„ჩვენ ვერ ვაფასებთ დროს და ხშირად დღეს გასაკეთებელ საქმეს მომავლისთვის ვინახავთ“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
საღმრთო წერილში ვკითხულობთ: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. ხშირად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა არის საუნჯე ქართველი ერისა. წმინდა ილია მართალმა ქართველი ერის სულიერი საუნჯე სამ სიტყვაში გამოთქვა: მამული, ენა, სარწმუნოება. ძირითადად, ამას იცავდა საუკუნეების განმავლობაში ქართველი ადამიანი.
დღეს ჩვენ განსაკუთრებული სიხარული მოგვანიჭა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ. მან გელათის საგანძურიდან ჩამოაბრძანა წმინდა ნაწილები, რომელიც ახლა შუა ტაძარში ანალოღიაზეა დაბრძანებული და თქვენ საშუალება გეძლევათ, თაყვანი სცეთ მათ და შესთხოვოთ თქვენი სათხოვარი. უნდა იცოდეთ, რომ მრავალი სასწაული აღსრულებულა უკვე მათგან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც მათ რწმენით, სიყვარულითა და სასოებით მიეახლება, აუცილებლად მიიღებს ნუგეშს. ამ ხატზე არის დამაგრებული წმინდა ნაწილები წმინდა მოციქულ თომასი, წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა, წმინდა თეოდორე ტირონისა, წმინდა გიორგისა, წმინდა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდათა სამსონისა, ბენედიქტესი, თეოქტისტესი, ემელიანესი და მრავალი სხვა.
მადლობა ღმერთს, რომ საშუალება გვეძლევა, თაყვანი ვცეთ ამ სიწმინდეებს. საღამომდე ეს წმინდა ნაწილები აქ იქნება დასვენებული და შეძლებთ, მიხვიდეთ და ემთხვიოთ მათ.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველო მდიდარია წმინდანებით, წმინდა ნაწილებით და საზოგადოდ სიწმინდეებით. როდესაც ჯალალედინი შემოესია საქართველოს და თბილისი დაიპყრო, მხოლოდ იმ ერთ დღეს ეწამა ასი ათასზე მეტი ქართველი. ყველა ეს ადამიანი წმიდანია და ისინი ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის.
საქართველოს მიწა გაჟღენთილია მოწამეთა სისხლით. მრავალი წმინდა ნაწილია დაბრძანებული ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მდიდარი ვართ ამით. ვფიქრობ, არცერთი ქვეყანა არ არის ისე მდიდარი სიწმინდეებით, როგორც საქართველო. როდესაც ქართველი მეფენი, დიდებულები, სასულიერო პირნი - კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი თუ უბრალო ბერნი უცხოეთში მიდიოდნენ, მათ, უპირველეს ყოვლისა საქართველოში სიწმინდეები ჩამოჰქონდათ.
თქვენ გახსოვთ, როდესაც წმინდა დავით გარეჯელი წავიდა იერუსალიმში, მან ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ შესულიყო წმინდა ქალაქში, აიღო სამი ქვა და წამოიღო საქართვეოში. და ეს მან ისეთი სიმდაბლითა და რწმენით გააკეთა, რომ მთელი იერუსალიმის მადლი თან წამოიყოლა. და ჩვენება ჰქონდა იერუსალიმის პატრიარქს: საქართველოდან ჩამოსულ ბერს მთელი მადლი მიაქვს იერუსალიმიდანო. პატრიარქმა ბერს ხალხი დაადევნა და სიწმინდეების გამორთმევა უბრძანა; და როდესაც მას სამი ქვის მეტი არა უპოვეს რა, მიხვდნენ და ორი ქვა გამოართვეს და მარტო ერთი გამოატანეს. ეს ქვა დიდი მადლისა და წყალობის მატარებელია და იგი, ღვთის მადლით, საქართველოში ინახება.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, საქართველოში დაევანა ისეთ დიდ სიწმინდეებს, როგორიცაა მაცხოვრის კვართი, ღვთისმშობლის შესამოსელი, უფლის სამსჭვალი, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი და მრავალი სხვა. თქვენ გახსოვთ ისტორიიდან, რომ ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოგზავნა ორი სამსჭვალი, რომლითაც ჯვარზე გაკრული იყო მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხელები. დღეს ერთი სამსჭვალი საპატრიარქოში ინახება, მეორე კი საქართველოს აღარ ეკუთვნის - წაღებულია მოსკოვში, კრემლის მუზეუმში...
