„ხარების დღესასწაული - ეს არის
დღე, როცა ღმერთი შეუერთდა ადამიანს,
როცა დედის წიაღში ჩაისახა განხორციელებული უფალი!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ხარების დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი უკავია დღესასწაულთა შორის. ეს არის დღე, როცა ღმერთი შეუერთდა ადამიანს, როცა დედის წიაღში ჩაისახა განხორციელებული უფალი! ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მთავარანგელოზმა ყოვლადწმინდა მარიამს ასეთი სიტყვებით მიმართა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა!“ ეს არის ის სანატრელი და სანუკვარი სიტყვები, რომელზეც უნდა ოცნებობდეს ყოველი ადამიანი. ბედნიერია ადამიანი, რომელიც არის ღვთისგან მადლმოსილი!
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანის სულიერი სამყარო არასდროს რჩება ცარიელი. ადამიანის გული უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა, თუ ასე არ არის, მაშინ ამ ადგილს ბოროტი ძალა იკავებს. ბედნიერია ის, ვინც ფიქრობს მადლის მოხვეჭაზე, ვინც ხედავს თავის ნაკლს და ცდილობს, განიწმინდოს თავისი გული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩემისა“. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს „განცდაი თვისთა ცოდვათა“, მაშინ სწორად წარიმართება მისი სულიერი ცხოვრება.
რა არის სიხარული? სიხარული მომდინარეობს სიყვარულიდან. ხოლო ჭეშმარიტი და სრული სიყვარული არის ღმერთი.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: ღმერთი არის სიყვარული. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მოცულია ღვთის სიყვარულით. ვისაც არ აქვს სიყვარული, მას არც სიხარული ექნება. ადამიანმა თავისი ცხოვრებით, სიყვარულით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი, რომლის ვერტიკალი არის რწმენა და სიყვარული ღმრთისა, ხოლო რწმენა, სიყვარული და თანადგომა ადამიანისა არის ამ ჯვრის ჰორიზონტალი. და ამ ორი ხაზის ურთიერთგადაკვეთა - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისკენ ქმნის სიყვარულს. ნეტარია ის, ვინც ამაზე ფიქრობს. ეს სულიერი ჯვარი არის ჭეშმარიტი საუნჯე. უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. - აი, ამაზე უნდა იფიქროს ყოველმა ჩვენგანმა და სწორი არჩევანი გააკეთოს. სამწუხაროდ, სიყვარულს ხშირად უფრო მატერიალური სამყაროსადმი ვამჟღავნებთ და ვცდილობთ, მოვიხვეჭოთ რაც მეიძლება მეტი სიმდიდრე, მეტი პატივი, უფრო მაღალი თანამდებობა. მახსენდება საუბარი ერთ შეძლებულ ადამიანთან სულიერ საკითხებზე. ხედავდა თავის მდგომარეობას და შეშფოთებით მეუბნებოდა: „რა გავაკეთო, რომ სიმდიდრის მოხვეჭაში შევჩერდეო?“ მე ვუთხარი: „ნუ შეჩერდები, ღმერთი გაძლევს და მიიღე, მაგრამ რასაც მიიღებ, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგე-მეთქი“. აი, ასეთი სულიერი ჯვარი უნდა ჰქონდეს ყოველ ჩვენგანს, დიახ, ყოველი ჩვენგანი უნდა ხედავდეს სხვის გაჭირვებას და უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც გავსცემთ, - სწორედ ის არის ჩვენი შენაძენი, ის დაგვხვდება ორთავ სოფელში მადლად. მოწყალე ადამიანი სინამდვილეში თავისთვის უფრო მეტს იღებს. ალბათ, განგიცდიათ კიდეც საკუთარ თავზე, როცა სხვა ადამიანს ეხმარებით, თითქოს გაკლდებათ, მაგრამ სანაცვლოდ შემოსული სიხარული იმდენად დიდია, რომ მასთან შედარებით, გაცემული არაფერია. გიფიქრიათ, თუ არა, - რა არის ეს გრძნობა? ეს არის მარადიული სიხარული, ეს არის სასუფევლიდან მოვლენილი სიხარული! ეცადეთ, ხშირად დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს, რათა ხშირად ეზიაროთ ამ მარადიულ სიხარულს და არ მოგაკლდეთ მადლი უფლისა.
