სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის მენელსაცხებლე დედათა დღესასწაული და ასევე თამარ მეფის დღე. განსაკუთრებული და დიდია ღვაწლი მენელსაცხებლე დედათა. თქვენ გახსოვთ სახარებიდან, რომ მენელსაცხებლე დედები არ შორდებოდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, როცა მაცხოვარი ქადაგებდა და იმ დროს, როცა მოციქულნი შეშინდნენ და გაშორდნენ მაცხოვარს, მენელსაცხებლე დედებმა გამოიჩინეს ერთგულება და იქ იყვნენ, სადაც მოხდა ჯვარცმა უფლისა.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ ვინ არის ადამიანი, რა არის ერთგულება, რა არის ადამიანის თვისება, - როგორ უნდა ავიდეს ადამიანი ამ სრულყოფის კიბეზე. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: იყავით სრულნი, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. ეს შეეხება ყველაფერს: სულიერ წინსვლას, ინტელექტუალურ განვითარებას, გონებისა და ფიზიკურ განვითარებას. მაგრამ ეს წინსვლა კი უნდა იყოს ღვთის სადიდებლად, ყველაფერი უნდა კეთდებოდეს ღვთის ლოცვა-კურთხევით. აი, ამ ბოლო საუკუნეების მანძილზე ადამიანი განვითარდა, განვითარდა მისი ინტელექტი, მისი გონება, მეცნიერება და ტექნიკა, მაგრამ სულიერება ჩამორჩა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, რამაც მოიტანა კიდეც ამდენი განსაცდელი; ადამიანმა სიკეთის ნაცვლად შექმნა იარაღი. რამდენიმე წლის წინ მეცნიერები ამბობდნენ, რომ დაგროვილია იმდენი იარაღი, რომ 17-ჯერ შეიძლება სიცოცხლის მოსპობა დედამიწაზე. აი, ასეთი უგუნური წინსვლა არის. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სულიერება განვითარდეს და აღდგეს წონასწორობა - სულიერისა და ფიზიკურის. სულიერმა ძალამ და გონებამ უნდა აკონტროლოს ტექნიკური განვითარება, თორემ, შეიძლება ტექნიკურმა და გონებრივმა განვითარებამ ადამიანი მონად აქციოს. აქ ბრძანდება „ეტალონის“ ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს გოჩა ტყეშელაშვილი. ბგვრი რამ გააკეთა ამ ჯგუფმა. დღეს მოსულია 250 კაცი, რომელთაც თავისი მიხვედრილობით, თავისი დახვეწილი აზროვნებით გაიმარჯვეს და მე ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდობას, ბავშვებს. ჩემი ღრმა რწმენით, ყოველი ადამიანი არის გენიალური, ღვთისგან ჩადებულია მასში ის უდიდესი ნიჭი, რომელიც უბოძა მას უფალმა, მაგრამ უნდა გამოვლინდეს ეს ნიჭი. „ეტალონი“ სწორედ ამას აკეთებს და ჩვენი სკოლებიც და მშობლები, ეკლესია, მიმართული უნდა იყოს იმისათვის, რათა გამოვავლინოთ ნიჭი ჩვენს შვილებში, ჩვენს ბავშვებში, ერთი რამ კი უნდა ვიცოდეთ: ეს ნიჭი განსხვავებულია - ზოგს აქვს მიდრეკილება მათემატიკის შესწავლის, ფიზიკის, ქიმიის, სოფლის მეურნეობის, სულიერი მოღვაწეობისა და ა.შ. და აი, განსაკუთრებით უნდა დააკვირდნენ მშობლები თავის შვილებს, რაშია ნიჭი მათი შვილებისა, ასევე სკოლის მასწავლებლები, განსაკუთრებით ფსიქოლოგები, ეკლესიის მოძღვრები და ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი სასწავლებლები, ჩვენი საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ძალიან ხშირად ცდილობენ, რაღაც სიახლე შეიტანონ, მაგრამ საჭიროა ერთსულოვნება, საჭიროა მშობლების, მასწავლებლების და ეკლესიის თანამშრომლობა, საჭიროა ერთად დაკვირვება და ჩვენ უნდა გავიგოთ, რა უნდა გამოვიდეს ჩვენი შვილი, რა უნდა ვაკეთებინოთ მას. და ძალიან ხშირად ეს წინსვლა, მეცნიერული და ინტელექტუალური წინსვლა ბოროტად არის გამოყენებული. ადამიანი გახდა ამპარტავანი, ადამიანმა თავისი თავი წარმოიდგინა, როგორც შემოქმედი ამ ყველაფრისა და ეს შეიძლება გახდეს დამანგრეველი ჩვენი ცხოვრებისა. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ უფალმა მოგვცეს ჩვენ გონება, გული გონიერი, სიბრძნე, რათა კიდევ ერთხელ ვიფიქროთ, რა უნდა აკეთონ ჩვენმა შვილებმა, - როგორია მომავალი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ახალგაზრდობისა.
მე მიმაჩნია, რომ არ არის სათანადო ყურადღება მიქცეული სასწავლებლების მიმართ. საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ზრდიან მომავალ თაობას, იმ თაობას, რომელიც შეცვლის უფროსებს. და აი, ამიტომ განსაკუთრებული პირობები უნდა ჰქონდეს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც.
მე ვულოცავ „ეტალონის“ ხელმძღვანელ გოჩა ტყეშელაშვილს ამ მიღწევებს და ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო გაღრმავდება ამ „ეტალონის“ მოქმედება და აზროვნება. ამაზე უნდა იფიქრონ თვითონ ახალგაზრდებმაც, ამაზე ფნდა იფიქრონ ბავშვებმაც. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ღრმა აზროვნება. და მე არაერთხელ მითქვამს, რომ სწორედ ეს გვაკლია ჩვენ სასწავლებლებში - ღრმა აზროვნება. პირველი კლასიდან საშუალო სკოლის დამთავრებამდე უნდა შეიქმნას ღრმა, ფილოსოფიური აზროვნების კურსი და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენ მივიღებთ შესანიშნავ შედეგს - მოაზროვნე ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რასაც ახალგაზრდები და უფროსი ასაკის ადამიანები უშვებენ დღეს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გონება, გული გონიერი და სიბრძნე მისცეს ჩვენ ხალხს, რათა ვიცოდეთ, სად არის ჭეშმარიტება.
უფალი ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2008 წ.