უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7 სექტემბერი, 2008 წ.

„არა მარტო ქართველნი, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ერები ჩვენთან ერთად
ერთ მუშტად შეკრულნი, ერთად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი ქვეყნის მმვიდობასა და კეთილდღეობაზე.
ჩვენ ყველანი უნდა ვიქცეთ ერთ ძალად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გამთლიანდეს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დრო გადის და ყველაფერი იცვლება, ახალ ფორმას, ახალ სახეს იღებს. ძველი რომაელები ამბობდნენ: tempo re mutantur etnos mutamur de innis - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად (ლათინ).

ხშირად ჩვენ ვაიდიალებთ წარსულს და შავ ფერებში ვხედავთ აწმყოს და ეჭვის თავლით შევყურებთ მომავალს. დრო არის განსაკუთრებული ფაქტორი და ჩვენ გამორჩეული ყურადღება უნდა მივაქციოთ მას. ვერასოდეს წარმოვიდგენთ, რას გვიმზადებს მომავალი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო დღეს ასეთ გაჭირვებაში იქნებოდა? ან ვინ წარმოიდგენდა, რომ ორ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ერს შორის - რუსეთსა და საქართველოს შორის გაჩაღდებოდა ომი? მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი იცვლება და ამ ცვალებადობაში ჩვენ მთავარი უნდა შევინარჩუნოთ - ჩვენი სულიერება, ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერი საუნჯე, ჩვენი კეთილი ტრადიციები და, მათ შორის, - უფროსებსა და უმცროსებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება. აი, ამ საუნჯეს უნდა მოვუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ყველაფერი იცვლება.

დღეს მინდა თქვენი ყურადღება ბავშვების აღზრდაზე შევაჩერო. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს შვილებს, ძირითადად, ქუჩა ზრდის. და მერე, როდესაც შვილებისაგან ბილწსიტყვაობა გვესმის, გაოცებული ვართ, ვეღარ ვცნობთ მათ. ეს ყველაფერი კი ბავშვებს ქუჩიდან აქვთ აღებული.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვეტევით დროში. ამასთან, ქართველი ადამიანი ძალიან თავისუფალია. თავისუფლება ღმერთმა მოგვცა იმისათვის, რომ კეთილად გამოვიყენოთ იგი. და აი, ესაც უნდა იყოს ჩვენი საფიქრალი.

მაქვს სურვილი, რომ შეიქმნას წიგნი: „მართლმადიდებელი ქრისტიანის შვიდეული“, ანუ როგორ უნდა გაანაწილოს, როგორ უნდა გამოიყენოს ქრისტიანმა კვირის7 დღე. მინდა რომ თქვენც და მეხმაროთ ამ ჩემი სურვილის განხორციელებაში. ვფიქრობ, ეს წიგნი ბევრს დაეხმარება დროის სწორად განაწილებაში.

დღეს ტელევიზიამ ამოაგდო ადამიანი ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან. ჩვენი ხალხი გადაყოლილია სულ ახალ-ახალი სერიალების ყურებას. სინამდვილეში კი იქიდან ვერაფერ სარგებელს ვერ პოულობს, პირიქით, ამ ფილმების სიუჟეტი მრუშობა, მკვლელობა და ძალადობაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას რაღაც უნდა დავუპისრისპიროთ. თუნდაც ის, რომ ყოველ წესიერ ოჯახში უნდა ტარდებოდეს საინტერესო შემეცნებითი საღამოები, მაგალითად, ლიტერატურული, ისტორიული ან კიდევ სხვა. შეიძლება, ორი ან სამი ოჯახიც შეიკრიბოს ერთად და გაარჩიონ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოები ანდა განიხილონ ისტორიის რომელიმე მონაკვეთი. შესაძლოა, შეკრების მიზეზი გახდეს უბრალო მსჯელობა ჩვენი ერის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ეს ყველაფერი აუცილებელია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო უქმად და უგემოვნო სერიალებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი გონება და გული. ვფიქრობ, რომ, ღვთის მადლით, დაიწერება წიგნი, რომელიც ყოველივე ამას ხელს შეუწყობს და იგი გახდება სამაგიდო წიგნი ყოველ ოჯახში.

დღეს ძალიან რთული დროა, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეთ ყველამ, - საქართველო არის განსაკუთრებული მფარველობვის ქვეშ, იგი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და ვერავითარი მტერი ვერაფერს დააკლებს მას! ჩვენ ჩვენი მხრივ არაფერი უნდა მოვაკლოთ სამშობლოს, არც მზრუნველობა, არც სიყვარული. ქართველი ერი უნდა ვიყოთ ერთგული ჩვენი ქვეყნისა და არა მარტო ქართველნი, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ერები ჩვენთან ერთად ერთ მუშტად შეკრულნი, ერთად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი ქვეყნის მმვიდობასა და კეთილდღეობაზე. ჩვენ ყველანი უნდა ვიქცეთ ერთ ძალად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გამთლიანდეს!

მინდა მივმართო აფხაზ და ოს ხალხს, თუ გსურთ კეთილი მომავალი, უნდა დარჩეთ საქართველოში. მე 11 წელიწადი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი. აფხაზებს ახსოვთ, როგორი სიყვარული და თანადგომა იყო ჩვენს შორის! მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ავტონომიებს - აფხაზეთს, აჭარას და ცხინვალის რეგიონს საბჭოთა კავშირში არსებულ ავტონომიებს შორის, ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა. და დღეს, თუკი აფხაზსა და ოს ერებს სურთ, გადარჩნენ, - უნდა დარჩნენ საქართველოს შემადგენლობაში! ჩვენს შორის უნდა აღდგეს ურთიერთგაგება და პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად მივალთ ამ დასკვნამდე, რადგან ის, რასაც უცხო ძალა აფხაზებსა და ოსებს ჰპირდება, - დაპირებადვე დარჩება.

მოგეხსენებათ, ყოველ საღამოს იმართება სამშვიდობო პარაკლისები, რომელსაც თქვენ ესწრებით და რომლის დროსაც ხდება ლიტანიობა - ხატებით ვუვლით გარშემო ტაძარს. მინდა გითხრათ, რომ ეს პარაკლისები კვლავაც გაგრძელდება და დღეს საღამოს 7 საათზე ლოცვას მე თვითონ ჩავატარებ.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის დიდი დღესასწაული - თავისკვეთა წმინდა იოანე ნათლისმცემლისა - მარხვის დღე. ამ დღეს იქნება ორი წირვა 7 საათიანი მცირე ეკლესიაში და 9 საათზე მეორე წირვა, რომელსაც მე თვითონ შევასრულებ.

შევთხოვ უფალს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს შორის.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ქართველი ხალხი. ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალითა და მადლით, ჩვენს ხალხს მიეცეს საშუალება, რომ დაბრუნდეს სამშობლოში.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2008 წ.