„მოწყალების საქმე გადაარჩენს
სრულიად საქართველოს“
(თანადგომის დღედ 1 ივლისი დაწესდა)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
არიან ადამიანები, რომელთა ზრუნვაც მარტოოდენ საკუთარი თავით, ეგოისტური სურვილებით შემოიფარგლება; მაგრამ, საბედნიეროდ, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის ცხოვრობენ, საკუთარ თავს სხვებს უძღვნიან. ქართველი ადამიანი ბუნებით სწორედ ამით გამოირჩევა: თუკი იგი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას, აუცილებლად მიდის და ეხმარება მას. პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრედ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.
როგორ შეიძლება, ვიტვირთოთ სხვისი სიმძიმე, რით შეიძლება შევეწიოთ სხვა ადამიანებს? ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ შეუძლია სხვისი დახმარება, რადგან თვითონაც ხელმოკლედ ცხოვრობს. ყველა ადამიანს შეუძლია დაეხმაროს სხვას, თუნდაც არაფერი ებადოს გასაცემი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დახმარება მრავალი სახისა არსებობს: არსებობს სულიერი დახმარება, არსებობს სიტყვიერი დახმარება და, რაღა თქმა უნდა, მატერიალურიც.
იყო ერთი ადამიანი, რომელიც ერთდროულად გახლდათ ბრმაც და ყრუ-მუნჯიც. მან დაწერა წიგნი - „რატომ ვარ ოპტიმისტი“. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა ისწავლა ლაპარაკი და დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი! ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა, იმედი ადამიანისა. მან უნდა იცოდეს, რომ მრავალი რამ უნდა სცადოს, ვიდრე თავის გზას მიაგნებს; თუკი ერთი საქმე არ გამოდის, აუცილებლად არსებობს სხვა გზაც. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ცხოვრებაში ჩიხი არ არსებობს; შეიძლება განსაცდელის ჟამს ჩვენ წინამე აღიმართოს კედელი, მაგრამ იმ კედელს შეიძლება შემოუარო და ასე აიცილო თავიდან დაბრკოლება!
ამიტომ მინდა გირჩიოთ ყველას, არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, არასდროს დაკარგოთ იმედი ღვთისა, რაც არ უნდა მრავალი პრობლემის წინაშე იდგეთ! უფალი ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და გენგეღოს თქუენ“. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ლოცვების შემსმენელი და თხოვათა აღმასრულებელი!
დღეს წმინდა სამების ტაძარში ლოცვა-კურთხევის მისაღებად მობრძანდნენ უგრეხელიძეების გვარის წარმომადგენლები. ეს დიდი და ცნობილი გვარია. ჩვენ მცხეთის დედათა მონასტერში გვყავდა მონაზონი პარასკევა (უგრეხელიძე), რომელიც ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. კარგად ვიცნობდი მას და მახსოვს, გაჭირვების წლებში როგორც კი რამე პროდუქტს იშოვიდა, ქალაქში გაჭირვებული ადამიანის დასახმარებლად მიჰქონდა.
დღეს ჩვენ ვლოცავთ უგრეხელიძეების გვარს. ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა გააძლიეროს და ღმერთმა გაამრავლოს ისინი! ამ გვარის უხუცეს წარმომადგენელს მინდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადავცე.
დღეს ჩვენთან ასევე ბრძანდებიან საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და კომპანია „მედინსერვისის“ წარმომადგენლები, რომლებმაც შემოგვთავაზეს, დაწესდეს „თანადგომის დღე“. თანადგომა ეს იგივე დახმარებაა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს მოსახლეობას გაჭირვებული ადამიანების თანადგომის სურვილი აქვს. თანადგომის დღედ 1 ივლისი დაწესდა. სწორედ ამან გადაგვატანინა ის პრობლემები, რომლებიც ბოლო 18 წლის მანძილზე გვქონდა.
ღმერთმა დალოცოს ისინი, რადგან ზრუნავენ გლახაკებზე და ფიქრობენ, თუ რით შეეწიონ მათ. მინდა ყველას გისურვოთ: ამაზე ფიქრი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანის საზრუნავი. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ „მოწყალე სამარიტელნი“, ყოველ ჩვენგანს უნდა ჰყავდეს თავისი მფარველობის ქვეშ ან ავადმყოფი, ან პატიმარი, ან ობოლი ბავშვები და მუდმივად ზრუნავდეს მათზე.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით ციხეებში და მოვინახულეთ პატიმრები. ერთხელ კიდევ ვიგრძენი, თითოეულ მათგანს როგორ სჭირდება სითბო და დახმარება.
მინდა, დავლოცო ამ დღესასწაულის დამაარსებლები და მათ ხელმძღვანელს გადავცე საჩუქრად ბიბლია.
დღეს ჩვენთან ბრძანდებიან ასევე წარმომადგენლები ახლად დაარსებული ორგანიზაციისა „გზა უფლისაკენ“, რომელთაც ხელმძღვანელობს ბატონი ოთარ ხონელი. ფაქტობრივად, ესე საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელშიც მრავალი ადამიანია გაერთიანებული. მინდაქ დავლოცო ეს ადამიანები, რომელნიც ცდილობენ, დაეხმარონ უპოვარ და განსაცდელში მყოფ ადამიანებს. დღეს აქ ჩვენთან ბრძანდება ორასამდე ექიმი და მადლობას გწირავთ თქვენი დიდი ღვაწლისათვის და თქვენც საჩუქრად გადმოგცემთ ბიბლიას.
ძალიან მიხარია ყოველი ქველმოქმედის დალოცვა. ბედნიერია ყოველი ადამიანი, რომელიც ეხმარება გაჭირვებულ მოყვასს. მინდა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო და მე მინდა გითხრათ, რომ სიკეთის კეთება გადაგვარჩენს, მოწყალების საქმე გადაარჩენს სრულიად საქართველოს, რადგან ეს ღვაწლი მოიღებს წყალობას ღვთისა და ეს მადლი საქართველოს სამშვიდობო გზაზე გაიყვანს!
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!
შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის პეტრე-პავლობის დღესასწაული. პარასკევს საზეიმო ლოცვა პეტრე-პავლეს ეკლესიაში შესრულდება, ხოლო წირვას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღვავლენთ. წირვა-ლოცვას მე თვითონ შევასრულებ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2008 წ.