„ჩვენ იმედით მოველით საქართველოს გამთლიანებას!“
ყველას გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, ბედნიერებასა და სიკეთეს. ასევე გისურვებთ სრულიად საქართველოს მთლიანობასა და კეთილდღეობას!
ახალი წელი - ეს არის ჟამთა ცვლა. დრო მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ცხოვრებაში. დრო არის წარსული, აწმყო და მომავალი. აწმყო ძალიან ხანმოკლეა და წამიერად წარსულში გადადის, ამიტომ ჩვენს წინაშე იშლება მხოლოდ წარსული და მომავალი.
მუდამ უნდა გვახსოვდეს - რა შეგვეშალა, რა საქმე გავაფუჭეთ ანდა რა გავაკეთეთ ჩვენს წარსულში. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ ჩვენივე წარსულიდან, რათა ვიმოქმედოთ და სიკეთე ვაკეთოთ მომავალში. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული სიკეთე, უკან ასმაგად დაგვიბრუნდება. უნდა გვქონდეს რწმენა: გვწამდეს ღმერთი, გვწამდეს ადამიანის სიკეთისა და გვჯეროდეს მომავლის. ამასთან, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალი მშვიდობიანი იყოს.
დღეს მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემები აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ და ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ბედნიერი იყოს. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და სამშვიდობო გზაზე გავა. მტკიცედ მჯერა საქართველოს მშვიდობიანი მომავლისა. ჩვენ იმედით მოველით საქართველოს გამრლიანებას!
ბედნიერი და დალოცვილები იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!
ახლა ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ ლოცვა:
„დაგვიფარე ჩვენ უფალო, საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა. წარსდევნე ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი. წარსდევნე საქართველოდან ყოველი მტერნი და მრძოლნი ჩვენნი. დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, უფალო; შეგვიწყალენ ჩვენ და სოფელი შენი და აცხოვნენ სულნი ჩვენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე, ამინ“.
ღმერთს ებარებოდეთ!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2007 წ.