„...ეს დღე რომ დადგომოდა საქართველოს, მრავალი ქართველი სასულიერო თუ საერო პირი შეეწირა!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის დიდი დღესასწაული - ხსენება წმინდა მარიამ ეგვიპტელისა და ასევე არის საბერძნეთის ეროვნული დღესასწაული. ამიტომაც, სამების ტაძარში მობრძანდა საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ელეფთერიოს ანგელოპულოსი.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, გილოცავთ ამ დიდ ზეიმს, ურთიერთობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის იყო და არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ჩვენს ერებს ბევრი რამ აერთიანებს და, უპირველეს ყოვლისა, უძველესი კულტურა. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე არსებობდა; ეს მეგობარობა დღესაც გრძელდება და სულ უფრო მტკიცე ხდება. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის.
მადლობას ვწირავთ საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას იმ დიდი ყურადღებისათვის, რასაც ის იჩენს საქართველოს მიმართ. ქართველი ხალხი მადლიერია, რომ საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ღმერთმა დალოცოს საბერძნეთი, მისი ბრძენი, შრომისმოყვარე ხალხი! ახლა შესრულდება დოქსოლოგია საბერძნეთის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, მანამდე კი მინდა ვთხოვო საბერძნეთის ელჩს, ბატონ ანგელოპულოსს, ბრძანოს სიტყვა.
საბერძნეთის ელჩი ბატონო ელეფთერიოს ანგელოპულოსი:
უწმინდესო მეუფეო, ჩემთვის ძალიან ამაღლევებელია, რომ დღეს, როგორც ყოველთვის, საბერძნეთის ეროვნულ დღესასწაულზე, თქვენ საპატრიარქო ტაძარში ასრულებთ დოქსოლოგიას ბერძენი ერის კეთილდღეობისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ1821 წლის აჯანყების მონაწილეებს. მოხარული ვარ, რომ ვესწრებით ამ ღონისძიებას, მით უფრო, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მეგობრობა ათასობით წლებს ითვლის. დღეს თქვენთან ყოფნა განსაკუთრებით მიხარია იმიტომ, რომ ადამიანური ღირსების და თავისუფლების იდეოლოგია საქართველოსთვის ისევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საბერძნეთისთვის.
უწმინდესო მეუფეო, დიდი მადლობა ამ პატივისთვის, ბერძენი ერისთვის აღვლენილი დოქსოლოგიისთვის. და იმედი მაქვს, რომ ურთიერთობა საბერძნეთსა და საქართველოს შორის, რომელიც საფუძველს იღებს უძველესი ხანიდან, ანტიკური პერიოდიდან, - დღესაც გაგრძელდება. ამას ასევე განამტკიცებს ბერძნული დიასპორა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. მჯერა, რომ ჩვენს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება და სულ უფრო მჭიდრო გახდება. დღეგრძელობას გისურვებთ, უწმინდესო მეუფეო!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II:
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს და ნიშნად ჩვენი თქვენდამი დიდი პატივისცემისა, მინდა, მოგართვათ ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც იქნება თქვენი მფარველი.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს მრავალმა დღესასწაულმა მოიყარა ერთად თავი. უპირველეს ყოვლისა, დღეს არის კვირა დღე და დღეიდან ჩვენ სულ ორი კვირა გვრჩება აღდგომამდე. დღეს ასევე არის 90 წლისთავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიასა და ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. დღეს არის ხსენება წმინდისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა და ჩვენს არქიდიაკონ დემეტრეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. დღეს არის ხსენება მარიამ ეგვიპტელისა, რომელიც ცხოვრობდა ეგვიპტეში და 522 წელს გარდაიცვალა.
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკლესიის ავტოკეფალურობას. ისტორიიდან თქვენ იცით, რომ ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭა ანტიოქიის ეკლესიის დადგენილებით, V საუკუნის შუა წლებში. წინ მრავალი განსაცდელი ელოდა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას.
მაგრამ სწორედ ჩვენი ავტოკეფალურობა-დამოუკიდებლობა იქცა იმ მთავარ მამოძრავებელ ძალად, იმ საფუძვლად და სულიერ ღერძად, რომელზეც დაშენდა შემდგომში ჩვენი სულიერება, ჩვენი დამწერლობა, ჩვენი ხელოვნება და კულტურა, ჩვენი ხატწერა, ტიხრული მინანქარი და სხვა. ერის ისტორიაში არის ისეთი მოვლენები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და აი, სწორედ ასეთი მოვლენათაგანი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესია იმდენად გაძლიერდა, რომ ის ამთლიანებდა ქართველ ერს. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ერსაც ვეღარ ეარსება. საქართველოს ეკლესია ერს სულიერ ძალას და ასევე, ინტელექტუალურ განვითარებას ანიჭებდა. თქვენ იცით, რომ ყოველი მონასტერი საქართველოში თუ უცხოეთში (მაგალითად, პეტრიწონი ბულგარეთში ან ივერონი ათონზე) იყო არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანე, არამედ - დიდი მეცნიერული კერა.
როდესაც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა გელათის კომპლექსი და მასთან არსებული გელათის აკადემია დააარსა, მან მიზნად დაისახა, იგი ყოფილიყო ახალი იერუსალიმი, თავისი დიდი სულიერებით და ახალი ათინა, თავისი მაღალი მეცნიერებით. აი, ეს ანდერძი დავით აღმაშენებელისა მუდამ უნდა ახსოვდეს ყოველ ქართველს - დღესაც და მომავალშიც! ეს სიტყვები ნათქვამია უნივერსიტეტებისთვის, სასულიერო აკადემიისა და სემინარიებისთვის, მეცნიერებათა აკადემიებისათვის და ა.შ. ღვთის შეწევნით ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად შევასრულოთ დავით აღმაშენებლის ეს ანდერძი.
