„ქართველი ადამიანი მაინც სიკეთით
არის აღსავსე. შეიძლება, რაღაც ცუდი
ჩაიდინოს, მაგრამ შემდეგ მთელი ცხოვრება სულ სინანულშია!“
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მძიმე საკითხებს შევეხეთ, მაგრამ მე მაინც იმედს არ ვკარგავ. ქართველები ისეთი ადამიანები ვართ, რომ ან ჯოჯოხეთამდე უნდა დავეცეთ ანდა უფალთან უნდა მივიდეთ, - აი, ასეთი დიდია ამპლიტუდა ჩვენი მოქმედებების, ჩვენი აზროვნების.
როდესაც მე მქონდა საუბარი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირთან ბავშვებში ძალადობისა და აგრესიის შესახებ, მან მითხრა, რომ პროცენტულად აგრესია არ იზრდება, ახლა უბრალოდ უფრო ხშირად აცხადებენ ტელევიზიით, ადრე კი ნაკლებად შუქდებოდაო. მე მაინც ვგრძნობ, რომ აგრესია ჩვენს ბავშვებში იზრდება და რაღაც ზომები უნდა მივიღოთ, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ.
აქ იყო საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აღზარდოს ბავშვები. ცოდნას გვაძლევს სასწავლებელი, სკოლა და ვის ეკისრება აღზრდა? ან რა არის აღზრდა? დღემდე ჩამოყალიბებული არ არის აღზრდის სისტემა. ზოგადად ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ კონკრეტული პროგრამა არ გვაქვს არც ოჯახისთვის და არც სკოლისთვის. ეკლესიაში უკვე 2000 წელია, რაც ეს ჩამოყალიბებულია. ამაზე უნდა ვიფიქროთ.
იერუსალიმში ყოფნისას საუბარი მქონდა ყოფილ ელჩთან საქართველოში. ამ ებრაელმა ქალბატონმა მითხრა: „თქვენ, ქართველები, რყვნით თქვენს შვილებს, კი არ ზრდით, რადგან მათ ყველაფერს უსრულებთ, ყველაფერს აძლევთ და არ ამზადებთ იმ პრობლემის დასაძლევად, რომელიც ცხოვრებაში შეხვდებათ, ანუ, არ აცნობთ, ოჯახი რა არისო.
და მართლაც, ხშირად გვსმენია, ორ ახალგაზრდას შეუყვარდა ერთმანეთი, დაქორწინდნენ, გავიდა 2-3 თვე და ხასიათებით ვერ შევეწყვეთო და შორდებიან. მართლაც, ჩვენ არ ვამზადებთ ჩვენს შვილებს ცხოვრების ფართო გზაზე გასასვლელად.
ერთ-ერთ ჩემს ეპისტოლეში არის ასეთი შემთხვევა აღწერილი, როცა მამაკაცი სახლში დაქანცული მიდის, რაღაც პრობლემები ჰქონდა სამსახურში და ცუდ ხასიათზეა, და აი, ხვდება ცოლი და ნაცვლად იმისა, რომ მოეფეროს, საყვედურობს, დაღვრემილი შემოხვედი, არც კი მაკოცე, მე ხომ შენი მონა არ ვარ, შვილებს გიზრდიო (თითქოს ეს მისი შვილები არ იყოს?!). ქმარი ამას ერთხელ მოისმენს, მეორედ და მესამედ უკვე სახლში კი არა, ამხანაგებთან ერთად რესტორანში წავა, რომ განიტვირთოს. და განა ასე უნდა მოქცეოდა ქმარს ცოლი? იგი უნდა მისულიყო, მოალერსებოდა, ეთქვა: დაღლილი ხარ, მოდი ფეხებს დაგბან, დაისვენე, მე კი წიგნს წაგიკითხავო.
მე მინახავს სამაგალითო ოჯახი. ერთი სასულიერო პირის ოჯახზე ვსაუბრობ, მათ შვილი არ ჰყავდათ. მღვდელი 10 წლით გადაასახლეს და ცოლი თან გაჰყვა. ეტაპით რკინიგზით წაიყვანეს. მატარებელი სადაც გაჩერდებოდა, ცოლი ჩადიოდა, ცოტას სადმე წაიმუშავებდა - ვინმეს გაურეცხავდა, ან სახლს დაულაგებდა და ქმრისთვის პური და არაყი მიჰქონდა - ციმბირში არაყი საჭირო იყო. 10 წლის მანძილზე ეს ცოლი უვლიდა თავის ქმარს და რომ დაბრუნდნენ, ღმერთმა მათ შვილი მისცა. ორივე საოცრად ბედნიერი იყო. მახსოვს, ჩვენს სახლში იყვნენ და სიხარულისაგან ტიროდნენ.
ჩვენთან, მთაში, არის ასეთი გამოთქმა: შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადა. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა მტრულად უნდა გაზარდო, მაგრამ მკაცრად კი ნამდვილად უნდა გაზარდო, და აუცილებლად უნდა იყოს დისტანცია მშობელთა და შვილს შორის.
დაახლოებით, ერთი თვის წინ ქუვეითში ყოფნისას ვახშამდე მიგვიწვია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. მას ჰყავს 2 ცოლი, ერთთან ჰყავს 9 შვილი, და მეორესთან 2, ე.ი. სულ - 11. საინტერესოა, რომ რატომღაც იმ მეორე ცოლს ხალხს აჩვენებს, პირველი - უფროსი ცოლი კი მბრძანებელია ოჯახში. ვახშამზე სწორედ ის წარმოგვიდგინა და შვილები. მრგვალი მაგიდების გარშემო ვისხედით, მეთაურები მთავარ მაგიდასთან დავსხედით. ამ კაცის უფროსი ვაჟი მამის უკან 1 მ-ის დაშორებით დადგა და მთელი ვახშმის დროს იქ იდგა მამის საპატივსაცემოდ. ჩვენთვის ეს ცოტა უცნაური იყო და მე შევთავაზე, იქნებ, დაჯდე-მეთქი და მან მიპასუხა, - არ შეიძლებაო. ნათქვამია: „პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. ამას ჩვენ ვერ ვასწავლით.
სიკეთე თუ უნდა ადამიანს, პატივი უნდა სცეს მამას და აქ მარტო მამასა და დედაზე კი არ არის საუბარი, საერთოდ უფროს თაობაზე, თაობათა კავშირზე. თუ დაკვირვებიხართ ჩვენს საეკლესიო დროშას - წმინდა ნინოს ჯვრიან დროშაზე ჯვრის გარშემო შემოვლებულია ლურჯი ზოლი - იქ არის უფრო ფართო და ვიწრო ზოლები, განიერი - არის უფროსი თაობა და წვრილი - ახალგაზრდობა. და ეს თაობათა კავშირის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ვფიქრობ, ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ შექმნილი მდგომარეობა. ქართველები ემოციებზე ვართ აგებულნი, - ჯერ ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ; იმ დროს, როცა ჯერ უნდა მოვიფიქროთ და მერე გავაკეთოთ. ეს ხშირად გვეშლება ჩვენ და ვხდებით მსხვერპლი ამა თუ იმ უარყოფითი განწყობისა.
გთხოვთ, იფიქროთ ამ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე. ქართველი ადამიანი მაინც სიკეთით არის სავსე. შეიძლება, რაღაც ცუდი ჩაიდინოს, მაგრამ შემდეგ მთელი ცხოვრება სულ სინანულშია.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2007 წ.