„უფალი იწირავს ჩვენს სურვილსაც
კი, წინ აღვუდგეთ ცოდვას,
როგორც საქმეს, რადგან უფალმა იცის, რომ ადამიანი უძლურია“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ფერისცვალებას. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავადგეთ სრულყოფილებისკენ მიმავალ გზას.
ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარებიდან ვიცით, რომ უფალმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე, ავიდა თაბორის მთაზე და დაიწყო ლოცვა. ამ დროს მაცხოვრის სახე და სამოსელი არამიწიერი ნათლით გაბრწყინდა. მასთან ერთად მოწაფეებმა იხილეს მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმის შესახებ მსჯელობდნენ; და იყო ღრუბელი, რომლისგან მოესმათ ხმა მამაზეციერისა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ“. ეს იყო მოციქულებისთვის იმდენად მოულოდნელი და გასაოგნებელი, რომ სახარებაში წერია, პეტრემ არ იცოდა, რა ეთქვა და თქვა: „უფალო, კეთილ არს ჩვენი აქ ყოფნა, ვქნათ სამ ტალავარ: ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვის“. ტალავარი კარავს ნიშნავს. რატომ თქვა ეს სიტყვები პეტრე მოციქულმა? იმიტომ, რომ მას უნდოდა გაგრძელებულიყო ეს ხილვა, მას უნდოდა, რომ დაუსრულებელი ყოფილიყო ეს ნეტარება. პეტრე არ ამბობს, ჩვენთვისაც დავდგათ ტალავარიო, რადგან კარგად იცოდა, რომ სადაც იქნებოდა მაცხოვარი და მასთან ერთად მოსე და ილია, იქ თვითონაც ნეტარად იქნებოდნენ.
ჩვენ გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რატომ აჩვენა უფალმა თავისი დიდება მოციქულებს? საგალობლებში წერია, რომ ღვთის სრული დიდება მოციქულებს არ უხილავთ. მაცხოვარმა მათ ისეთი ხილვა უბოძა, რაც მათ შეეძლოთ დაენახათ და ეტვირთათ. ეს ბრწყინვალება მუდამ ახლდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მაგრამ თვალნი კაცთანი დახშული იყო. და რადგანაც მოახლოებული იყო ჯვარცმა, - გოლგოთა და წამება ქრისტესი, ამ ხილვით უფალმა განამტკიცა და გააძლიერა მოციქულები, ძალა მიანიჭა, რომ განსაცდელში არ შეორგულებულიყვნენ.
ადამიანსაც ხშირად განამტკიცებს ასე უფალი. როდესაც მას ელოდგბა რამე განსაცდელი, ღმერთი თავის ძლიერებას უჩვენებს და ძალას ანიჭებს. ჩვენს ცხოვრბაში ხომ მუდამ ერთმანეთს ცვლის მწუხარება და სიხარული და ამ მონაცვლეობით ადამიანი ძლიერდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნათელი ქრისტესი - ესაა ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც განანათლებს ყოველსა სოფელსა და ყოველსა კაცსა სოფლად. ნათელი ქრისტესი ყოველ ადამიანს ანიჭებს მადლს, ოღონდ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა ადამიანი, რომ მიიღოს ეს ნათელი. თითოეული ჩვენგანი დამძიმებულია ცოდვით, მაგრამ არიან ისეთნი, რომელთა სული მოცულია ცოდვის წყვდიადით. ასეთ ადამიანში ნათელი ქრისტესი ვერ შედის, უფრო სწორედ, ისინი თვითონ არ უშვებენ ქრისტეს ნათელს, რომ განდევნოს ცოდვის წყვდიადი. ამისთვის პირველი ნაბიჯი არის საკუთარი პიროვნების დანახვა და თვითშემეცნება. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „Gnoste te ifsun“ - შეიცან თავი შენი. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს წმინდა ეფრემ ასურის სიტყვები: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ეს ორი რამ - „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა“ უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ საკუთარი თავი და შეგვძულდეს ცოდვა. უნდა გძულდეს დაცემა და უნდა გვქონდეს სურვილი იმასა, რომ არასდროს გავიმეოროთ ის შეცდომა. უფალი იწირავს ჩვენს სურვილსაც კი, წინ აღვუდგეთ ცოდვას, როგორც საქმეს, რადგან უფალმა იცის ადამიანის უძლურება. მაცხოვარმა იცის ჩვენი დაცემული ბუნება და ამიტომაც გვპატიობს. ასე რომ, ეს ორი რამ - „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა სხვათა“ განწმენდს ჩვენს სულს და ნათელი ქრისტესი შემოდის გონებაში, სულსა და სხეულში და ადამიანი აღწევს ბედნიერებას. შევთხოვთ უფალს, რომ სულიერი ბედნიერება და სიხარული მუდამ სუფევდეს ჩვენში!
ზოგიერთს ყველაფერი აქვს მატერიალური, მაგრამ სულიერი - არ აქვს და ბედნიერი არ არის. ზოგს კი არაფერი აბადია, აქვს მხოლოდ პური არსობისა და მასზე ბედნიერი არავინაა დედამიწაზე!
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მოგცეთ სიხარული და სიყვარული!
ღმერთმა განამტკიცოს ჩვენი რწმენა. ღმერთმა ინებოს, რომ ვთესოთ სიკეთე და ეს სიკეთე მუდამ ჩვენვე დაგვიბრუნდება.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2007 წ.