უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება შენდობის წესზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 თებერვალი, 2007 წელი

„სამღვდელოება მოსამართლეებად და ხალხის დასასჯელად კი არ
დაგვადგინა ღმერთმა, არამედ ადამიანების საშველად, მათ დასახმარებლად“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ მართლაც, დიდია უფალი, მიუწვდომელია მისი წყალობა, მისი განგება და საკვირველია მისი საქმენი და საკვირველია ადამიანი, როგორც გვირგვინი ღვთის ქმნილებისა.

ყოველი ადამიანი დგას სულიერ კიბეზე, რომელიც აღმართულია ქვესკნელიდან ზეცისკენ და ყოველი ადამიანი უნდა ავიდეს სასუფეველში, გახდეს მკვიდრი მისი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არის ცოდვები, რომელიც არ აძლევს ადამიანს უფლებას, მოიპოვოს მარადიული ნეტარება. საერთოდ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი - „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოღოს“. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობა და სიყვარული უფლისა აღემატება ყოველგვარ ცოდვას, თუ ადამიანში არის „განცდაი თვისთა ცოდვათა“. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ეს არის პირველი და მთავარი პირობა, რომ ადამიანი გახდეს მკვიდრი სასუფევლისა, დაიმსახუროს წყალობა ღვთისა.

მახსენდება ერთი დიდი მოძღვარი, რომელიც ცხოვრობდა სენაკში, ეს გახლდათ მამა შიო ძიძავა. მახსოვს მისი მოძღვარიც - მამა კონსტანტინე ქვარაია, ასევე სხვა ძველი მოძღვრები. როგორი მოწყალებით ხვდებოდნენ ისინი ყოველ ადამიანს, რომელიც სინანულით მიდიოდა მათთან! მამა შიო ძიძავა განსაკუთრებით თავმდაბალი და განსაკუთრებით მოწყალე ადამიანი იყო. ამან განაპირობა ის, რომ სრულიად ახალგაზრდამ, ჯერ კიდევ იღუმენობისას, იგი მოძღვრად ავირჩიე. ის იყო ჩემი მოძღვარი მღვდელმთავრობაშიც. საოცარი გახლდათ მისი მოწყალება, მისი სიყვარული და სულიერი სიმაღლე. ამას იმიტომ გიამბობთ, რომ დღეს აქ შენდობის მისაღებად შეკრებილია თითქმის მთელი თბილისის სამღვდელოება და მინდა გითხრათ თუ რამდენად მოწყალე უნდა ვიყოთ ჩვენ, სასულიერო პირები, ადამიანების მიმართ. სამღვდელოება მოსამართლეებად და ხალხის დასასჯელად კი არ დაგვადგინა ღმერთმა, არამედ ადამიანების საშველად, მათ დასახმარებლად.

მინდა გიამბოთ ჩემს მოძღვარზე, მამა შიოზე. ამ დიდ ადამიანს ასეთი საოცარი თვისება ჰქონდა: როცა იგი ხედავდა, რომ ძალიან მაწუხებღა რომელიმე ცოდვა, მომეხვეოდა ხოლმე და მეტყოდა: „უფალი ღმერთი მოწყალეა, მეც მქონია ასეთი ცოდვა, ნუ გეშინია!“ აი, ასე მანუგეშებდა.

საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხის მიმართ. ბათუმის ეპარქიის მღვდელმთავრობისას მამა შიო სენაკიდან ჩვენთან, ბათუმში ჩამოდიოდა, კარღია ცხოვრობდა, რადგან ფიქრობდა, იქნებ ვინმე გაჭირვებული შევიდეს და ღამე გაათიოსო. ერთხელ, როდესაც მამა შიო შინ არ იყო, მასთან მეზობელი ქალი მესულა, მისი ჯვრის ჯაჭვი მოსწონებია და ნახევარი მოუწყვეტია. მამა შიომ ის მეორე ნახევარიც მოხსნა თავისი სამღვდელო ჯვარს და იმ ქალს მიუტანა: ეს ჯაჭვი, ალბათ, შენ უფრო გჭირდებაო. თავად კი შავ ზონარზე დაჰკიდა თავისი ჯვარი და ისე ჩამოვიდა ბათუმში.

