...სიხარულით მივესალმები მოსკოვისა და სრულად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს ალექსი II-ს...
მახსენდება ერთ-ერთი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა მოსკოვში და ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ერთ-ერთმა გამომსვლელმა საკვირველი სიტყვები თქვა: თუკი სიმდიდრე და ფული დაკარგე, არაფერია, კიდევ იშოვი, თუკი ჯანმრთელობა დაკარგე, მაინც შეძლებ ცხოვრებას, მაგრამ თუკი ღვთის წყალობა დაკარგე, იცოდე, რომ ყველაფერი დაგიკარგავს. ჩვენი საქმიანობა - საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიებისა, სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ არ დავკარგოთ უფლის წყალობა, რომელიც მუდამ გვიცავს და გვეწევა სიხარულისა თუ განსაცდელის ჟამს.
მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა პირადად თქვანდამი, უწმინდესო მეუფეო. ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობთ, როდესაც ორივე ეპისკოპოსები ვიყავით და ვმონაწილეობდით სხვადასხვა ფორუმებში. ამ ფორუმებზე ვიყავით დამმოწმებელნი მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა.
უფალმა განაგო ის, რომ გვემოღვაწევა ორ საუკუნესა და ორ ათასწლეულში. ეს მეტად რთული დროა. ჩვენ ვხედავთ რომ ეს პროცესები, რომლებიც ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს, გარდაუვალია, ამავე დროს, ეს არის ასევე მეტად სახიფათო პროცესები. სახიფათოა იმ მხრივ, რომ ჩვენ, შესაძლოა, დავკარგოთ ის ფასეულობები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში შექმნეს და დააუნჯეს ჩვენმა წინაპრებმა. მხედველობაში მაქვს ჩვენი სულიერი, ეროვნული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ფასეულობანი.
უნდა გვქონდეს დიდი რწმენა და დიდი სიბრძნე იმისათვის, რომ განვასხვავოთ, სად არის კეთილი და სად - ბოროტი. ჩვენი ეკლესიები - რუსეთის ეკლესიაც და საქართველოს ეკლესიაც - ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ადამიანებმა განარჩიონ ავი და კარგი...
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ისეთი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ინტერესები იკვეთება და ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. აი, ამ ვითარებაში მიმდინარეობს ჩვენთან გლობალიზაციის პროცესი; საკითხავია ისიც, თუ როგორ გავლენას იქონიებს ესა თუ ის ქვეყანა კავკასიაზე? მთავარია, არ დავკარგოთ ღვთის მადლი.
მინდა აღვნიშნო, რომ მეფე ერეკლე II-ს დროს საქართველოს განვითარების რამდენიმე გზა ჰქონდა, მაგრამ ერეკლე II-მ სწორედ რუსეთთან, როგორც ერთმორწმუნე ერთან, დახლოება გადაწყვიტა, რათა მართლმადიდებლობა შეენარჩუნებინა და ამით ქართველი ერის თვითმყოფადობა გადაერჩინა.
მინდა ვთქვა, რომ საქართველო მუდამ იყო კავკასიის გასაღები. შემთხვევითი არ იყო, რომ იმპერატორის ნაცვალი სწორედ თბილისში იმყოფებოდა. ზოგადად კავკასიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ზოგიერთს სურს, გადასინჯოს კავკასიის საზღვრები. ეს ძალიან სახიფათოა, ეს დაუსრულებელი სისხლისმღვრელი ომია. მოვლენების ასეთი განვითარება აუცილებლად უნდა ავირიდოთ.
თქვენო უწმინდესობავ, მე მუდამ მადლიერებით ვიხსენებ თვენს გამოსვლებს, რადგან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას. ეს ყველაფერი სულიერად გვაახლოებს და ამავე დროს ხსნის იმ დაძაბულეობას, რომელიც ზოგჯერ ჩნდება ჩვენს ქვეყნებს შორის. აუცილებლად უნდა აღდგეს ნდობა ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეთა შორის. მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი დასაწყისი ამ ნდობის აღსადგენად, რადგან ეს ვიზიტი სცილდება ეკლესიათაშორისი ურთიერთობის ფარგლებს.
ადრე, როდესაც ჩვენ წინა ვიზიგისას შევხვდით ბატონ ვლადიმერ პუტინს, მე მას ვუთხარი, რომ ჩვენი სახელმწიფო მოღვაწენი, ჩვენი პრეზიდენტები ხშირად უსმენენ პოლიტიკურ პირთა და მიმომხილველთა ანგარიშებსა და განცხადებებს, მაგრამ ზოგჯერ ისინი უნდა უსმენდნენ სასულიერო მოღვაწეებსაც.
ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რომელიც აქ, მოსკოვში, ამ დღეებში დაიწყო, - შეუძლებელია, შეჩერდეს და მან უნდა მიგვიყვანოს ურთიერთგაგებამდე.
ჩვენი მრავალრიცხოვანი დელეგაციის სახელით (80 კაცზე მეტია ჩამოსული) და მთელი ქართველი ერის სახელით, კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით თქვენ, უწმინდესო მეუფეო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკელსიის მთელ სამღვდელო დასს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ღვთის მადლით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებს დავძლევთ.
მრავალჟამიერ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს ალექსი II-ს!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9, 2007 წ.