
არ შეიძლება, რომ ადამიანი მხოლოდ ღვთისაკენ მიისწრაფოდეს და ვერ ხედავდეს სხვა ადამიანებს, მათ გასაჭირს. არც ის შეიძლება, რომ ადამიანებს ემსახურებოდეს და ღმერთი არ ახსოვდეს. ამიტომ ეს ორი სულიერი ძელი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური, ადამიანმა აუცილებლად უდნა შექმნას თავისი ცხოვრებით.
ჩვენს წარსულს, საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე ჩვენი ქვეყანა მუდამ მძიმე ჯვრის ქვეშ იმყოფებოდა. დღესაც უმძიმესი ჯვრის ქვეშაა საქართველო. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ ლოცვა-კურთხევისთვის, ამ დიდი წყალობისთვის! ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს უყვარს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა! შემთხვევითი არ არის, რომ ამდენი სიწმინდეა საქართველოში. შემთხვევითი არ არის, რომ, ღვთის მადლით, აშენდა ეს წმინდა ტაძარი. შემთხვევითი არ არის, რომ კვართი უფლისა იმყოფება საქართველოში. არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩვენი ქვეყანა არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ერთი მხრივ - უფალი გვაძლევს მძიმე ჯვარს, მაგრამ მეორე მხრივ - გვანუგეშებს, გვაძლევს იმედს, გვანიჭებს სულიერ ძალას, რათა ვიტვირთოთ ჩვენთვის ბოძებული ჯვარი!
მახსენდება ალექსანდრიის პატრიარქ ნიკოლოზ VI-ის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ჩავედით დარიალის ხეობაში და მივედით საქართველოს საზღვართან, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო და მე მას ვუთხარი, რომ შიში მაქვს, უცხოელთა შემოსევისა საქართველოს საზღვრებზე და ვთხოვე, დალოცეთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები-მეთქი. მინდა მოგახსენოთ, რომ ალექსანდრიის პატრიარქი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პატრიარქი მსოფლიოში; მას საოცარი ტიტული აქვს - „მეცამეტე მოციქული და მსაჯლი მსოფლიოსი“! მან მართლაც დალოცა საქართველოს საზღვრები და გვითხრა: იმდენი წმინდანი ჰყავს საქართველოს, იმდენად მდიდარია იგი წმინდა მოწამეებით, ღირსი მამებით, მღვდელმთავრებით, რომ მტერი ვერ დაარღვევს საქართველოს საზღვრებს! ამ იმედით ვართ ჩვენ დღეს, - იმედით, რომ ზეციური საქრთველო გვეხმარება! არსებობს სულთა კავშირი, არსებობს კავშირი მიწასა და ზეცას შორის და, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრები ზეციურ საქართველოში უფრო მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ჩვენ!
დღეს მრავალი პრობლემის წინაშე დგას საქართველო და იმედი მაქვს, რომ, ღვთის მადლით, მათ დავძლევთ და რასაც გულით ვთხოვთ ღმერთს, მოგვეცემა! სახარებაში წერია: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი და ვიდგეთ იმ გზაზე, რითაც დღემდე მოვიდნენ ჩვენი წინაპრები. უდნა გვახსოვდეს: ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ უფრო იოლი გზა აერჩიათ, აერჩიათ კავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ მათ აირჩიეს კავშირი მართლმადიდებელ ერთან, რადგან იცოდნენ, რომ თუ გადარჩებოდა მართლმადიდებლობა საქართველოში, გადარჩებოდა თვითონ ერიც!
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ვიზიტი რუსეთში, რომელიც ახლახან შედგა, ფრიად მნიშვნელოვანია და იგი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს მომავალში. რუსეთშიც და საქართველოშიც ერთხმად ამბობენ, რომ ეს ნამდვილად ისტორიული ვიზიტი იყო. კარგად მოგეხსენებათ, რამდენად რთული დამოკიდებულებაა დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის. როდესაც რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მივიღეთ, მოვითხოვეთ, რომ ჩვენი გამგზავრება პირდაპირი რეისით შემდგარიყო და არავითარ შემთხვევაში მესამე ქვეყანაზე გავლით არ უნდა ჩავსულიყავით. ეს პირობა შესრულდა, დაგვთანხმდნენ და ვიზიტიც შედგა. მოსკოვში, ჩვენ, ორმა პატრიარქმა შევასრულეთ ერთობლივი წირვა ქრისტე მაცხოვრის სახელობის ახალ ტაძარში და შევთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენს ერებს შორის.
ერი უნდა იყოს ღვთისა, უნდა იყოს ღვთისმოსავი და ძალა და მშვიდობა მაშინ დაემკვიდრება მასში. აი, ამ წმინდა დღეს, როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ ჯვარსა პატიოსანსა, შევთხოვ უფალს, რომ ჯვარის ძალითა და მადლით, უფალმა სულიერად გააძლიეროს საქართველო და ტერიტორიული მთლიანობა აღგვიდგინოს! იმედი მაქვს, ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვებს.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს 7-გზის ლოცვებს, ერთობლივი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, წმინდა დავით წინასწარმეტყველის დროს, 7-გზის დღეში ლოცულობდნენ და 7-გზის აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს. უფალი ბრძანებს: „სადაც ორი ან სამი კაცი შეკრებილია ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის“. თუკი მთელი ერი გამთლიანდება ლოცვით და აღავლენს ერთობლივ ლოცვას, შეუძლებელია, რომ უფალმა არ შეისმინოს ჩვენი ვედრება!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9, 2007 წ.