„ხშირად უკან გადადგმული ნაბიჯი გამარჯვების ნიშანია“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“. რომ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს წარსულს, ვნახავთ, რომ მრავალი თავდადებული ადამიანი ჰყოლია წარსულში ჩვენს სამშობლოს. ღმერთმა ისეთი მშვენიერი ქვეყანა გვიბოძა, რომლის დაპყრობასაც მუდამ ცდილობდა მტერი. მუდმივი შემოსევებით მტერს სურდა, გადაეტეხა საქართველო ხერხემალში, მაგრამ ვერ შეძლო. რადგან უფალი მუდამ მოავლენდა ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავს დებდნენ სამშობლოს გადასარჩენად.
დღეს არის ხსენება ერთ-ერთი ასეთი ეროვნული გმირისა, ცოტნე დადიანისა. იგი ბრძანდება დიდებული პიროვნება, გამორჩეული, განსაკუთრებული თვისებებით.
ცოტნე დადიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. იმ დროს საქართველოში ბატონობდნენ მონღოლები. მტერმა შეიპყრო ქართველთა ერთი ჯგუფი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ღალატი და შეთქმულების მოწყობა. მონღოლებმა შეიპყრეს ისინი, ხელ-ფეხი შეუკრეს, თაფლი წაუსვეს, რომ მწერები დასეოდნენ და მზეზე დასვეს. აი, ასეთი საშინელი სიკვდილით უნდა დაეხოცათ ქართველები. ამის შესახებ ცოტნე დადიანმა შეიტყო; იგი მივიღა, თავისი ნებით შეიკრა ხელ-ფეხი, წაისვა თაფლი, ქართველებს გვერდში მიუჯდა და თქვა: თუ ამ უდანაშაულო ხალხს სჯით, მეც მათი მეგობარი ვარ და მეც დამსაჯეთო. მონღოლები გაოცდნენ და მისი ხათრით დანარჩენებიც გაუშვეს. ასე გადაარჩინა ცოტნე დადიანმა ეს ადამიანები სიკვდილს და სამშობლო - აოხრებას.
მაგრამ დღეს როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ბრძენი სოლომონი. როდესაც დავით წინასწარმეტყველის მერე, ტახტზე იგი ავიდა, მან ღმერთს შესთხოვა, რომ მისთვის გული გონიერი და სიბრძნე მიეცა. სათნო იყო უფლისთვის ეს თხოვნა და უფალმა მას ყოველივე უხვად უბოძა. წმინდა წერილში წერია: რადგან შენ არ ითხოვე დიდება, სიმდიდრე, ამიტომ მე მოგცემ შენ სიბრძნეს და ამასთან ერთად დიდებას და სიმდიდრეს. და მართლაც უფალმა სოლომონს ისეთი სიბრძნე უბოძა, რომ იგი გახდა მაგალითი არა მარტო თავისი ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
რაში უნდა გამოვლინდეს სიბრძნე მეფისა ან ზოგადად ქვეყნის ხელმძღვანელისა? უპირველყს ყოვლისა, მან ღმერთს უნდა მიანდოს თავისი თავი და თავისი სამშობლო და ყოველდღე უნდა აღავლენდეს ლოცვას, რომ უფალმა მიანიჭოს მას სიბრძნე და გული გონიერი.
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. უნდა ითქვას, რომ უფალმა გვიბოძა ისეთი ქვეყანა, რომელიც მუდამ დაცვას საჭიროებს. როგორ უნდა დავიცვათ სამშობლო? უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სიბრძნით, ჩვენი წინდახედული საქმიანობით. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ჩვენ ფაქტებს უკან მივსდევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს განხილული. ჩვენ კი პირიქით, როდესაც უკვე მოხდება ფაქტი, იმის შემდეგ ვაანალიზებთ, - როგორ მოხდა და რა შედეგები მოჰყვა ამა თუ იმ მოვლენას. ჩვენს ქვეყანას ისეთი რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მუდმივად უნდა მუშაობდეს ცხელ წერტილებზე და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ესა თუ ის პრობლემა, რათა მოვლენებს არ მივსდიოთ უკან, არამედ წინ ვუსწრებდეთ. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალხის განწყობას, ხალხის მხარდაჭერას.
ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, როდესაც მუდმივად გვესმის კრიტიკა. აკრიტიკებენ ყველას და მათ შორის უპირველეს ყოვლისა: სასულიერო პირებს, პატრიარქს, პრეზიდენტს, ხელისუფლებას. ერთმა ბრძენმა ადამიანმა ასეთი აზრი გამოთქვა: „ქვეყანას აღარ ჰყავს ფილოსოფოსები, დარჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები“. გაკრიტიკება ყველაზე ადვილია, როდესაც სხვას აკრიტიკებ, როცა ხედავ ნაკლს სხვა ადამიანისა, მაგრამ დახმარებაა ძნელი.
როგორ უნდა უშველო, როგორ უნდა ამოუდგე მხარში ამა თუ იმ ადამიანს ან ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთო?
ამერიკის ერთ-ერთ პრეზიდენტს, კენედის, ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „თქვენ ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაგიკეთოს თქვენ ამერიკამ, იფიქრეთ იმაზე, თუ თქვენ რა უნდა გაუკეთოთ ამერიკას“. აი, ასეთი კითხვა დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. ჩვენ მუდამ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენმა მთავრობამ თუ ხელისუფლებამ. სამსახური არ გვაქვს - მთავრობაა დამნაშავე, შუქი არ არის - კვლავ მთავრობა... რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ჩვენც უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ჩვენს სამშობლოზე.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა წინდახედული ქმედება. „ადამიანს გააჩნია ორი გონება: მცირე გონება - ჩვენი აზროვნება და დიდი გონება - ჩვენი გული“, - ეს სიტყვები ეკუთვნის დიდ ფიზიოლოგ პავლოვს. გულის პოზიცია და გულის კულტურა ძალიან ძლიერია ქართველ ადამიანში და ძალიან ხშირად ეს გადაიზრდება ხოლმე ემოციებში, მღელვარე გრძნობებში. ხშირად ეს მცირე გონება ვერ ასწრებს, გააკონტროლოს ჩვენი გრძნობები და ჩვენ ვამბობთ ისეთ სიტყვებს, ან ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც ვერც სამშობლოს და ვერც ჩვენ ვერ წაგვადგება. ამიტომ საჭიროა ღრმა აზროვნება. უკვე რამდენიმე წელია ამის შესახებ ვწერ ჩემს ეპისტოლეებში, - საჭიროა, რომ საჯარო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში შევიტანოთ ანალიტიკური აზროვნების საგანი. ეს საგანი უნდა ისწავლებოდეს პირველი კლასიდან და სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ჩვენ მივიღებთ მოაზროვნე თაობას, რომელიც არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელსაც დღეს უშვებს ჩვენი ახალგაზრდობა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა თქვენთან ვისაუბრო, ეხება ჩვენს ჯარს. საქართველოს სჭირდება დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს ჩვენი ხელისუფლებისათვის, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენს მორწმუნეებთან ერთად ტაძარში იდგნენ ხოლმე ჩვენი ჯარისკაცები, რომ ხალხმა შეიყვაროს და გაითავისოს სამხედროები, ისინი ხომ ჩვენი შვილები არიან; და, თავის მხრივ, ჯარმაც გაითავისოს, შეიყვაროს, ის ხალხი, ვისაც იცავს. ვფიქრობ, რომ მომავალში, ალბათ, ასეც იქნება და ამ წმინდა ტაძრებში ჩვენ მორწმუნე ხალხთან ერთად იქნებიან ჯარისკაცებიც.
ამჟამად მიდის ძალიან დიდი მუშაობა ჯარის წვრთნაზე. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ქვეყანას ეყოლება კარგად გაწვრთნილი ჯარი. მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი არის სიბრძნე. არ უნდა მივიდეს საქმე იქამდე, რომ იარაღი იქნას გამოყენებული. ჯარი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენი სიბრძნე წინ უნდა უსწრებდეს მოვლენებს და არ უნდა დავუშვათ, რომ სამშობლოს დასაცავად საჭირო გახდეს იარაღი. იმედი მაქვს, რომ ქართველი კაცი, ჩვენი ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას.
ძველად ამბობდნენ, ხშირად უკან გადადგმული ნაბიჯი გამარჯვებას ნიშნავსო. ვილოცოთ სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ვილოცოთ იმისათვის, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2007 წ.