დღეს მინდა თქვენი ყურადრება ერთ საკითხზე მივაპყრო: დღეს ხშირად ამბობენ, რომ საჭიროა ცივილიზაციათა და კულტურათა დიალოგი, საჭიროა შეხვედრები და საუბრები. უნდა ითქვას, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ასეთ შეხვედრებზე, მაგრამ, ამავე დროს, ქართველი ადამიანი ძალიან კარგად არჩევს, რა არის მისთვის საჭირო, რა არის მისი სულიერი, ეროვნული თუ კულტურული ფასეულობა. ქართველმა კაცმა ძალიან კარგად იცის, თუ რამ გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი. ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ტაძრები და მონასტრები, ეს არის ჩვენი წმინდა მამები, ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ხელოვნება, არქიტექტურა, - ყოველივე ეს ჩვენი საუნჯეა.
ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა, რომელიც არ არის განმტკიცებული ეროვნულ ნიადაგზე, ვერ აფასებს საკუთარ სულიერ საუნჯეს. ასეთი ახალგაზრდები უცხოეთში რომ მიდიან, - ავიწყდებათ მშობლიური კულტურა, ენა, ლიტერატურა და სულ სხვა ადამიანებად ყალიბდებიან. ასე ხდება ქართველი კაცის გადაჯიშება. ამაზე უნდა ვიფიქროთ. უპირველესად, ამაზე უნდა იფიქროს ოჯახმა, ჩვენმა ეკლესიამ, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის სულიერი განძი, რამაც გადაგვარჩინა. თუ ჩვენ ეს დავკარგეთ, ჩვენში ყველაფერი დაიკარგება.
გავიხსენოთ, რამ გადაარჩინა ფერეიდნელი ქართველები? დღეს აქ ბრძანდებიან ფერეიდნიდან ჩამოსული ქართველეი. ისინი 400 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში მონობაში იმყოფებიან. ისინი ირანში სპარსელებმა 400 წლის წინ წაასხეს და ფერეიდანში დაასახლეს. მაგრამ მათ დღჱმდე შეინარჩუნეს ქართველობა. ისინი ენამ გადაარჩინა, - დღესაც ოჯახებში ქართულ ენაზე ლაპარაკობენ და სწორედ ამან იხსნა ისინი. ღვთის მადლით მათში კვლავ იღვიძებს ჩვენი ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოება.
ან რამ გადაარჩინა თურქეთში მცხოვრები ქართველები? ისევ ღვთის წყალობამ, ღვთის მადლმა და ენამ! აი, რა არის ჩვენი სულიერი საუნჯე და რას უნდა მოვიფრთხილდეთ!
დღეს მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს. მოსმენის კულტურა არის ერთ-ერთი სახეობა კულტურისა. ყველას როდი გააჩნია იგი. ბევრს სხვისი მოსმენა არ შეუძლია, მხოლოდ თვითონ ლაპარაკობს, სხვას ახვევს თავზე საკუთარ იდეებსა და აზრებს და არ უსმენს მოსაუბრეს. ადამიანს უნდა გააჩნდეს მოსმენის კულტურა და უნდა აცადოს სხვა ადამიანს, გამოთქვას თავისი აზრი და შემდეგ უნდა თქვას თავისი სათქმელი... ეს აუცილებლად უნდა ახსოვდეს ყველას.
ერთ დიდად განათლებულ კაცს ჰკითხეს: რა არის ქვეყნად ყველაზე საშიშიო, და მან უპასუხა: კატეგორიული აზროვნებაო. ადამიანის აზროვნების კატეგორიულობა გულისხმობს, რომ მართებულია მხოლოდ ის, რასაც თავად ფიქრობს და არ შეუძლია მიიღოს და გაიზიაროს სხვისი მოსაზრება. კატეგორიული აზროვნება ძალიან საშიშია. მოსმენის კულტურა უშუალო კავშირშია კატეგორიულ აზროვნებასთან. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე: - გვაქვს თუ არა მოსმენის კულტურა და ხომ არ ვართ კატეგორიულები. ამის შესახებ უნდა გვახსოვდეს ჩვენც და უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.
