„ბევრჯერ თქმულა, თითქოს მე
ჩავიბარე სუდარაგადაფარებული ეკლესია, მაგრამ ეს არ არის სწორი.
სურადაგადაფარებულ ეკლესიაში იყო ძლიერი სული და მადლი სულისა წმიდისა,
მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა. ამ სულმა წმინდამ გამოაცოცხლა საქართველოს
ეკლესია და იგი გახდა უდიდესი და უძლიერესი ძალა ჩვენი ერისა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოველ თქვეგანს, მთელ საქართველოს და ყოველთა ქართველთა და მკვიდრთა საქართველოისათა ვულოცავ ამ დღესასწაულს. სვეტიცხოვლის მადლი და ძალა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას; სვეტიცხოვლის ძალამ და მადლმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ბედნიერი ვართ ჩვენ და ბედნიერია ჩვენი ერი, რომ ამდენი სიწმინდე ბრძანდება საქართველოში! შემთხვევით არაფერი ხდება. არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველოში ჩამოაბრძანეს ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, არც ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოაბრძანეს კვართი უფლისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დიდება და მადლობა უფალს ამ წყალობისათვის! სწორედ ეს ძალა იცავდა წარსულში ჩვენს ქვეყანას, იცავს დღესაც და მომავალშიც დაიფარავს სრულიად საქართველოს!
ოდითგანვე ბევრი მტერი ჰყავდა ჩვენს სამშობლოს, რომელნიც ცდილობდნენ, ხერხემალში გადაეტეხათ იგი, მაგრამ ყოველთვის ამაო იყო და დღესაც ამაოა მათი ეს ზრახვები. ღმერთი დაიცავს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიფარავს სრულიად საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან.
დღეს მე მივიღე უმაღლესი ჯილდო. ალბათ, არც ეს არის შემთხვევითი და ესეც ღვთის განგებით მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ვმადლობ წმინდა სინოდს, რომელიც ასე ერთულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ეკლესია - ეს არის სასწაულებრივად მკვდრეთით აღდგომილი ეკლესია.
ბევრჯერ თქმულა, თითქოს მე ჩავიბარე სუდარაგადაფარებული ეკლესია, მაგრამ ეს არ არის სწორი. სურადაგადაფარებულ ეკლესიაში იყო ძლიერი სული და მადლი სულისა წმიდისა, მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა. ამ სულმა წმინდამ გამოაცოცხლა საქართველოს ეკლესია და იგი გახდა უდიდესი და უძლიერესი ძალა ჩვენი ერისა.
უპირველეს ყოვლისა, ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად - ერი და ბერი და რომ უპირველეს ყოფლისა, სულიერი საქმე უნდა ვაკეთოთ, ხოლო მატერიალური - თავისთავად მოვა.
ხშირად მეკითხებიან, როგორ დავახასიათებდი ამ 30 წელს. ეს იყო არის ტანჯვის წლები და მე ვუწოდე მათ „მზიანი ღამე“. მართალია, ღამე იყო, მაგრამ მზე მაინც ანათებდა და უფალი ჩვენთან იყო. ველოდებით, რომ მალე დამთავრდება ღამე და დადგება მზიანი დილა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო! ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება! ღმერთმა გააძლიეროს ქართველ ხალხში შენდობის გრძნობა! ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია გვქონდეს შურისძიების სურვილი. ნათქვამია, რომ შურისმაძიებელმა ორი სამარე უნდა გათხაროს: ერთი მტრისთვის და მეორე - თავისთვის.
ამიტომ, ყველას უნდა შევუნდოთ და ღმერთიც შეგვინდობს და მოგვცემს ჩვენი თხოვნისა და ლოცვის მიხედვით. ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ვგრძნობთ ამას. დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი სიყვარულისა და წყალობისათვის!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და მთელი საქართველოს მამაზეციერმა, ამინ.
დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა დეკანოზი ბიძინა გუნია, როემლსაც თქვენ კარგად იცნობთ (იგი თბილისის სემინარიაში ლიტურგიკას ასწავლის), დღეს ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით და, ამასთან ერთად, ინიშნება ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ქაშვები მნიშვნელოვანი ტაძარია. თქვენ იცით, რომ იქ უპირველეს ყოვლისა, მის აღდგენით სამუშაოებში ღებულობდა მონაწილეობას უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე. იქ მოღვაწეობდა უწმინდესი და უნეტარესი დავით დევდარიანი და მრავალი სხვა სახელოვანი წინაპარი, ამიტომ იგი სულიერებით, წირვა-ლოცვით, კეთილი საქმეებით უნდა იყოს გამორჩეული და სამაგალითო.
დღეს ასევე მინდა დავაჯილდოვო მღვდელი მიქაელ ბუკია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, მთელი საქართველო და ღმერთმა დააჯილდოვოს მთელი საქართველო თავისი დიდი სიყვარულით.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2008 წ.