უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 ნოემბერი, 2007 წელი

„ყოველი ადამიანი სრულყოფის კიბეზე დგას, რომელიც ჯოჯოხეთიდან იწყება და სამოთხემდე ადის“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გასულ კვირას ჩვენ გვქონდა საუბარი ადამიანის შესახებ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა; მაგრამ მისი ბუნება სრულიად შეიცვალა ცოდვით დაცემის შემდეგ და იმდენად, რომ ასეთი აზრიც კი გამოითქვა: „ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო“. დავით წინასწარმეტყველი კი ამბობს: „ყოველი კაცი ცრუ არს“. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი სრულყოფის კიბეზე დგას, რომელიც, ჯოჯოხეთიდან იწყება და სამოთხემდე ადის. ადამიანს ისეთი ბუნება აქვს, რომ მას არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაიყინოს, იგი მუდამ იცვლება - ხან უკეთესობისკენ, ხანაც - უარესობისკენ, ან მაღლდება, ან დაბლა ეშვება. თითოეული ჩვენგანი ხედავს ამ პროცესს საკუთარ ცხოვრებაში, ყველას საკუთარ თავზე გამოგვიცდია შეცდომის სიმწარე, ცოდვით დაცემა - მაგრამ გადის დრო და ადამიანი კვლავ დგება და ისევ იწყებს ზემოთ სვლას.

ღირსი მამა, ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“ - აი, ეს ორი რამ არის, ალბათ, ის, რამაც უნდა გადაარჩინოს ადამიანის დაცემული ბუნება. თუ ადამიანი ხედავს თავის ცოდვებს, თუ ადამიანი განიცდის მათ და თუ ადამიანი არ განიკითხავს სხვას, იგი მაღლდება სრულყოფის კიბეზე. მაგრამ თუ იგი განიკითხავს, მისი სულიერი თვალი დახშულია და მას საკუთარი ცოდვების განცდა არ აქვს. ხშირად ჩვენ თვითონ განვიკითხავთ ერთმანეთს და გვავიწყდება, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც შენ თვითონ ჩავარდები ისეთ ცოდვაში, რომელსაც განიკითხავ და ამას ღმერთი იმისათვის უშვებს, რომ განკითხვა შეწყვიტო და არასდროს არავინ განიკითხო.

ადამიანი ურთულესი სულიერი და ფიზიკური ბუნების არსებაა, მაგრამ, ამავე დროს, იგი არის ხატი ღვთისა. ყოველი ადამიანი ემსგავსება ძვირფას ბრილიანტს, რომელიც ამოსვრილია ჭუჭყში, მაგრამ როგორც კი განიწმინდება, ისევ ბრწყინავს, ისევ უახლოვდება უფალს და ისევ აღესრულება სინერგია - ღვთის ნებისა და ადამიანის ენერგიის დაახლოება და ადამიანი ხდება ღვთის ნების აღმსრულებელი. მთავარია, იგი არ იყოს ბოროტი ძალის იარაღი, არამედ იარაღი ღვთისა. მაშინ ადამიანი არის უფლის სულიერი შვილი და ბედნიერია თვითონაც, მისი ოჯახიც და ის საზოგადოებაც, რომელშიც იგი მოღვაწეობს.

უფალი ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“ მაგრამ რას ვთხოვთ ღმერთს? რისი თხოვნა გვმართებს უფლისადმი? აი, რა უნდა ვთხოვოთ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩემისა“, უნდა ვთხოვოთ: მომანიჭე მე, უფალო, მტკიცე რწმენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, მომანიჭე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მომანიჭე სასოება ღვთისა და ადამიანისა, მომანიჭე მე სიწმინდე, ძალა და მადლი სულისა წმინდისა!

მახსენდება, ერთ-ერთი სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც ვმონაწილეობდით. ამ კონფერენციაზე ერთი მოხუცებული ებრაელი გამოვიდა და თქვა: „შეიძლება დაკარგო ფული, ამ შემთხვევაში არაფერი დაგიკარგავს, შეიძლება, დაკარგო ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუკი შენ დაკარგე მადლი სულისა წმინდისა, მაშინ შენ ყველაფერი დაკარგული გაქვს“. ღმერთმა დაგვიფაროს და გვიხსნას ამისგან! მადლი სულისა წმინდისა - ეს არის ჩვენი ძალა, ამან გადაარჩინა საქართველო და ეს მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, - გადაგვარჩენს ჩვენ მომავალშიც!

ჩვენ ღმერთმა გვარგუნა ცხოვრება ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ კეთილი გაიმარჯვებს და სიკეთე სძლევს ბოროტებას უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ - და აი, ამ გზით უნდა იაროს ქართველმა ხალხმა.

მოგეხსენებათ, 5 იანვარს დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები, მოგვიანებით პარლამენტის არჩევნებიც ჩატარდება. ამ პერიოდში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სულიერება, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაძლიერდება წირვა-ლოცვა ერის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი კი არ იყოს - არამედ ძმა, მეგობარი და ახლობელი. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს ასეც იქნება. ქართველი ადამიანი და საერთოდ, საქართველოში მცხოვრები ადამიანიები ღვთისაგან ჯილდოვდებიან განსაკუთრებული სიყვარულით და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

მინდა მივმართო ყველას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხელისუფლებას, მივმართო ჩვენს ხალხს, ოპოზიციას, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ადამიანებს მუდამ ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა იფიქროს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მის მხარეზეა. უნდა ვიქონიოთ მოსმენის უნარი, ეს დიდი პიროვნებების თვისებაა, უფლის დიდი კურთხევაა, როცა ადამიანს შეუძლია, მოუსმენოს და გაუგოს სხვას. იმიტომ უთქვამს ბრძენს, რომ სიტყვა არის ვერცხლი, ხოლო დუმილი - ოქრო. გადმოცემით ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი მეფეები ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ და ბევრს ისმენდნენ და სწორედ ამაში გამოიხატებოდა მათი სიბრძნე. ძველი ბერძნების ნათქვამია, შენ რომ გაჩუმებულიყავი, ფილოსოფოსი დარჩებოდიო, მაგრამ რადგან ილაპარაკე და გამოავლინე შენი ხასიათის თვისებები, უკვე ფილოსოფოსი აღარ გქვიაო.

ჩვენ უნდა ვილოცოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი ღვთის ნებით აღსრულდება. მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ აქ, ყოვლადწმინდა სამების ლავრის კარიბჭის ეკლესიაში ყოველ ღამით შესრულდეს ღამისთევის მსახურება. დღეიდან აღევლინება აქ ყოველდღიური წირვა-ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. საღამოს ლოცვა დაიწყება 23:00 საათზე და მსახურება, ალბათ, დილის 5 საათამდე გაგრძელდება. ვისაც გექნებათ სურვილი დაესწროთ ამ წირვა-ლოცვებს, შეგიძლიათ მობრძანდეთ.

კიდევ ერთხელ შევთხოვ უფალს, რომ მოგვანიჭოს სიბრძნე, მოგვცეს მოთმინება და უფალმა მოგვმადლოს განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2007 წ.