„საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესთაგანია,
რომელსაც არასდროს გადაუხვევია ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან და არასოდეს ჩავარდნილა
მწვალებლობაში!“
უნეტარესო მეუფეო თეოდორე II, პაპო და პატრიარქო ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა!
ქრისტესმიერ ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
ძმანო და დანო!
„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, ადამიანის გონება და გული, მისი სულიერი სამყარო ვერასდროს მიწვდება ღვთის განგებას. გვახსოვს კომუნისტური რეჟიმის დროს, როგორ დაცარიელდა ეკლესიები, მაგრამ მოხდა ღვთის სასწაული და ჩვენი ტაძრები აივსო ახალგაზრდებით. ეს სასწაული მეტყველებს იმის შესახებ, რომ დიდია საქართველოს ეკლესიის მომავალი!
უნეტარესო მეუფეო, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ეკლესიებით, ჩვენი სკოლებით, დღევანდელი დღით. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია „ვიამაყოთ“ მხოლოდ ჩვენი ცოდვებით. შევთხოვთ უფალს, შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესთაგანია, რომელსაც არასდროს გადაუხვევია ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან და არასოდეს ჩავარდნილა მწვალებლობაში. და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვატარებს ამ ჭეშმარიტი გზით! მართლმადიდებლობა - ეს არის განუყოფელი ეკლესია, სამოციქულო რწმენა და ტრადიცია, რომელსაც გულმოდგინედ იცავდნენ და ინახავდნენ მოციქულები და ჩვენი დიდი წინაპრები.
ხშირად მეკითხებიან, თუ რამდენად ძველია საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესია ჭეშმარიტად სამოციქულო ეკლესიაა, სადაც იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, ბართლომემ, თადეოზმა და მატათამ. სვიმონ კანანელი დასაფლავებულია საქართველოში. აი, ეს არის ჩვენთვის საამაყო. ჩვენ ვამაყობთ კიდევ იმით, რომ სვეტიცხოვლის ამ წმინდა ტაძარში არის დაკრძალული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ილიაობას და მინდა მოგახსენოთ, რომ თანახმად ჩვენი ისტორიისა და გარდამოცემისა, ამ ტაძრის მარჯვენა მხარეს, ეკვდერში, დაკრძალულია ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, რომელიც ებრაელებმა ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ჩამოიტანეს საქართველოში.
ეს სიწმინდეები გვაძლიერებდა ჩვენ საუკუნეების მანძილზე, გვანიჭებდა სულიერ და ფიზიკურ ძალას. ამიტომ დღეს, როდესაც გვიწევს ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრება, - არ ვკარგავთ მომავლის იმედს. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად მმვიდობიანად გავივლით ამ გოლგოთის გზას და გავალთ სამშვიდობოს!
ზოგიერთს ჰგონია, რომ გოლგოთით მთავრდება ყველაფერი. გოლგოთის შემდეგ, მართალია, არის ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა და ამაღლება! აი, ამას ელოდება საქართველო და ქართველი ხალხი.
თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, უნეტარესო მეუფეო თეოდორე, მეტყველებს იმის შესახებ, რომ უძველესი კავშირი ალექსანდრიისა და საქართველოს საპატრიარქოებსა და ეკლესიებს შორის კვლავაც უწყვეტია.
ჩვენ მადლობას გიძღვნით ამ მაღალი ჯილდოებისათვის, რომელიც დღეს მომანიჭეთ. მინდა გითხრათ, რომ ამ ჯილდოებს მე ვღებულობ არა პიროვნულად, არამედ როგორც საქართველოს ჯილდოს და როგორც ალექსანდრიის ეკლესიის მადლის გადმოცემას, რომელიც ქრისტეს შობის პირველი საუკუნეებიდან სუფევდა და დღესაც სუფევს ეგვიპტეში. ეგვიპტის უდაბნოებში წარმოიშვა ბერობა; სწორედ ეგვიპტეში მოღვაწეობდა მარიამ ეგვიპტელი, ანტონი დიდი, თეოდოსი დიდი, პავლე თებეიდელი. თქვენი ჩამოსვლით, უნეტარესო თეოდორე, მათი მადლი და ლოცვა-კურთხევა ჩამოგვიტანეთ და ჩვენ გმადლობთ ამისთვის.
დღეს ბედნიერები ვართ იმით, რომ ამ წმინდა ტაძარში თქვენთან ერთად ერთობლივი წირვა აღვასრულეთ. დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობდით თქვენთვის.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ნათლობით წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდით. წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და ამიტომ გადავწყვიტეთ, საჩუქრად მოგართვათ მინანქარი სწორედ წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებით. წმინდა ნიკოლოზი გფარავდეთ თქვენ და ალექსანდრიის საპატრიარქოს!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, სპეციალური გამოშვება, 8 აგვისტო 2008 წ.