„ჩვენს შვილებს, უპირველეს ყოვლისა, მადლის მოპოვება უნდა ვასწავლოთ“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ამქვეყნად ყველაფერი ცვალებადია: იცვლება დრო, იცვლება ბუნება, იცვლება თვითონ ადამიანი. ძველმა რომაელებმა ეს აზრი შემდეგი სიტყვებით გამოთქვეს: „Tempo re mutantur, etnos mutamur in ilis“ „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. დრონი კი იცვლებიან, მაგრამ როგორ ვიცვლებით ჩვენ - საით მივდივართ, სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ? აი, ეს არის მთავარი.
შვილებსა და მშობლებს მორის უთანხმოების პრობლემა მუდამ იდგა. თქვენ იცით, არაერთი წიგნი დაწერილა ამის შესახებ. განსხვავებული თაობები, მამები და შვილები მუდმივ კამათში იყვნენ და არიან. ხშირად მშობლებს არ ესმით შვილების, შვილებს კი - მშობლების, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მცირე განსხვავებაა დროში მათ შორის. მაგრამ ეს დროც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი შეიცვალოს. ეს არის საოცარი პროცესი: ყველაფერი იცვლება და ადამიანის აზროვნებაც იცვლება. მაგალითისთვის, ავიღოთ ჩვენი მშობლები, გავიხსენოთ ჩვენი წინაპრები. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ ისეთ სულიერ მდგომარეობას, როგორშიც იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი, ან ზოგადად კაცობრიობა.
ცოდვა არსებობს მას შემდეგ, რაც ადამი და ევა განიდევნენ ედემის ბაღიდან, მაგრამ ცოდვას ერქვა ცოდვა. ადრე ადამიანი არ ურიგდებოდა ცოდვას, წარმართებიც კი გრძნობდნენ, რომ სცოდავდნენ. სწორედ იმიტომ არსებობდა ძველი ჩვეულებები, რაც ნაკარნახევი იყო ადამიანის ბუნების ცოდვებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. წარმართები მიდიოდნენ ზღვასთან და აღსარებას ტალღებს ეუბნებოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ზღვის ტალღები წაიღებდა მათს ცოდვებს. იუდეველები პირუტყვზე - ცხვარზე ან თხაზე დაადებდნენ ხოლმე ხელს და ცოდვებს იტყოდნენ, შემდეგ ამ ცხოველს უდაბნოში უშვებდნენ. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადრეულ საუკუნეებში ადამიანებს ჰქონდათ ცოდვის ხედვა და ამიტომ ეს იმდენად საშიში არ იყო, როგორც, მაგალითისთვის, დღეს, როდესაც ადამიანს ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია და ფიქრობს, რომ იგი არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. ასეთი აზროვნება არის დამღუპველი. მჯერა, რომ ღვთის მადლით მას არასდროს გაიზიარებს ჩვენი ხალხი!
მოგეხსენებათ, ქართველი ერი და ჩვენი ქვეყანა მუდამ განსაცდელშია, მუდამ გამოცდას აბარებს. ასე იმიტომ ხდება, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მისი მეოხებით ქართველი ადამიანი უფრო მეტად გრძნობს, რა არის ცოდვა-მადლი. ქართველი ადამიანი ყოველთვის გრძნობდა, რომ მადლი არის ყველაზე დიდი საუნჯე. გაგახსენებთ ადრე თქმულს, ერთმა მოხუცმა ებრაელმა ასეთი დარისაება წარმოთქვა: „შენ, შეიძლება დაკარგო სიმდიდრე, შეიძლება, დაკარგო ფული - მაგრამ შეგიძლია ჩათვალო, რომ არც არაფერი დაგიკარგავს, თუ დაკარგე ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი დარჩი, ასატანია; მაგრამ თუკი დაკარგე მადლი და სიყვარული ღვთისა - შენ ყველაფერი დაგიკარგავს“.
ქართველი ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, მოეპოვებინა მადლი. ხომ გახსოვთ, სახარებაში წერია: „სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ღმერთმა ინებოს, ჩვენც მადლი მოვიპოვოთ და ეს იყო ჩვენთვის ჭეშმარიტი საუნჯე!
