„რწმენა, სამშობლო და ადამიანი, -
ეს არის ჩვენი სამი საზრუნავი, სამი უძვირფასესი საუნჯე,
რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ! ღმერთმა დაგვაჯილდოვა მადლით
და ქართველი ერი სიხარულითა და სიყვარულით ღებულობს მას!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
მთელ საქართველოს, ყოველთა ქართველთა და მკვიდრთა საქართველოისათა, ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!
ძველი რომაელები ამბობდნენ: „ტემპო რე მუტანტურ, ეტნოს მუტამურ ენ ილის“ - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. საოცარი ფერისცვალება მოხდა პეტრესა და პავლეს ცხოვრებაში. ისინი იქცნენ ეკლესიისა და მსოფლიოს მანათობლებად. როგორი დიდებულია მათი ტროპარი! „მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა ზოსცეს უფალმან ქვეყანასა მძვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!“
ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი! „ ვინ იყო პეტრე? ან ვინ იყო პავლე მოციქული? და შემდგომში როგორი მქადაგებლები გახდნენ ისინი?! ეს არის დიდი წყალობა და განგება ღვთისა!
პეტრე მოციქული მეთევზური იყო, ამით არჩენდა ოჯახს. უფალი კი მას მოციქულად ირჩევს! და იგი უერთგულესი მოწაფე ხდება მაცხოვრისა - თავდადებით ემსახურება უფალს და ერთგულად ასრულებს მის სიტყვებს.
პეტრე მოციქულმა მოისმინა უფალის საოცარი ნათქვამი მის მიმართ: „და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ , თუმცა პეტრე მოციქულის ცხოვრებაშიც იყო დაბრკოლების ხანმოკლე პერიოდი, როცა მას შეეშინდა და უარყო უფალი, მაგრამ მალევე დადგა დრო, როცა პეტრე მოციქული ამბობს: „რა ღირსი ვარ ისევე მაცვათ ჯვარს, როგორც მაცხოვარი, მე თავდაყირა გამაკარით ჯვარზე!
პავლე მოციქული - ეს დიდებული პიროვნებაა, რომელმაც განათლება გამალიელთან მიიღო. იგი ითვლებოდა მოსეს სჯულის აღმსრულებლად, და დევნიდა ქრისტიანებს. მაგრამ როცა პავლე მიდიოდა დამასკოში, რათა იქ ქრისტიანები დაერბია. მოულოდნელად თავადვე მოექცა ქრისტეს სჯულზე! უფალმა დაინახა მასში ის სუფთა ჭურჭელი, რომელიც აღავსო მადლითა სულისა წმინდისა და იგი გახდა უერთგულესი მქადაგებელი უფლისა.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერზე, - ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით მომავალში. ქართველმა ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, კარგად უნდა შეიგნოს, რა არის მართლმადიდებელი სარწმუნოება, რა არის სამშობლო და ვინ არის ადამიანი, რა ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს. რწმენა, სამშობლო და ადამიანი, - ეს არის ჩვენი სამი საზრუნავი, სამი უძვირფასესი საუნჯე, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ! ღმერთმა დაგვაჯილდოვა მადლით და ქართველი ერი სიხარულითა და სიყვარულით ღებულობს ამას. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პატრიარქებისგან თუ მღვდელმთავრებისგან - მსგავსი რწმენა და სიყვარული არსად გვინახავსო. „დიდ ხარ შენ, უფალო!“ დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის! მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და არა ჩვენი დამსახურება!
ლოცვა-კურთხევა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს! მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2008 წ.