მახსენდება, ბათუმის ეკლესიაში რომ ვმსახურობდი, ერთმა ქალბატონმა საოცარი ამბავი მიამბო. ეკლესიაში წირვაზე რომ იდგა, გრძნობდა, რომ გული ეუბნება, რაღაც ძალა უბიძგებდა, წადი და წინ მდგომ ქალბატონს ფული მიეციო. მის წინ მდგომი ქალბატონი არასდროს თხოულობდა, ამიტომ ვერ გაებედა, მისთვის ფულის მიცემა. ამასთან, ის ქალბატონი ძალიან ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო, - ტურგენევა გახლდათ. ასე იდგა ეს მორწმუნე და იტანჯებოდა მთელი წირვა, არც ეს დაჟინებული აზრი ასვენებდა და ვერც მისვლა გაებედა. ბოლოს, მაინც გაბედა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ არ იცოდა რატომ, მაგრამ ძლიერი სურვილი ჰქონდა, მიეცა მისთვის ეს თანხა და გაუწოდა მცირედი, რაც ჯიბეში ჰქონდა - სულ 3 მანეთი, მაშინ საბჭოთა ფული იყო. ტურგენევამ აიღო შემოთავაზებული თანხა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: „პურის ფული აღარ მქონდა და მთელი წირვა უფალს ვეხვეწებოდი, შემეწიეო“. ნახეთ, როგორ გაუწია დახმარების ხელი უფალმა სხვა ადამიანის საშუალებით? იქვე მდგომ მეორე ადამიანს შთააგონა უფალმა, მიეცა მისთვის დახმარება. როდესაც ვლოცულობთ და უფალს დახმარებას ვთხოვთ, გულისხმიერები უნდა ვიყოთ, რათა დავინახოთ, რა გზით გვიწოდებს ღმერთი დახმარების ხელს.
ამასთან დაკავშირებით, მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ადამიანებს გვჩვევია, შევთხოვოთ უფალს, გვიკარნახოს, რა გზას დავადგეთ, რა გავაკეთოთ ამა თუ იმ ვითარებაში, რა გზით ვცხონდეთ. ერთი მორწმუნე ქალბატონი მუდამ დაუღალავად ევედრებოდა უფალს, მითხარი, რა ვაკეთო, რითი ვცხონდეო და მას ესმა ხმა უფლისა: მალე მოვალ შენთანო. გახარებულმა ქალბატონმა იწყო მზადება უფალთან შესახვედრად: გამოიტანა მთელი ავეჯი ეზოში, გაასუფავა სახლი, წმენდდა და აპრიალებდა ყველაფერს. ამ დროს მოვიდა ერთი გაჭირვებული ადამიანი და მას დახმარება სთხოვა; ქალმა მიუგო: ვერ ხედავ, არ მცალია, ახლა ჩემთან უფალი უნდა მოვიდეს და აბა, შენი დრო და თავი სად მაქვს, სხვა დროს მოდიო. მცირე ხნის შემდეგ მასთან უპატრონო ბავშვი მივიდა მოწყალების სათხოვნელად. ქალი მთლიანად იყო საქმეში ჩაფლული და ვერც მის დასახმარებლად გამოძებნა დრო. ბოლოს, მესამე გაჭირვებულს მეხვდა, - მაგრამ ვერც მას დაუთმო დრო და ყურადღება. დაამთავრა სახლის დალაგება, მაგრამ უფალი არ ჩანდა. ქალი დაღონდა, კვლავ ცრემლით იწყო ლოცვა-ვედრება: „უფალო, ხომ შემპირდი, მოვალო, - რატომ არ მოდიხარო?“ და პასუხად ქალს ესმა ხმა უფლისა: „მე უკვე სამჯერ მოვედი შენთან და შენგან სამივეჯერ უარი მივიღეო“.
აი, როგორი გულისხმიერება გვმართებს მორწმუნე ადამიანებს! უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს, რასაც გაჭირვებული ადამიანისთვის გავცემთ, თავად უფალს ვწირავთ.
მაშ, შევთხოვოთ შემოქმედს, გაგვიხსნას, გული და გონება, რომ დავინახოთ სხვისი გაჭირვება და გვიბოძოს ძალა, რომ შევიწყნაროთ მოყვასი ჩვენი და შევეწიოთ მას.
