„წყალობა ღვთის იქნება ჩვენზე, თუ ღმერთთან ახლოს ვიქნებით!“
ღვთის წყალობითა და მისი ლოცვა-კურთხევით დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ერთმანეთს ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა არის ბედნიერება - უპირველუს ყოვლისა, ეს არის წყალობა ღვთისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია რწმენა, სიყვარული და სასოება.
რწმენის შესახებ საუბრისას, უნდა ვიცოდეთ, რომ არ ვგულისხმობთ ნებისმიერ რწმენას, არამედ - ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებს მართლმადიდებელი ეკლესია.
დღეს ყოველი ჩვენთაგანი ფიქრობს ჩვენს წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. რა უნდა ვაკეთოთ, რომ ჩვენი ერი და ყოველი ჩვენგანი იყოს ბედნიერი? უპირველეს ყოვლოსა, უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს და ღმერთი დაგვიახლოვდება ჩვენ. ამ სიახლოვეს ეწოდება სინერგია. უნდა შედგეს სინერგია ჩვენსა და ღმერთს შორის.
მინდა, მივამართო ჩვენს ხალხს: მართალია, მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ, დიდი გაჭირვებაც გვაქვს, მაგრამ ჩვენი ერი ძლიერია, ქართველი კაცი ძლიურია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გაჭირვება და ყველა პრობლემა დაიძლოოს.
განსაკუთრებული სიყვარულით და სასოებით მივმართავ აფხაზეთის მოსახლეობას. ასევე ვლოცავ ჩვენს ძმებს ოსებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით და ერთიანი საქართველო იქნება ბედნიერი!
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, აუცილებლად უნდა გვქონდეს ერთსულოვნება. ერთსულოვნება განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როდესაც ამდენი პრობლემა დგას საქართველოს წინაშე.
ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და სიმშვიდეს.
ფსალმუნში წშინდა მეფე დავით წინასწარმეტყველო ამბობს: „წყალობანი შენი, უფალო, თანა მავალ მექმენ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“.
წყალობა ღვთის იქნება ჩვენზე, თუ ღმერთთან ახლოს ვიქნებით!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ახლა კი ყველანი ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ ლოცვა:
„გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან, ამინ“.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2007 წ.