უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გერგეტობის დღესასწაულზე

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, 16 ივლისი, 2007 წელი

„ადამიანი ვერასდროს ჩაწვდება ღვთის არსს და ასევე ვერასდროს ახსნის, რა არის სიყვარული!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის საოცარი დღე. ჩვენ ვდღესასწაულობთ ორ დღესასწაულს - წმინდა სამების სიყვარულის დღესა და ათენგენობის დღესასწაულს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს დამთხვეოდეს და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ წყალობა ღვთისა დიდია საქართველოზე და ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსნი ამ წყალობისა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულიყო ყოვლადწმინდა სამების კიდევ ერთი დღესასწაული - სიყვარულის დღე. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი არის სიყვარული!“ ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს და ყოველი ადამიანი უნდა იყოს ღვთის მოსავი.

ასე დაწესდა წმინდა სამების კიდევ ერთი სადიდებელი დღესასწაული. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული. ადამიანი ვერასდროს ჩაწვდება ღვთის არსს და ასევე ვერასდროს ახსნის რა არის სიყვარული. ერთი მეცნიერი ამბობს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ მისი კვალი, რომელიც გამოვლინდა ბუნებაში“. და მართლაც, ყველაფერში ვლინდება, რომ ღმერთი არის სიყვარული. ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება ადამიანებს შორის და ზოგადად დედამიწაზე. ამაზე გვმართებს დაფიქრება. ადამიანი უნდა დაუკვირდეს თავის თავს და განსაჯოს არის თუ არა იგი ტაძარი სულისა წმინდისა, ტაძარი სიყვარულისა, არის თუ არა სიყვარული ადამიანში. თუკი ადამიანი მუდამ ამაზე ფიქრობს, იგი ცხონების გზაზე დგას და ასეთ შემთხვევაში მის გარშემო მრავალი ადამიანი ცხონდება. მაშასადამე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მატარებელი მადლისა სულისა წმინდისა. მადლი სლისა წმინდისა კი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

დღეს ჩვენ მოვედით ამ წმინდა ტაძარში, რომ ვეზიაროთ სულიწმინდის მადლს და კიდევ ერთხელ თაყვანი ვსცეთ უფალს, რომელიც წყალობს საქართველოს. ჩვენ არ ვიმსახურებთ ღვთის წყალობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალი მაინც წყალობს ჩვენს ქვეყანას და თითოეუღ ჩვენგანს, მიუხედავად ჩვენი მრავალი შეცდომისა თუ შეცოდებისა. დღეს ყოველმა ჩვენგანმა ღრმად უნღა ჩაიხედოს თავის გულში და უნდა დაინახოს, რა არის მასში ჩაბუდებული - სიკეთე თუ ბოროტება? განიცდის თუ არა ადამიანი თავის ცოდვებს? როგორც ამბობს ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ბედნიერია ადამიანი, თუ მასში არის ეს განცდა და ამასთან, არ არის განკითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დგას განწმენდის გზაზე. ასეთი ადამიანის სულიერი სამყარო ცარიელი არ დარჩება, მას შეავსებს მადლი სულისა წმინდისა.

დღეს ჩვენ სავსე ვართ ამ ძალით, სავსე ვართ მადლითა ღვთისათა და დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

დღეს ასევე არის ათენგენობა. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ათენგენობა. ეს არის წმინდა მღვდელმოწამე ათინოგენეს დღესასწაული. შეგვეწიოთ მისი ლოცვა. ჩვენი წინაპრებს დიდად სწამდათ მისი და დიდ პატივს მიაგებდნენ ამ დღესასწაულს. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენი წინაპრები ამ დღეს არ ასულიყვნენ ათინოგენეს ნიშთან, სადაც ეს დღესასწაული აღინიშნებოდა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ორივე დღესასწაულს. საოცარი დამთხვევაა, რომ სწორედ დღეს აქ დაარსდება 2 სასწავლო დაწესებულება: ერთი - ქართული საგალობლისა და ხალხური სიმღერის სასწავლებელი და მეორე - საოქრომჭედლო სასწავლებელი. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ საქართველო ღვთის მადლით, წინ მიიწევს - გაბრწყინებისკენ და ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორ დააღწიოს თავი იმ სირთულეებს, რომელშიც იმყოფება ადამიანი. როცა ჩვენ აქ წამოსასვლელად ვემზადებოდით, ვფიქრობდით, თუ რომელი ხატი შემოგვეწირა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ წმინდა სამების ტაძარს შემოვწიროთ ეს უნიკალური ხატი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ეს არის - ძალიან ძვირფასი ხატი, რომელიც მოსკოვიდან გამომიგზავნეს. ხატი შესრულებულია ვერცხლში და შემკულია მინანქრებით. მინდა, რომ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ეს წმინდა ხატი დაბრძანებული იყოს გერგეტის წმინდა სამების ტაძარში.

შეგეწიოთ ამ ხატის მადლი თქვენ და სრულიად საქართველოს! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2007 წ.