სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. მართლაც, დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. ადამიანის გული და გონება ვერასდროს მისწვდება ღვთის განგებას.
საქართველო, რჩეული ქვეყანაა. 26 საუკუნის წინ, 6 საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე, როცა ჩვენს ქვეყანაში ებრაელები ჩამოვიდნენ, მათ თან ჩამოიტანეს ორი უდიდესი საუნჯე - სარწმუნოება ერთი ღმერთისა და ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ღვთის წყალობა და ღვთის ხელია საქართველოზე და რომ ღვთის მადლი უხვად დააბერტყა უფალმა ქართველ ერს.
საოცარია, რომ სწორედ საქართველოში ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; აუხსნელია, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა; საოცარია ისიც, რომ საქართველოს ეკლესია, რომელიც დაფუძნებულია I საუკუნეში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ, სამოციქულო ეკლესიაა და მრავალი სხვა. ადამიანის გონება ვერ მისწვდება, თუ რატომ ჰფენს უფალი ასე უხვად საქართველოს ამ დიდ მადლს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც დიდი მადლი ეძლევა, მას ბევრიც მოეკითხება. აი, ამიტომ, ჩვენი მთავარი და პირველი საუნჯე უნდა იყოს ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება. წმინდა ილია მართალმა თქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ განვმარტეთ ეს საუნჯენი და ვამბობთ: საქართველოს ღმერთმა უბოძა სამი დიდი საუნჯე - ეს არის რწმენა, ჩვენი სამშობლო და ადამიანი, ადამიანის ცხოვრება. ამას უნდა გავუფრთხილდეთ.
წმინდა ანდრია პირველწოდებული განსაკუთრებულია მოციქულთა შორის. უპირველეს ყოვლისა, ის არის ძმა პეტრე მოციქულისა, ამასთან, თქვენ იცით, რომ წმინდა ანდრიამ საქართველოში იქადაგა.
გზა, რომელიც წმინდა ანდრიამ გაიარა, შესწავლილია. დღეს ჩვენთან ბრძანდებიან ჩვენი მეცნიერები, რომელნიც მიემგზავრებიან ანდრია პირველწოდებულის გზით. ისინი კიდევ ერთხელ გადაიღებენ და შეისწავლიან ამ გზას. ესენი არიან: ჩვენი ცნობილი მეცნიერი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზის მკვლევარი, პროფესორი დევი (დავით) ბერძენიშვილი, აქვე არიან მეცნიერები - ელდარ ბუბულაშვილი, მიხეილ ფხაჭიაშვილი, დავით შარაშენიძე, კახაბერ იმნაიშვილი და დავით ასათიანი. მინდა შევთხოვო უფალს: წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ღმერთმა დალოცოს თქვენი მოგზაურობა. ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია არის უძველესი და ამასთან - სამოციქულო ეკლესია. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც იგი ანტიოქიის პატრიარქმა გამოიძახა და უთხრა - საქართველოს ეკლესია პირველ საუკუნეებში ჩვენ გვემორჩილებოდა და ახლაც უნდა დაგვემორჩილოსო, წმინდა გიორგი მთაწმინდელმა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ცხოვრების იმ ადგილზე მიუთითა, სადაც ეწერა, რომ ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში, ივერიაში იქადაგა. ამით წმინდანმა გამარჯვება მოიპოვა და შეწყდა დავა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხზე.
დღეს ჩვენ ვახსენებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს და ყოველი ჩვენგანი ფიქრობს იმის შესახებ, თუ რა გზით განვითარდება ქვეყანა, რა გზით წავა იგი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება არის უდიდესი საუნჯე ქართველი ერისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სარწმუნოება არის განუყოფელი ეკლესიის სარწმუნოება, ანუ როცა არ არსებობდა არავითარი გაყოფა, არ არსებობდა არც მართლმადიდებელი, არც კათოლიკური და მითუმეტეს არც პროტესტანტული ეკლესიები.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეორე დიდი საუნჯე - ეს არის ჩვენი სამშობლო და მას უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრების გამოთქმა: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აყვავდეს ჩვენი სამშობლო. თქვენ იცით, არსებობს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი სულიერი ცხოვრებით, ჩვენი მოღვაწეობით უნდა მივიდეთ იმ გაბრწყინებამდე. არაერთხელ მომისმენია ჩვენთან ჩამოსული პატრიარქების სიტყვები, რომ მსოფლიოში ჩვენ არ გვინახავს ასეთი თავდადებული, მოსიყვარულე და მორწმუნე ერი, როგორც ქართველი ერია. დიდება და მადლობა უფალს!
და მესამე დიდი საუნჯე - ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ყოველ ადამიანს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყველაფერს და ყველას ქმნის მხოლობით რიცხვში, არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ადამიანი, რომელიც მოდის ამქვეყნად, ის აღარ იქნება მომავალში. აი, ამიტომ ადამიანის სიცოცხლე - ეს არის უდიდესი საუნჯე ჩვენი ერისა.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა! წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ.
მინდა დავლოცო ჩვენს მეცნიერები, რომელთაც მიეცემა შვიდ გზის ლოცვები და სანთლები. ღმერთმა დაგლოცოთ, მშვიდობით იმგზავრეთ და მშვიდობით დაბრუნდით იმ გზადან.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2008 წ.