„ეს იყო ერის გამოცდა და იგი
ჩვენმა ერმა გამოიარა და გადარჩა. ვინ გაიმარჯვა?
გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა ორივე მხარემ და ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ
მის განგებას!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი რთული არსებაა; იგი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, შექმნილი ხატად და მსგავსად ღვთისა, მაგრამ დაცემის შემდეგ შეიცვალა მისი სულიერი და ფიზიკური ბუნება. ძველი რომაელები ამბობდნენ: „Homo homenis lupus est“ - ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო (ლათინ.). ქრისტიანულმა სარწმუნოებამ კი სრულიად შეცვალა ეს დამოკიდებულება. წმინდა - მოციქული პავლე გვასწავლის: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ, და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.
შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი მოყვასისა? ძალიან მძიმეა ჯვარი ადამიანისა და ასევე მძიმეა ჯვარი მოყვასისა. არსებობენ ასეთი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ძმის, მოყვასის სიმძიმის ტვირთვა. ეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში, როცა ათი ათასობით და უფრო მეტი, ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში.
მინდა აღვნიშნო, რომ ამ უმძიმეს დღეებში საქართველოს ეკლესიამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რამდენად ძლიერია იგი სულიერად; ეკლესიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანებში არსებული დაპირისპირება ბრძოლაში არ გადაზრდილიყო და მადლობა ღმერთს, რომ საქართველო გადარჩა, საქართველომ გაიმარჯვა! ძნელია ასეთ ვითარებაში გაარჩიო, სად არის სიმართლე და სად არის - ტყუილი. ეს იყო ერის გამოცდა და იგი ჩვენმა ერმა გამოიარა და გადარჩა. ვინ გაიმარჯვა? გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა ორივე მხარემ და ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ მის განგებას!
ჩვენ ყველანი ერთად ვლოცულობდით საქართველოსთვის, მისი გადარჩენისთვის. უნდა ითქვას, რომ ერის ცხოვრება ბევრად დამოკიდებულია მის სულიერ სამყაროზე, იმაზე, თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება ერი.
ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას: „რას ელოდება ჩვენგან უფალი? რატომ ჩააგდო ერი ასეთ განსაცდელში ღმერთმა?“ და იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ უფალი ჩვენგან მტკიცე რწმენასა და დიდ სიყვარულს ელოდება ელოდება; იმ რწმენას, სიყვარულსა და სასოებას, რომელიც ჩვენს წინაპრებს ახასიათებდა. უფალი ელოდება ჩვენგან, რომ ქართველმა ადამიანმა შეიგნოს, თუ რას უნდა გავუფრთხილდეთ, რა უნდა შევინახოთ გლობალიზაციის ამ ურთულეს პერიოდში.
უნდა შევინახოთ ჩვენი სულიერი საუნჯე, უნდა შევინახოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი მამული, უნდა შევინახოთ ყოველივე ის, რაც გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა; და მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ადამიანი მიხვდა ამას და არაფრით დათმობს, არაფრით შეელევა თავის სიწმინდეებს. ქართველი ადამიანი არასდროს განეშორება იმ სულიერ, კულტურულ, თუ ზნეობრივ ფასეულობებს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ჩვენს ქვეყანას და ღვთის მადლით ჩვენ მას დავიცავთ და შევინახავთ!
უნდა ითქვას, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, გენიალური ნაბიჯები შექმნილი ვითარების განმუხტვისათვის, რამაც კეთილი შედეგი გამოიღო. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარემ ითხოვა, რომ საპატრიარქოს შუამავლის მისია ეტვირთა. ისინი მობრძანდნენ საპატრიარქოში და დიალოგის წინ მიიღეს ლოცვა-კურთხევა. ჩვენ დავლოცეთ ისინი, რათა მათმა მოლაპარაკებამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს. ამასთან, მე ორივე მხარეს შევახსენე, რომ ყველაზე საშიში არის კატეგორიული აზროვნება, - როდესაც ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია მართალ ადამიანად. კატეგორიული აზროვნება არის საშიში აგრეთვე იმითაც, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სხვას ვერ უსმენს და ფიქრობს, რომ სიმართლე მხოლოდ მის მხარესაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი. შეიძლება, ჩვენს მოყვასს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ იგი მტრობაში არ უნდა გადაიზარდოს.
დღეს ჩვენ მადლობა შევსწირეთ უფალს, რომ ღმერთმა იხსნა საქართველო მეტად საშიში ბრძოლისაგან. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ, - მორწმუნეებმა, დიდი ღვაწლი გასწიეთ, თქვენმა ლოცვამ დიდი და სასიკეთო შედეგი მოგვიტანა.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩემისა“. აი, ეს არის ქრისტეს გზა და ამ გზით უნდა ვიაროთ!
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა მოგვცეს მტკიცე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება! ღმერთმა მოგვცეს სიყვარული და სასოება!
დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენთან ბრძანდებიან ზედგენიძეების გვარის წარმომადგენლები. ეს უძველესი, საპატივცემულო და მეტად დამსახურებული დიდი გვარია. თუნდაც, გავიხსენოთ, ღვაწლი იოთამ ზედგენიძისა. შევთხოვთ უფალს, დალოცოს ეს გვარი, გაამრავლოს და მიანიჭოს მათ რწმენა, სიყვარული და სასოება! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2007 წ.