უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 დეკემბერი, 2007 წელი

„განვლილი 30 წელი იყო უმძიმესი ხანა ჩემთვისაც და საქართველოსთვისაც, მაგრამ ღვთის მადლმა
და ძალამ და თქვენმა ლოცვამ და სიყვარულმა შემაძლებინა ამ უმძიმესი ჯვრის ტვირთვა“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის განსაკუთრებული დღე - 30 წლის წინ ამ წმინდა ტაძარში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც ამირჩია მე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ეს იყო ძალიან რთული დრო, მაგრამ ღვთის შეწევნით ეს პერიოდი მშვიდობიანად გავიარეთ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, ვმადლობთ ყოვლად წმინდა სამებას ყველაფრისათვის. ამ 30 წლის მანძილზე ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენ მუდამ ვგრძნობდით, რომ უფალი ახლოს იყო და გვეწეოდა ამ მძიმე ჯვრის ტარებაში. მახსენდება ის დრო. საქართველოდან იგზავნებოდა დეპეშები ჩვენს მოწინააღმდეგეებთან კრემლში. წერდნენ ბრეჟნევს, რომ მიტრპოლიტი ილია არის ანტისაბჭოური ელემენტი და იგი არაა საიმედო კაცი. მიუხედავად ყველაფრისა, ღვთის განგება სულ სხვა იყო.

ერთხელ ჩემთან მობრძანდა ერთი ქალბატონი, დედაჩემის კარგი მეგობარი. ამ დროს დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო. ამ ქალბატონმა მიამბო, რომ დედაჩემი ესიზმრა და ასე დაუბარა: „მიდი ირაკლისთან და უთხარი, რომ აქ იგი აამაღლესო და თან ქადები წაუღეო“. დედაჩემის მეგობარმა მომიბოდიშა, მაპატიე, ავად ვარ და ქადებს ვერ გამოგიცხობ, მაგრამ ამის სათქმელად კი მოვედიო. ამ ამბის შემდეგ გავიდა სულ მოკლე ხანი და დადგა ეს საოცარი დღე, როდესაც სიონის საპატრიარქო ტაძარში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც მე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩია. ჩემი არჩევა 23 დეკემბერს მოხდა. იმდენად დაძაბული ვითარება იყო, რომ ახალგაზრდები სამრეკლოსთან იდგნენ ჩვენს დასაცავად. მოგვიანებით ისინი მიამბობდნენ, ჩვენ კარებთან მიყურადებულები ვიყავით, სროლა თუ ატყდებოდა, კარის შემომტვრევას ვაპირებდითო. აი, ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო. ორი დღის შემდეგ, 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მედგა ჩემი აღსაყრდება კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე.

აი, ამიტომ აღვასრულებთ დღეს სიონის ამ წმინდა ტაძარში ჩვენ საგანგებო წირვას, რათა დიდება და მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

მინდა გითხრათ, რომ განვლილი 30 წელი იყო უმძიმესი ხანა ჩემთვისაც და საქართველოსთვისაც, მაგრამ ღვთის მადლმა და ძალამ და თქვენმა ლოცვამ და სიყვარულმა შემაძლებინა ამ უმძიმესი ჯვრის ტვირთვა. ამისათვის მადლობელი ვარ ღვთის და თქვენი. ღმერთმა დაგლოცოთ და თქვენი ლოცვა-კურთხევა შემეწიოს მე და მთელ საქართველოს!

დღეს წირვაზე მოვისმინეთ სახარებიდან იგავი ათი კეთროვანის შესახებ. ათი კეთროვანი შეხვდა მაცხოვარს, ღაღადებდნენ და ევედრებოდნენ განკურნებას. მაცხოვარმა შეისმინა მათი ვედრება და თან დააბარა: წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. იუდეველებს ასეთი წესი ჰქონდათ: მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ადამიანი განკურნებულია და მაშინ მას უკვე აღარავინ ერიდებოდა. უფალმა თუმცა კი განკურნა ისინი, არ ეუბნება, რომ უკვე განკურნებული არიან, არამედ მღვდელთან აგზავნის ამის დასამოწმებლად. ამ ადამიანებმაც უფლის ეს სიტყვები ღვთის ბრძანებად მიიჩნიეს და მღვდელს ეახლნენ. თუმცა კი ათივე განიკურნა, მარტო ერთი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლებზე და მადლობას სწირავდა ღმერთს. და უფალი ბრძანებს: განა ათივე არ განიკურნენ, სხვა ცხრანი სადღა არიანო? დანარჩენებმა საკუთარ თავში ვერ ჰპოვეს იმდენი სულიერი ძალა, რომ მისულიყვნენ ქრისტესთან და მადლობა შეეწირათ ღვთისათვის.

ადამიანს უნდა გააჩნდეს მადლიერების გრძნობა. დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, როგორც ის კეთროვანი ჰმადლობდა; ჩვენც მის მსგავსად, სავსენი ცოდვებით, ვმადლობთ ღმერთს მისი დიდი წყალობისათვის.

უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ მადლობის გრძნობა - ეს უდიდესი გრძნობაა, რომელიც ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. ყველა ადამიანმა ყოველ დილას უნდა დაიჩოქოს ხატებთან და მადლობა შესწიროს უფალს, რომ კიდევ ერთი დღე გაუთენა ღმერთმა.

ღმერთმა მოგცეთ სულიერი ძალა, ღმერთმა მოგცეთ მადლიერების გრძნობა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41, 2007 წ.