სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის 4 დიდი წმინდანის ხსენების დღე: საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის, რომელმაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა და ასევე - საქართველოს ეკლესიის პირველი კათალიკოსის პეტრესა და მეორე კათალიკოს - სამუელისა. მათი ლოცვა და მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
მოგეხსენებათ, ქრისტეს პირველმა მოციქულმა - წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა საქართველოში.
დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ ამ ოთხი წმინდანის ლოცვა შეეწიოს საქართველოს, რათა ჩვენს ქვეყანაში სუფევდეს მშვიდობა და კეთილდღეობა.
მეტად მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ დღეს საქართველოში იმყოფება, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი, ქალბატონი მონსერატ კაბალიე. იგი გუშინ ჩამობრძანდა და დღეს ჩვენთან ერთად ამ წმინდა ტაძარში იმყოფება. მინდა, რომ თითოეული თქვენგანის სახელით, ჩვენი ეკლესიისა და სამღვდელოების სახელით მივესალმო მას და ვუსურვო ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე.
ღმერთმა დაგლოცოთ, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2007 წ.