სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანის ცხოვრება - ეს არის ერთი დიდი განსაცდელი, ეს არის მუდმივი გამოცდა. ყოველმა ჩვენგანმა ეს გზა უნდა გაიაროს. ზოგი აბარებს ამ გამოცდას, ზოგი კი - ვერა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ადამიანის ცხოვრება მიწიერი არსებობით შემოიფარგლება და, შესაბამისად, მხოლოდ მიწიერი მიზნები ამოძრავებს; ზოგმა კი იცის, რომ ამ ცხოვრების მიღმა სხვა უფრო მნიშვნელოვანი, საუკუნო, მარადიული ცხოვრებაა და მისთვის ემზადება.
ერთ ფილოსოფოსს ჰკითხეს: რა არის ფილოსოფია და ვინ არის ნამდვილი ფილოსოფოსიო? მან უპასუხა: ნამდვილი ფილოსოფოსი არის ის, ვინც გარდაცვალებისთვის ემზადებაო. ჩვენს წარსულში, ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიაში, მრავალი საოცარი მოვლენა ყოფილა. ერთ-ერთი ამ მოვლენათაგანია - ებრაელთა შემოსვლა საქართველოში. როგორც იცით, ეს მოხდა ნაბუქოდონოსორის ზეობაში, 26 საუკუნის წინ, ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე. და მთავარი, რაც ებრაელებმა საქართველოში ჩამოიტანეს, - ეს იყო ერთი ღმერთის რწმენა და მათი უდიდესი სიწმინდე - ხალენი ელია წინასწარმეტყველისა. ჩვენც ეს ტაძარი ავაშენებთ წმინდა ელიას მთაზე და ამიტომ განსაკუთრებული მფარველობა ელია წინასწარმეტყველისა არის მასზე და ზოგადად ჩვენს ქვეყანაზე.
გავიდა დრო და მოხდა ორი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენს ქვეყანაში - საქართველოში ჩამოაბრძანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ჩვენი ქვეყანა გახდა წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა!
ჩვენ რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს წარსულს, დავინახავთ, რომ როცა საქართველოს უჭირდა (საქართველოს კი ხშირად უჭირდა), ღვთის მადლით, ამ დროს ჩვენს ქვეყანას მოევლინებოდა გამორჩეული პიროვნება, რომელიც მას ამ განსაცდელთაგან იხსნიდა. ზოგჯერ ეს ერთი ადამიანი კი არა, რამდენიმეც იყო. აი, დღეს არის ხსენება მათი, რომელთაც თავის დროზე საქართველო განსაცდელისაგან იხსნეს. დღეს არის ხსენება წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი საქართველოს ისტორიაში. „ქართლის ცხოვრებიდან“ ვიცით, რომ როცა ასურელი მამები მცხეთაში შემოვიდნენ, მათ მიებებნენ საქართველოს მეფე და კათალიკოსი. ეს ფაქტი მეტყველებს ამ მოვლენის უდიდეს მნიშვნელობაზე. ეს იყო ის დრო, როცა მონოფიზიტობა ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და, ფაქტიურად, ამ წმინდა მამებმა გადაარჩინეს საქართველოს მონოფიზიტობისგან.
დღეს მინდა ბერობის მნიშვნელობაზე გესაუბროთ. ასურელი მამები, რომელთა ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ, ბერები იყვნენ. როგორ იღვაწეს მათ ჩვენს ქვეყანაში? უპირველეს ყოფლისა, თითქმის ყოველმა მათგანმა აქ მონასტერი დააარსა; საგანგებოდ შეარჩია ადგილი და მონასტერი აღაშენა. ბერი - არის ადამიანი, რომელიც მთელ თავის სიცოცხლეს, უფალს, ეკლესიას და სამშობლოს სწირავს.
ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ჩვენს ერს სულიერად ასაზრდოებს. ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ ყოფილიყო, მეეჭვება, იარსებებდა თუ არა ქართველი ერი. ბერმონაზვნობა, მონასტრები არის ის სულიერი სვეტები, რომელთაც ეყრდნობა მართლმადიდებელი ეკლესია!