დღეს ხარების დღესასწაული ჩვენთვის ორმაგად საზეიმოა, რადგან ახლა ჩვენ წინაშე დაბრძანებულია დიდი სიწმინდე - თხოთის ჯვარი. ეს სწორედ ის ჯვარია, რომელიც წმინდა ნინოს დროს გამოთალეს. წარმოიდგინეთ, ამ ჯვარს ემთხვია თავად წმინდა ნინო! მცხეთის ჯვრის ფერდობზე, წყაროსთან, იზრდებოდა აკაკის სასწაულთმოქმედი ხე. როცა საქართველოში ბიზანტიიდან პირველი ეპისკოპოსი ჩამობრძანდა, მას შეხვდნენ მეფე მირიანი და წმინდა ნინო და მათი გადაწყვეტილებით ჯვრის გამოსათლელად საგანგებოდ მოჭრეს ეს სასწაულთმოქმედი ხე. მაშინ ამ ხისგან დამზადდა სამი ჯვარი: წმინდა ნინოს ბრძანებით, ერთი დაიდგა თხოთის მთაზე, მეორე - ჯვრის მონასტერში, ხოლო მესამე - უჯარმაში. ამ სამი ჯვრიდან დღეს მხოლოდ ორი არსებობს: თხოთის სასწაულთმოქმედი ჯვარი, და მეორე - ჯვრის მონასტრის ჯვარი. მესამე, უჯარმის ჯვარი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. და აი, მაშინ ნამდვილად დიდი სასწაული მოხდა. ჩვენ ვთხოვეთ კულტურის სამინისტროს, რომ გადმოეცათ ჩვენთვის (უფრო სწორად, დაებრუნებინათ, - ეს ჯვარი ხომ ეკლესიაში იდგა!) მუზეუმიდან თხოთის ჯვარი. და აი, გუშინ ჩვენი თხოვნა შესრულდა. ახლა ჯვარი თქვენ წინაშეა. მას გაუკეთდება განსაკუთრებული ძვირფასი კიოტი და იგი გახდება განსაკუთრებული სიწმინდე და მშვენება სამების საპატრიარქო ტაძრისა!
ჩემი აზრით, თხოთის ჯვრის მობრძანება რაღაც დიდი სასწაულისა და დიდი სიხარულის ნიშანია, რომელიც უთუოდ ელოდება საქართველოს და ღმერთმა ინებოს, რომ სულ მალე გვეხილოს ჩვენ ეს სასწაული და სიხარული, სულ მალე გვეხილოს საქართველოს დამშვიდება და გამთლიანება!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ხარების დღესასწაულს. დღეს მთელი დღე სიკეთის კეთებაში და ლოცვაში უნდა ვიყოთ. დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, ისეთი უქმეა, რომ, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ჩიტიც არ იკეთებს ბუდესო, - ფრინველიც კი უქმობს, ხარობს, ლოცულობს, ღაღადებს და ადიდებს უფალს.
მახსენდება ჩემი ბავშვობა. ამ დღეს ჩვენ ოჯახში, ხეებს ვრწყავდით, გვწამდა, რომ თუ ასე მოვიქცეოდით, - დიდი მოსავალი მოიწევდა და ასეც ხდებოდა ხოლმე.
ადამიანის ცხოვრებაში მუდამ ერთმანეთს ენაცვლება სიხარული და მწუხარება. მწუხარების დროს ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ მწუხარება საწყისია სიხარულისა, მაგრამ სიხარულის ჟამს ფხიზლად იყავით, რადგან მას ხშირად თან სდევს მწუხარება. თუ გვინდა, რომ სიხარული მუდამ იყოს ჩვენში, სხვა უნდა გავახაროთ, არა მარტო ჩვენი ახლობლები, - არამედ გაჭირვებული ადამიანები. და ჩვენ უნდა გავახაროთ ასევე ჩვენი წინაპრები.
ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, - გახსოვდეთ, რომ სიკვდილი არ არსებობს! ადამინის სული უკვდავია და ჩვენს მიცვალებულებს ესმით ჩვენი ალერსი, ჩვენი ტკბილი სიტყვა,- როგორც ამბობს ერთი დიდი მღვდელმთავარი, - ელაპარაკეთ მიცვალებულს ისე, როგორც ცოცხალს, მიართვით მათ ტკბილეული, საჭმელი, დადგით მათ სურათებთან, მერე კი მის სახელზე ეს ნუგბარი გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგეთ და ღმერთი სიყვარულისა მუდამ იქნება თქვენთან და საქართველოსთან!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!
ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი, სიკეთისა და სიხარულის მომტანი, ყოველმა ჩვენგანმა რაღაც სიხარული მოუტანოს სხვა ადამიანს!
ამ ჯვრის მადლით, წმინდა ნინოს ლოცვითა და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13, 2008 წ.