დღეს არის ხსენება წმინდა ბარბარესი, რომელიც ურწმუნო მამის მფარველობის ქვეშ აღიზარდა, მაგრამ მადლი მივიდა მასთან და იგი ქრისტესთვის ეწამა. მისი მტარვალი კი, თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, მისი მშობელი მამა იყო, რომელიც შემდეგ მეხმა მოკლა, - ცოდვა დაიუსჯელი არ რჩება.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვადიდებთ წმინდა ბარბარეს, იმიტომ რომ წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისინი ქრისტიანული სულისკვეთებით. უნდა ვიცოდეთ, რომ საკმარისი არ არის, ინგლისური ენის ან კიდევ სხვა ენების ცოდნა, საჭიროა, ადამიანი ატარებს მადლს. ჩვენს შვილებს, უპირველეს ყოვლისა, მადლის მოპოვება უნდა ვასწავლოთ. მადლი მოიპოვება სულიერი შრომით: ლოცვით, ზიარებით, მარხვით და იგი ანიჭებს ადამიანს სულიერ ძალას.
ჩვენს ოჯახში ასეთი წესი გვქონდა: საღამოს ბავშვები ისე არ დავიძინებდით, რომ მშობლებთან ერთად ძილის წინ სათქმელი ლოცვა არ წაგვეკითხა და მამას ჩვენთვის ნაკურთხი წყალი არ ესხურებინა. და მიუხედავად იმისა, რომ ძილის წინ ლოცვებში არ არის 90-ე ფსალმუნი, მამა დამატებით ზეპირად გვათქვმევინებდა ამ ლოცვას. თქვენ იცით, ეს ფსალმუნი იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ყველამ უნდა იქონიოთ ხატების კუთხე, სადაც უნდა ენთოს კანდელი. ლოცვის დროს სანთელიც უნდა დაანთოთ, უნდა დააყენოთ თქვენი შვილები თუ შვილიშვილები და უნდა წაუკითხოთ ლოცვები.
ჩვენს ოჯახში ხატების კუთხეში გვქონდა საქართველოს დადების ხატი. ეს უძლიერესი და უდიდესი ქართული ხატია. თქვენ იცით ეს ხატი, მასზე ყველა ქართველი წმინდანია გამოსახული. ოჯახში ძილის წინა ლოცვებს რომ დავამთავრებდით, რამდენი წმინდანიც არის გამოსახული ამ ხატზე, მამაჩემი იმდენჯერ იყრიდა მუხლს მათ წინაშე. სწორედ მისი ლოცვებით ვარ მე დღეს ის, ვინც ვარ.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მოგიწოდოთ, განსაკუთრებით იფიქროთ შვილებზე. ცოდნას აძლევს სკოლა, მაგრამ რწმენას და აღზრდას - არავინ. წესით, აღზრდას უნდა აძლევდეს მშობელი, მაგრამ მშობელი დღეს სახლში არ არის.
თქვენ იცით, ძალიან იკლო შობადობამ ქართველ ხალხში. მეცნიერები ამბობენ, სტატისტიკით დღეს სიკვდილიანობა უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე შობადობა. ახალგაზრდები დღეს კმაყოფილდებიან იმით, რომ ჰყავთ ერთი ან ორი შვილი და მეტი აღარ უნდათ. ეს ძალიან საშიშია თვითონ მშობლებისათვის, იმიტომ რომ თუკი ინება უფალმა და ის ერთი შვილი გაიყვანა იმქვეყნად, - მშობელი სულ მარტო რჩება.
ქართველებმა დღეს უნდა ვიფიქროთ 3, 5, 7 შვილზე.
მინდა ასევე ვთქვა, რომ მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ აბორტი არის შვილის კვლა. რამდენ აბორტსაც იკეთებს ქალი, იმდენ შვილს კლავს! ეს უდიდესი ცოდვაა, რომელიც ყველას მოეკითხება!
წმინდა ბარბარეს ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
წმინდა ბარბარეს და წმინდა იოანე დამასკელის ლოცვა-კურთხევით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამრავლოს ქართველი ერი და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა თქვენ და საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2007 წ.