ყოველი ჭეშმარიტი ბერი არის ადამიანი, რომელიც არასდროს კმაყოფილდება მიღწევებით, მას სურს, რომ დღეს იყო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ბერობა იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე ადამიანი აუცილებლად წმინდანი გახდეს. ბერმა უნდა გაიაროს ძალიან დიდი განსაცდელი და თუ ყოველივეს დაითმენს, ის სიწმინდეს მიაღწევს. სიწმინდის მიღწევა კი უფალთან დაახლოებას ნიშნავს. და მოხდება ორი ნების - უზენაესისა და ადამიანის ნებათა შეერთება, რასაც სინერგია ეწოდება; და ეს ორი ძალა: ღვთის ლოცვა-კურთხევა, მადლი და ადამიანის ნება - იქმს სასწაულებს! სწორედ ამ შეერთებამ - ღვთის მადლისა და ჩვენი ერის ნებისა გადაგვარჩინა ჩვენ, იხსნა განსაცდელთაგან ჩვენი ქვეყანა. ზოგიერთს არ ესმის, რა არის ეკლესია, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეკლესია - არის ძალა, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის საშიში იყოს. ეკლესია არავისთვის არ არის საშიში, ეკელსია არის ის ძალა, რომელიც ასაზრდოვებს ჩვენს ერს და ადუღაბებს ჩვენს ქვეყანას!
ზოგიერთი ფიქრობს: თუკი საბერძნეთში ეკლესია დაყოფილია ნაწილებად, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოშიც იყოს ასეთივე დაყოფა? იმათ გასაგონად, ვინც ასე ფიქრობს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის მტრული განზრახვა ჩვენი ერის წინააღმდეგ! საქართველოს ეკლესია თუ დაიყოფა, დაიღუპება მთელი ერი და მთელი საქართველო! ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ჩვენი ეკლესია უნდა იყოს ერთიანი, უნდა იყოს ძლიერი და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სულიერად გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო, ქართველი ხალხი.
ხოლო ადამიანი, რომელიც ფიქრობს და გეგმავს ეკლესიის საწინააღმდეგოს, - ან მცირედმორწმუნეა ანდა სრულიად ურწმუნო! რა თქმა უნდა, მცირედმორწმუნის ან ურწმუნოსაგან სხვას რას უნდა ელოდოს ადამიანი? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც ღმერთი დაუშვებს საქართველოს ეკლესიის დაყოფას და არც ქართველი ერი! ქართველ ერს მუდამ ჰქონდა ერთობის შეგრძნება, როგორც კი რაღაც დაემუქრებოდა ქვეყანას, უცებ ერთ მუშტად შევიკრებოდით ხოლმე საერთო მტრის წინააღმდეგ - ეს ჩვენი ერის თვისებაა! თუმცა ზოგჯერ ძალიან თავისუფლად ვცხოვრობთ, თავისუფლად ვაზროვნებთ, მაგრამ როგორც კი ვხედავთ, რომ რაღაც ძალა სერიოზულად ემუქრება ჩვენს სამშობლოს, - მთლიანდება ქართველი ერი და ვერავითარი ძალა ვერ დაამარცხებს მას.
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ეკლესიას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ერს, გავუფრთხილდეთ მთლიან საქართველოს და ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში მუდამ იყოს ერთი მთლიანი და განუყოფელი ეკლესია, ანუ იყოს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი! ეს ასეც იქნება და მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ ამის აღსაქმელად სიბრძნე მოგვანიჭოს უფალმა!
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის ფიზიოლოგი პავლოვის სიტყვები, რომ ადამიანს აქვს ორი გონება: მცირე გონება - ჩვენი აზროვნება და გულის გონება - ჩვენი გული. ვიდრე ადამიანი რამეს გადაწყვეტს, ეს ორივე გონება უნდა ჩართოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ შეცდება იგი.
მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისთა მოწაფეთა დღესასწაული. მათი ლოცვით საქართველოს ვერავინ ვერაფერს დააკლებს, ვერავინ დაამარცხებს, იმიტომ რომ საქართველო შეწირულია წინაშე ღვთისა, საქართველო არის მამული ღვთისა და მამული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა! არ შეიძლება, რომ ეს ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დაეცეს! ღვთის მადლით, ჩვენ ძლიერი და მთლიანი ქვეყანა ვიქნებით!
ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2007 წ.