მახსენდება, როცა იგი უკვე მწოლიარე ავადმყოფი იყო. (მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდით) იგი ლოგინიდან ადგა, წამოიყოლა ორი ადამიანი და ჩამოვიდა სოხუმში. ძალიან გამიკვირდა, ასეთი მძიმე ავადმყოფი სოხუმში რატომ ჩამოვიდა-მეთქი; აღდგომის წინა ოთხშაბათი იდგა. მამა შიოს ახსოვდა, რომ ამ დღეს მე აუცილებლად ვამბობდი აღსარებას, თავად მოვიდა და მითხრა: „აბა, მეუფეო, მოემზადე აღსარებისათვის“. აი, ასეთი დიდი მოძღვარი იყო და ასეთი მოწყალე!

ამის შემღეგ სულ ერთი კვირა გავიდა და ლოგინად ჩავარდა. იგი უგონოდ იყო და იძახდა: „მეუფეო, მეუფეო!“ სახელს არ ამბობდა, მაგრამ იფიქრეს, რომ მე მეძახდა, ამიტომ დები შუშანიები სოხუმში ჩამოვიდნენ და მითხრეს: უგონოდაა და შენ გიხმობსო. მაშინვე მოვემზადე და მასთან წავედი, თან წავიღე წმინდა ზიარება.

მამა შიოს მოძღვარი, როგორც გითხარით, იყო მამა კონსტანტინე ქვარაია. რომ მივედი, მამა შიო, თითქმის ვეღარ მცნობდა, მაგრამ თანდათან გამოვიდა მდგომარეობიღან. მამა კონსტანტინე ქვარაიასთან გავაგზავნე, რომ სასწრაფოდ ჩამოსულოყო და ეზიარებინა მამა შიო. მამა კონსტანტინეს არ ეგონა, რომ ასე მძიმედ იყო იგი და იფიქრა, რამდენიმე დღის შემდეგ აზიარებდა. ამიტომ მე შევედი მამა შიოსთან და ვუთხარი, თუ გინდა, მე თვითონ გაზიარებ-მეთქი. გაუხარდა: მინდაო. ჩქარა მაზიარეო. აღსარებისას ისეთი ძლიერი წუხილი ჰქონდა, რომ მეგონა, ლოცვების დროს გარდაიცვლებოდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი აიტანა. ეზიარა და მოხდა სასწაული - ავადმყოფობამ გაუარა და იგი სრულიად დამშვიდდა, თითქოს აღარაფერი სტკიოდა. მე მის გვერდით ჩამოვჯექი, სულ მთლად გაოფლილი: მეშინოდა, რომ არ გარდაცვლილიყო. უეცრად მან ხელი დამადო და მითხრა: „პატრიარქო, ჩემო პატრიარქო!“ მან ჩემი პატრიარქობა იწინასწარმეტყველა. მას უკვე ჰქონდა წინასწარმეტყველების უნარი.

დღეს მინდა მივმართო ჩვენს მოძღვრებს: თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ, დიდ ღვაწლს ეწევით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეკლესიაში მოსული ხალხი წარსულში არაეკლესიური იყო; შესაძლოა, მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ საეკლესიო წესები არ იცოდნენ. ამიტომ გამოიჩინეთ მეტი მოწყალება, მეტი მოთმინება და ღმერთი თქვენ მიმართაც მოწყალებას გამოიჩენს.