ჩვენთვის ასევე კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი არსებობს. ეს არის სწრაფი რეაგირების კულტურა. ჩვენ ვერ ვაფასებთ დროს და ხშირად დღეს გასაკეთებელ საქმეს მომავალისთვის ვინახავთ. და ვიგვიანებთ არა მარტო საათებით, არამედ დღეებითა და წლებით. ამიტომ საქმე, რომელიც უნდა გაკეთებულოყო დღეს, კეთდება დიდი დაგვიანებით. ქართული ხასიათის ეს თვისება ძალიან გვიფუჭებს საქმეს.
წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დღეს უნდა აშენებულიყო, დღეს იყო საჭირო მისი აშენება, იმიტომ რომ მისი სახით უფალმა ააშენა ჩვენი სულიერი ტაძარი, ჩვენს გულში აშენდა იგი. და დღეს ქართველო ადამიანი ამაყობს იმით, რომ ამ ურთულეს პერიოდში საქართველომ შესძლო ამისი გაკეთება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ბევრი დიდი საქმეების გაკეთებაც შეუძლია ქართველ ადამიანს.
აუცილებლად საჭიროა ღრმა ანალიტიკური აზროვნება. ადამიანმა წინასწარ ანალიზი უნდა გაუკეთოს იმ საქმეს, რომელიც მომავალში უნდა გაკეთდეს. ჩვენ ხშირად ჯერ ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ და ვაანალიზებთ. სინამდვილეში კი პირიქით უნდა ხდებოდეს. ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია. ეს გადაგვარჩენს ჩვენ და დაგვიცავს მრავალი საფრთხისაგან, რომელიც შეიძლუბა დაუფიქრებლობით მოვიწიოთ თავს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სკოლაში აუცილებელია ამის სწავლება. როდესაც სკოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამებზე და რაღაც მეორეხარისხოვანზე, მაგრამ უმთავრესი კი, აღზრდაა. და ის, რაც უმთავრესია - გვავიწყდება.
ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ ღრმა აზროვნება. როდესაც ბავშვს საჭირო და აუცილებელ თვისებებს შევძენთ, შემდეგ იგი თავად ისწავლის და მიიღებს კარგ განათლებას. და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენ უკვე გვეყოლუბა ღრმად მოაზროვნე, ფილოსოფიურად და ანალიტიკურად მოაზროვნე ახალგაზრდობა. და ეს ახალგაზრდობა, რომელოც მთელი 12 წლის განმავლობაში მიეჩვევა ღრმა ანალიტიკურ თუ განყენებულ აზროვნებას, ის აღარ დაუშვებს იმ შეცდომებს, რასაც უშვებს ჩვენი ახალგაზრდობა დღეს. ასე რომ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი, ღვთის მადლით, აუცილებლად შესძლებს ამის გაკეთებას.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ტაძარი არის ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტი, ეს არის ჩვენი გამოსახულება; აი, როგორიც ეს ტაძარია, ასეთაა ქართველი ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბევრი დიდი საქმის გაკეთება შეუძლია ქართველი კაცს და ვფიქრობ, რომ საჭიროა ერთსულოვნება, ერთსულოვნება ერსა და ბერს შორის, მთავრობასა და ეკლესიას შორის, ხალხის ერთსულოვნება. მაგრამ ეს ერთსულოვნება უნდა იყოს გაანილიზირებული და იგი აუცილებლად სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს - ამ წმინდა ნაწილების ჩამობრძანებას თბილისში. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უფალი ძალიან ახლოსაა ჩვენთან. მინდა კიდევ ერთხლ მადლობა ვუთხრა მეუფე კალისტრატეს, ასეთი დღესასწაული რომ მოგვიწყო. და ჩვენგან მინდა მას საჩუქრად გადავცე ძვირფასი პანაღია. ღმერთმა მშვიდობაში და სიხარულში გატარებინოთ, მეუფე კალისტრატე.
დღეს აქ, ტაძარში არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელოც ერაყში მიემგზავრება. ღმერთმა მშვიდობით წაიყვანოს და მშვიდობით დააბრუნოს ისინი სამშობლოში. ვლოცავ მათ და მინდა, რომ თქვენც ყველამ დალოცოთ, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდნენ ჩვენი ახალგაზრდები.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.
ღმერთმა მოგვცეს ერთსულოვნება, ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი, ღმერთმა მოგვცეს გული წმინდა და სული წრფელი.
ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული და საქართველოს მთლიანობა. სიყვარული სუფევდეს თქვენს გულში, სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2007 წ.