„ჯვარი არის ქრისტიანის სულიერი მახვილი, ღვთისგან მოცემული მახვილი მესიისა!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს ჩვენ უდიდეს დღესასწაულს ვზეიმობთ - შესრულდა 1400 წელი ჯვრის მონასტრის აშენებიდან!
დღეს განსაკუთრებით გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რა ძალა გააჩნია ჯვარს. ჯვარმა გადაარჩნია მსოფლიო. ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიო ადიდებს ჯვარსა პატიოსანსა.
მინდა წაგიკითხოთ ჯვრის სადიდებელი ორი ლოცვა: „უძლეველო, ახოვანო, საღვთოო, ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო, გარე შემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე“ და - „ჯვარო - მფარველო სოფლისაო, ჯვარო - მშვენიერებაო ეკლესიისაო, ჯვარო - სიმტკიცეო მეფეთაო, ჯვარო - შემწეო მორწმუნეთაო, ჯვარო - დიდებაო ანგელოზთაო და შემმსუვრელო ეშმაკთაო“. აი, ასეთი სიტყვებით შეამკო მორწმუნე ერმა ჯვარი პატიოსანი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ არის მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ასე ნათლად ყოფილიყო გამოვლინებული ძალა ჯვრისა, როგორც საქართველოში!
თქვენ იცით, ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიაში მეფე კონსტანტინე დიდს გამოცხადებით ეუწყა, რომ ჯვრის ძალით გაიმარჯვებდა იგი მტრებზე და ჯვრის ძალით გაამთლიანებდა ბიზანტიის იმპერიას. მეფის ბრძანებით, ჯვარი გამოისახა დროშებზე. ყველამ ირწმუნა, რომ იმ დროშის ქვეშ მებრძოლი ჯარი გამარჯვებული დაბრუნდებოდა შინ.
საქართველოში წმინდა ნინოს მოსვლის ჟამს და მეფე მირიანის დროს კვლავ გამოვლინდა ჯვრის ძალა. მას შემდეგ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ხალხი ხედავდა ჯვრის უდიდეს ძალმოსილებას. ყოველი მორწმუნე ადამიანის გრძნობს ჯვრის ძალას. ჯვარი არის ქრისტიანის სულიერი მახვილი, ღვთისგან მოცემული მახვილი მესიისა.
თუკი ქრისტეს მოსვლამდე ჯვარი იყო დამსჯელი იარაღი, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ - ჯვარი არის დიდება ღვთისა და მფარველი ადამიანისა. ჩვენი ცხოვრება ჯვრით იწყება და ჯვრით მთავრდება.
ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, თუ რა არის ჯვარი. შეიძლება ადამიანმა ატაროს ჯვარი მხოლოდ სილამაზისთვის, როგორც სამკაული. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ ადამიანი ჯვარს რწმენით ატარებს და მას სწამს, რომ იგია უფლის ძალის მატარებელი, ღვთის შემწეობა და ღვთისგან ბოძებული მფარველი, - ის დაცულია ბოროტი სულისაგან და ბოროტ კაცთაგან. და მით უმეტეს ახლა, როდესაც ადამიანებს შორის ამდენი წინააღმდეგობაა, როცა ამდენი აგრესიაა დაგროვილი, - ჯვარი არის სულიერი მუზარადი ადამიანისთვის. ყოველ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაკურთხი გულსაკიდი ჯვარი.
მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ ამ ხის ჯვარს, რომელიც თქვენ წინაშეა, აქვს ნაწილი გოლგოთის ჯვრისა, რომელზეც ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
მინდა გიამბოთ, როგორ მოხვდა ეს სიწმინდე საქართველოში. ათონის მთაზე იყო ერთი ბერი (ამჟამად ის უკვე გარდაცვლილია), რომელსაც ჰქონდა გოლგოთის ჯვრის წმინდა ნაწილი. ეს სიწმინდე თავდაპირველად ბიზანტიის ერთ-ერთ იმპერატორს - ნიკიფორე ფოკას ეკუთვნოდა, შემდეგ იგი როგორღაც ათონის წმინდა მთაზე მოხვდა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ბოლოს ამ ბერის ხელთ აღმოჩნდა. ბერმა ბევრი იფირა, თუ სად უნდა იყოს დაბრძანებული ეს სიწმინდე - მაცხოვრის ჯვარის წმინდა ნაწილი და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიისთვის შეეწირა. ცხადია, რომ ეს ღვთის შთაგონებით მოხდა. ბერი საგანგებოდ ჩავიდა ბეთლემში და იქ დაამზადებინა ეს ჯვარი, რომელშიც წმინდა ნაწილი მოათავსა და საქართველოში გამოგზავნა. ახლა ეს უდიდესი სიწმინდე წმინდა ჯვრის მონასტერში ინახება. შეგეწიოთ ამისი მადლი და ძალა!
მორწმუნე ადამიანს სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯვარი. ჯვარი არის ფიზიკური და არის სულიერი. ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი. უპირველეს ყოვლისა, კაცს უნდა ჰქონდეს სიყვარული ღვთისა, სწრაფვა ღვთისაკენ - ეს არის ვერტიკალური ძელი და შემდეგ სწრაფვა ადამიანებისაკენ - ჰორიზონტალური ძელი; ადამიანებისაკენ სწრაფვა - ეს არის მათი სიმძიმის ტვირთვა. პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ღვთისა და ადამიანებისაკენ სწრაფვით - ადამიანი ქმნის თავის სულიერ ჯვარს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით ჯვარი შექმნა. ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი, რომელიც, ღვთის მადლითა და ღვთის ძალით, მან ბოლომდე უნდა მიიტანოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, გწამდეთ საქართველო არ დაეცემა, საქართველო გადარჩება!
საქართველო არის ჯვრის მფარველობის ქვეშ და მას ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კალთა იფარავს!
ახლა თქვენ ემთხვევით ჯვარს, რომელიც სვეტიცხოვლიდან ამოაბრძანეს. ამ ჯვარშიც არის ჩატანებული წმინდა ნაწილი მაცხოვრის ჯვარისა.
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2007 წ.