„წიგნი უნდა იყოს თქვენი განუყრელი მეგობარი“
უპირველეს ყოვლისა ყველას მოგესალმებით!
ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ჩემთვის ყოველთვის დიდი სიხარულია ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათთან საუბარი და თქვენი იდეების მოსმენა.
უნივერსიტეტში და საერთოდ, ნებისმიერ სასწავლებელში, ადამიანმა მარტო ცოდნა კი არა, აუცილებლად აღზრდა და სულიერება უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდნა ურწმუნო ადამიანის ხელში ძალიან საშიშია, რადგან მან იგი შეიძლება ბოროტებისთვის გამოიყენოს. ასე რომ, აღზრდასთან ერთად თქვენ უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა. ამისთვის საჭიროა, ისწვლოთ წიგნთან ურთიერთობა, ყოველდღიურად წიგნი უნდა იყოს თქვენი განუყრელი მეგობარი.
მაგონდება ჩემი სტუდენტობის წლები. სტუდენტები ვიყავით გაყოფილი ორ ნაწილად: ერთი ჯგუფი სულ ბიბლიოთეკაში ვიხსედით და წიგნებს ვკითხულობდით, ხოლო მეორე ჯგუფი მეცადინეობდა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლების ლექციებზე ჩაწერილი კონსპექტების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი განსხვავება იყო ამ ორ ჯგუფს შორის.
მე ძალიან მაინტერესებდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ლოგიკა, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ყველაფერმა ამან თავისი შედეგიც გამოიღო. 8 წელიწადი ვსწავლობდი: 4 წელი - სემინარიაში და 4 წელი - აკადემიაში და ღვთის მადლით, ისეთი შედეგები მქონდა, რომ 8 წლის განმავლობაში მე იქ ვიყავი პირველი სტუდენტთა შორის. ახლა თავადაც მიკვირს, ჩემზე მეტად განათლებულები იყვნენ და პირველი რატომღაც მე ვიყავი.
როცა სემინარიის სტუდენტი გახლდით, ჩემთან სასულიერო აკადემიის სტუდენტებს მოჰქონდათ თავიანთი ნაწერები და მე მათ ვუსწორებდი. ამის შესახებ მთელ აკადემიაში ხმა გავრცელდა და იმდენი სტუდენტი მოდიოდა ჩემთან, რომ გასწორებას უკვე ვეღარ ვასწრებდი. თქვენთან თავს კი არ ვიქებ, ამით იმის ტქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი შრომის შედეგია და თქვენ უნდა გიყვარდეთ შრომა.
როდესაც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, ერთი მოხუცებული ექიმი ჩამობრძანდა სოხუმში, - იგი ცნობილი ფიზიოლოგის პავლოვის მოწაფე იყო. პავლოვი იყო მღვდლის შვილი და ძალიან მორწმუნე პიროვნება. ერთხელ მას დიდი თანამდებობის პირი კრემლიდან გაესაუბრა და ჰკითხა: „თქვენ ცნობილი, მსოფლიოში უდიდესი მეცნიერი ბრძანდებით და ნუთუ მორწმუნე ხართ?“ ის ელოდებოდა, რომ პავლოვი ვერ გაბედავდა ღმერთის აღიარებას მის წინაშე და ეტყოდა არა ვარ მორწმნეო, მაგრამ პავლოვმა მშვიდად უთხრა: დიახ, მორწმუნე ვარო და დასძინა: როცა ჩვენ ადამიანის სისხლს ვსწავლობთ, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც კი გახდე, ისე ამტკიცებს ეს ღვთის არსებობასო.
პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება: მცირე და დიდი, და რომ მცირე გონება - ადამიანის გონებაა, ხოლო დიდი - ადამიანის გული.
როდესაც პავლოვი ეკლესიის წინ გაივლიდან, იგი ქუდს მოიხდიდა და პირჯვარს გადაიწერდა. ერთხელ მას უბრალო მუშა შეხვდა და დაინახა, როგორ იწერდა ეკლესიის წინ პირჯვარს (მან, რასაკვირველია, არ იცოდა, ვინ იყო პავლოვი), მუშამ თავი გადააქნია და დასცინა მას: „ჰოი, სიბნელევ!“ პავლოვი ბნელად მიიჩნია და თავისი თავი კი განათლებულად, რადგან ღმერთი არ სწამდა!