დადგა XVIII საუკუნე - ძალიან რთული პერიოდი საქართველოსა და საერთოდ, მსოფლიოსათვის. სწორედ მაშინ წარმოიშვა ისეთი ცნებები, როგორიცაა „თავისუფლება“, „თანასწორობ“, „დემოკრატია“, რაც ყველას სხვადასხვანაირად ესმოდა. თუ ადრე ცოდვა ცოდვად ითვლებოდა, დღეს იგი ადამიანის ბუნებრივ თვისებად არის მიჩნეული. მალევე დაკარგა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, ქვეყანამ კი პოლიტიკური დამოუკიდებლობად, რაც მეტად მძიმე მოვლენა იყო ჩვენს ისტორიაში. ეს იყო გამიზნული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს განადგურებას. საქართველოს სამეფო იქცა უცხო ქვეყნის გუბერნიად, ხოლო საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას დაარქვეს საეგზარქოსო! 1811 წლიდან 1917 წლამდე გრძელდებოდა ეგზარქოსების მმართველობა ჩვენს ეკლესიაში. ამ პერიოდში შეიცვალა 19 ეგზარქოსი და მხოლოდ პირველი იყო მათ შორის ქართველი. დანარჩენები კი - რუსები. საქრთველსო ეგზარქოსები თავის მრევლს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდნენ. საერთოდ, დიდი ზეწოლა და ძლიერი წნეხი იყო ქართველებზე: მოქალაქეებს უცვლიდნენ გვარებს. სასულიერო სემინარიაში საგნების სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ქართულ ფრესკებსა და წარწერებს ტაძრებში კირით ღებავდნენ. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II იხსენებდა: „ერთხელ პროფესორმა მომმართა: სიდამონოვ, გამორიო (მასწავლებლები პირდაპირ უკეთებდნენ ქართულ გვარებს რუსულ დაბოლოებებს) და მე არ ავდექიო. მან გამიმეორა: არ გესმის, სიდამონოვ? და მაშინ ვუთხარი: მე სიდამონოვი კი არა, სიდამონიძე ვარ“. ზეწოლას მძიმედ განიცდიდა ჩვენი ერი. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ქართველი ხალხი ამას არასდროს შერიგებია, ჩვენს ერს მტკიცედ სწამდა, რომ დადგებოდა ისეთი დალოცვილი და კურთხეული დღე, როდესაც საქართველო კვლავ აღიდგენდა თავის ავტოკეფალიას, თავის დამოუკიდებლობას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია იყო გაუქმებული სრულიად უკანონოდ. ეს მოხდა რუსეთის იმპერატორის ბრძანების - მანიფესტის საფუძველზე. სინამდვილეში, კანონიერი ძალა რომ ჰქონოდა ამ აქტს, საქართველოში უნდა ჩატარებულიყო საეკელსიო კრება, რომელიც გააუქმებდა საკუთარ ავტოკეფალიას და ამის შემდგომ რუსეთში უნდა მოეწვიათ საეკლესიო კრება, რომელიც დაადგენდა, რომ რუსეთის ეკლესია თავის წიაღში იღებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მსგავსი არაფერი ყოფილა. ამიტომ იმპერატორის მანიფესტი იყო აბსოლუტურად უკანონო. ეს კარგად იცოდა როგორც საქართველომ, ასევე რუსეთმაც. ქართველი ერი მუდამ ელოდებოდა დღეს, როცა ჩვენი ეკლესია აღიდგენდა დამოუკიდებლობას და ამისათვის მცდელობას არ აკლებდა. და დაი, დადგა ის ნანატრი დღეც - 1917 წლის 12 მარტი, ძველი სტილით და 25 მარტი ახალი სტილით.
დღეს შესრულდა 90 წლისთავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აცტოკეფალიის აღდგენის დღიდან. ამ დღეს, 90 წლის წინ, მთელი ქართველი ერი - სამღვდელოება, საზოგადო მოღვაწეები, უბრალო მრევლი შეიკრიბა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და გამოაცხადეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილია და ეკლესია კვლავ აგრძელებს თავის დამოუკიდებელ მოღვაწეობას. იმას, რომ ეს დღე დამდგარიყო, მრავალი ქართველი სასულიერო თუ საერო პირი შეეწირა! დღეს ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მუხლს ვიყრით წმინდა მეფე ვახტანგ დიდი გორგასლის წინაშე. მისი ღვაწლით ანტიოქიის ეკლესიამ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა. მაშინ აირჩიეს პირველი კათოლიკოსი პეტრე. ჩვენ მუხლს ვიყრით ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი დიდი პატრიარქების - კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის წინაშე, რომლებმაც დიდი ღვაწლი გასწიეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის.
ვფიქრობ, რომ დღეს ზეცისა და მიწის ზეიმია. დღეს ზეციური საქართველო ხარობს ჩვენთან ერთად. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესია!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.
დღეს აქ, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, შეკრებილნი არიან არღვლიანის გვარის წარმომადგენლები და დალოცვას ითხოვენ.
ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და მთელ მსოფლიოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.