„...ცოდვა - არის მძიმე ტვირთო, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ადამიანი!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანბეს: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“. ეს არის მოწოდება სრულყოფისაკენ. სრულყოფა - ეს არის ის დაუსრულებელი კიბე, რომელსაც აჰყავს ადამიანი ზეციურ სამყაროში. რა თქმა უნდა, ადამიანი ვერასდროს გახდება ისეთი, როგორიც მამაზეციერია და აქედან გამომდინარე, ზესვლაც უსასრულოა.
დღეს არის ხსენება მარიამ ეგვიპტელისა, რომელიც გვაძლევს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ დაცემული, ვნებებით სავსე ადამიანი ავიდეს საოცარ სულიერ სიმაღლეზე.
წლების მანძილზე მარიამ ეგვიპტელი იყო სიძვის ცოდვაში ჩაფლული: მაგრამ მან დაინახა თავისი დაცემა, შეიგრძნო და შეინანა თავისი ცოდვა, განწმენდის გზას დაადგა და უდაბნოში სამოღვაწეოდ წავიდა.
უნდა ითქვას, რომ ცოდვა ადამიანის თანამგზავრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ მას. ერთ-ერთი მცნება, რომელიც უფალმა მოგვცა, არის - „არა იმრუშო!“ ეს ცოდვა მძიმედ აწევს კაცობრიობას; თუმცა სიძვის ცოდვა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მისდამი დამოკიდებულება ჩვენს დროში შეიცვალა: წარსულში ადამიანი ხედავდა, რომ ეს ცოდვაა და ებრძოდა, არ ურიგდებოდა მას, ახლა კი ადამიანი შეეგუა ამ დაცემულ მდგომარეობას და იგი ზოგჯერ ბუნებრივ მოვლენადაც მიაჩნიათ. უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვა - არის ის მძიმე ტვირთი, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პიროვნება.
წმინდა ეფრემ ასური მოგვიწოდებს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩემისა!“ დიახ, ჩვენ უნდა გვქონდეს განცდაი თვისთა ცოდვათა და არასდროს უნდა შევეგუოთ დაცემულ მდგომარეობას.
წმინდა მარიამ ეგვიპტელის ლოცვით ღმერთმა მოგვცეს განცდაი თვისთა ცოდვათა, მოგვცეს ძალა, რომ ვებრძოლოთ სიძვის საშინელ და მძიმე ცოდვას! უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა ჩვენთან და იგი აუცილებლად დაგვეხმარება, მთავარია ჩვენ ეს გულით მოვინდომოთ.
გუშინ ჩვენს დიდ პოეტს მუხრან მაჭავარიანს 79 წელი შეუსრულდა. მინდა თქვენი სახელით, ჩვენი სამღვდელოებისა და პირადად ჩემი სახელით მივულოცო მას ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან. მომავალ წელს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მის საიუბილეოთ თარიღს - 80 წლისთავს. ღმერთმა ძალა მისცეს და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა კიდევ ბევრი ლექსი შეექმნას და კვლავაც გაემდიდრებინოს თავისი შემოქმედება.
დღეს ასევე 80 წელი შეუსრულდებოდა ზურაბ ანჯაფარიძეს. ვულოცავთ ამ თარიღს მის ოჯახს.
დღეს აქ ბრძანდება ბატონი ლევან ჭიტაძე, რომელიც არის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი; ჯგუფს ეწოდება ,,1978 წლის 14 აპრილი“ - ეს არის უმაღლესი სასწავლებლის საინიციატივო ჯგუფი. მინდა დავლოცო ისინი და დიდი წარმატებები ვუსურვო.
ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
შეგახსენებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე სულ ორი კვირა დარჩა. მომავალი კვირიაკის შაბათი უკვე ლაზარეს შაბათია და ჩვენ აქ შევასრულებთ საზეიმო წირვას; მომავალი კვირა - ბზობაა და შემდეგ დაიწყება ვნების შვიდეული.
ვინც დღემდე ვერ იმარხულა, ახლა მაინც უნდა შეუდგეს მარხვას და ღირსეულად შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ღმერთმა მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14, 2008 წ.