მინდა ერთი რამ გირჩიოთ: შეიძინეთ წიგნები და იქონიეთ თქვენი პირადი ბიბლიოთეკა. როდესაც სტუდენტი ვიყავი, ერთი პროფესორი სულ გვარიგებდა, მართალია გიჭირთ, მაგრამ ახლავე დაიწყეთ პირადი ბიბლიოთეკის შეგროვებაო. მეც ამას გისურვებთ, აუცილებლად იზრუნეთ ამაზე. პირადი ბიბლიოთეკა უნდა იქონიოთ და ყოველდღე წიგნი უნდა იკითხოთ. რა თქმა უნდა, ეს „ბოევიკები“ არაფერს მოგცემთ, - იკითხეთ ისტორიული წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, ძალიან ავითარებს გონებას ფილოსოფია, ლოგიკა, ფსიქოლოგია და საღვთისმეტყველო წიგნები.
მინდა ასევე გისურვოთ, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად იქონიეთ კავშირი უფროს თაობასთან. ეს აუცილებელია, რადგან უფროს თაობას მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა აქვს. ახლა, რატომღაც მიიჩნევა, თითქოს ყველაფერი ახალგაზრდებმა უნდა აკეთონ, - მაგრამ რჩევა უფროსებს აუცილებლად უნდა ჰკითხონ.
მინდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი. ჩინურ ფილოსოფიაში არის დიდი ფილოსოფოსი კონფუცი. ალბათ, წაგიკითხავთ მისი შრომები და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ მოძებეთ მისი ცხოვრება და შრომები და აუცილებლად წაიკითხეთ. ეს დიდი პიროვნება იყო და ბევრი მოწაფეც ჰყავდა. სხვათა შორის, მას ადანაშაულებდნენ, რომ წესიერ ხალხს ვერ არჩევ, ვინც მოდის შენთან, ყველას ღებულობო. და კონფუცი ასე პასუხობდა: ყველა უნდა მივიღოთ და ვინც უვარგისი იქნება, თავისთავად ჩამოგვშორდებაო.
ერთხელ კონფუცი თავის მოწაფეებთან ერთად გზაზე მიდიოდა და ჩიტებით მოვაჭრეს შეხვდა, რომელიც მახეებს დგამდა და ჩიტებს იჭერდა. კონფუციმ ეტლი შეაჩერა და გალიას მიუახლოვდა. დახედა და შეამჩნია, რომ გალიაში მხოლოდ ნორჩი ჩიტები ისხდნენ. იკითხა: რატომაა სულ პატარა ჩიტები რომ დაგიჭერიაო? კაცმა მიუგო: უფროსებს მეტი გამოცდილება აქვთ და მათი დაჭერა ძნელია, აი, პატარები კი ადვილად ეგებიანო მახეში. კონფუცი თავის მოწაფეებს მიუბრუნდა და უთხრა: დაიმახსოვრეთ ეს გაკვეთილიო.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედნიერება სწორედ თაობათა ერთობაშია და ჩვენი ეკლესია სწორედ ამაზე ზრუნავდა საუკუნეების მანძილზე და დღესაც ამას ვაკეთებთ. ეკლესია მუდამ იყო ის ძალა, რომელიც ადუღაბებს და ამთლიანებს ერს. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო საგანგებო დადგენილება, რომლის თანახმად სასულიერო პირს ეკრძალებოდა რომელიმე პარტიის წევრობა. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ პოლიტიკური განხეთქილება არ შემოვიდეს ეკლესიაში.
ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ შექმნილია კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენ ყურადღება დავუთმეთ, - არის ნარკომანიასთან ბრძოლა. ეს იმისათვის აღვნიშნე, რომ ყველამ გაიგოს - ნარკომანია არის სირცხვილი, ეს არის სულმოკლეობა. ზოგიერთი ფიქრობს: ერთხელ გავსინჯავ ე.წ. „წამალს“ და მერე აღარ მივეკარები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასინჯოთ ეს, რადგან იგი არის საწამლავი. ეს არის ისეთი გზა, როცა ადამიანი თავისი ნებით შედის ბოროტი ძალის გამგებლობის ქვეშ და ბოროტი ძალა ამოქმედებს მას.
კიდევ ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს და მომავალში, ალბათ, კვლავ შევხვდებით და საუბარიც გვექნება.
თქვენ იცით, წირვა-ლოცვას, ძირითადად, სამების ტაძარში ვატარებ. მინდა გითხრათ, რომ წმინდა სამების ტაძარი - ეს არის დიდება ღვთისა და დიდება ქართველი კაცისა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ტაძრის აშენებით ქართველმა ერმა შექმნა თავისი ავტოპორტრეტი. საერთოდ, ყოველი ადამიანი, როდესაც რაღაცას აკეთებს, ამით საკუთარ ავტოპორტრეტს ქმნის. და შინაგანად როგორი სულიც გააჩნია ადამიანს, ისეთია მისი ნაშრომიც. და აი, ამ გაჭირვების დროს ქართველმა ერმა ეს ბრწყინვალე ტაძარი ააშენა და მადლობა და დიდება ღმერთს ამისათვის!
ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2007 წ.