ცოდვა - ეს არის ხორცმეტი ჩვენს სულიერ სხეულზე. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ“. და ჩვენ რაღა გვეთქმის? ცოდვა გვამძიმებს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დასძლევს თავის ნაკლოვანებებს. ადამიანის მთელი ცხოვრება არის მუდმივი ბრძოლა ვნებებთან, თავის ამპარტავნებასთან, ზოგადად, თავის ცოდვებთან. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ცოდვა გვერევა და გვძლევს, მაგრამ არ უნდა დავტკბეთ ცოდვით, არასდროს არ უნდა შევურიგდეთ მას! და უნდა გვძულღეს იგი, რადგან სულს გვიღუპავს, მაგრამ არსებობს სინანული, არსებობს აღსარება, არსებობს ცოდვათა შენდობა და წმინდა ზიარება. ეს არის გზა ცხონებისაკენ! წმინდა მამები ამბობდნენ: რომ არ ყოფილიყო აღსარება და ზიარება, ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. სწორედ ამიტომ გვმართებს ძალიან დიდი მოწყალება. ხშირი შემთხვევაა, როცა მოძღვარი ვინმეს წმინდა ზიარების მიღებას უკრძალავს. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის უნდა აიღოთ ლოცვა-კურთხევა თქვენი მღვდელმთავრისაგან. ეს ძალიან მძიმე სასჯელია. თუ მღვდელმთავარი მოგცემთ ამ ლოცვა-კურთხევას, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აეკრძალოს ადამიანს წმინდა ზიარება. ერთი მოძღვარი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება ტიროდა იმის გამო, რომ ერთ ადამიანს ზიარება აუკრძალა და იგი უეცრად უზიარებელი, უმძიმეს მდგომარეობაში გარდაიცვალა. მოძღვარი ძლიერ წუხდა - გარდაცვლილის ცოდვა მძიმედ დააწვა.

ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. დღეს ავრცელებენ ყალბ შეხედულებას, თითქოს ცოდვა არ არის ცოდვა, თითქოს ბოროტება ცოდვა არ არის. ცოდვა ადრეც არსებობდა, მაგრამ ადამიანი სინანულში იყო, მას ჰქონდა „განცდაი თვისთა ცოდვათა“. ახლა კი ჩვენ ყოველდღე გვეუბნებიან ტელეეკრანებიდან, პუბლიკაციებიდან თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ თთქოს ცოდვა არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. სინამდვილეში ეს არის ბოროტება, ეს არის ბოროტმოქმედება. აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, - ცოდვამ არ უნდა დაგვძლიოს!

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმეა ჯვარი ადამიანისა და მით უმეტეს ჯვარი პატრიარქისა. თქვენ ხედავთ საზეიმო წირვა-ლოცვას და ვერ ხედავთ იმ სიმძიმეს, რომელიც აწევს პატრიარქს. ამიტომაც არის, რომ ყოველდღე, ღვთისმსახურებაზე მოიხსენიება სახელი მღვდელმთავრისა, პატრიარქისა. წმინდა მამები ამბობენ, რომ მღვდელმთავრობა არის ყოველდღიური მოწამეობა. მე რომ ჩემს წარსულს ვუყურებ. ვხედავ, რომ ყოველდღიური მოწამეობა მქონდა და მაქვს ჩემი პატრიარქობის 30 წლის განმავლობაში. ღვთის მადლი და სიყვარული და თქვენი სიყვარული და თანადგომა რომ არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა ამ ჯვარს!

მე ვარ პირველი ცოღვილთა შორის. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ყოველი ცოდვა მახასიათებს - ან საქმით, ან სიტყვით, ან გონებით და დამძიმებული ვარ ცოდვებით, მაგრამ ღვთის მადლის იმედი მაქვს და ასევე - თქვენი ლოცვების.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი და ღმერთმა მოგვცეს ჩვენ „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა“ - რადგან ეს არის ერთადერთო გზა ცხონებისა!

თქვენ იცით, რომ შენდობის კვირა არის წელიწადში ერთადერთი დღე, როდესაც ჩვენ, ყველანი, ვალდებული ვართ, შევურიგდეთ ერთმანეთს და უფალს შენდობა შევთხოვოთ. ამ წმინდა დღეს მე მუხლმოყრილი გთხოვთ: შემინდეთ ჩემი ცოდვები! და ღმერთმა შეგინდოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა ყოველი შეცოდებანი თქვენნი - ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგინდოთ და ღმერთმა მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და მთელ ქვეყანას!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7, 2007 წ.