„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის გულის განწმედა, რადგან სიკეთე და მადლი ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის დიდი საუფლო დღესასწაული - მირქმა უფლისა. ამ დღეს ადამიანი შეხვდა ღმერთს იერუსალიმის ტაძარში. ძველი აღთქმა, რომელიც იქ წარმოდგენილი იყო მართალი სვიმეონის სახით, დასრულდა და დაიწყო ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოვლინებით.
ამ დღეს მართალმა სვიმეონმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც უნდა ახსოვდეს ყოველ მორწმუნე ადამიანს: „ან განუტევე, მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით...“ მართალი სვიმეონი დაღლილი იყო თავისი ცხოვრებით, ელოდებოდა მესიას და სახარებაში წერია, რომ სულიწმინდის კარნახით იგი მივიდა ტაძარში იმ დროს, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მეორმოცე დღეს, იუდეველთა წესის შესაბამისად, მიიყვანეს ტაძარში, როგორც პირმშო. სვიმეონ მიმრქმელმა აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა ეს საოცარი სიტყვები.
ჩვენ არაერთხელ გვქონია ასეთი შეხვედრა უფალთან. როდესაც ადამიანი აღსარებას აბარებს, უფალი უხილავად დგას მასთან და ადამიანს უნდა ახსოვდეს ის დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი მნიშვნელობა აღსარების საიდუმლოსი, როდესაც უფალი ცოდვათა შენდობას აძლევს მას და მონანული წმინდა ზიარებით უერთდება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ცხადია, რომ ესეც არის შეხვედრა ადამიანისა უფალთან. გარდა ამისა, ყოველი ჩვენი ლოცვა არის ჩვენი შეხვედრა ღმერთთან. და რაოდენ დიდია ადამიანის პასუხისმგებლობა ამ დროს! იგი კარგად უნდა აცნობიერებდეს, ლოცვისას რა გრძნობებით უნდა იყოს გამსჭვალული მისი გონება და მისი გული.
ძველი ფილოსოფოსები და მათ შორის დიდი ანტიკური ფილოსოფოსი პლატონი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის მომზადება მომავალი ცხოვრებისათვის, მომზადება გარდაცვალებისათვის. რაც არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მისი გარდაცვალება მოახლოებულია, მისთვის მაინც ყოველთვის მოულოდნელია, როცა იგი იმ კარიბჭესთან დგება, რასაც გარდაცვალება ეწოდება. ყოველი ჩვენგანი ევედრება უფალს, რომ მისი გარდაცვალება იყოს მშვიდობიანი და ამქვეყნიდან მომზადებული გავიდეს. ყველაზე ძნელია, როცა ადამიანი სრულებით არ ელოდება სიკვდილს, და ამსოფლიდან მოულოდნელად და შესაბამისად - მოუმზადებლად გადის.
ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს თავის სულზე, თავის ცხოვრებაზე. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერი ყოფა არის მომზადება იმ საუკუნო ცხოვრებისათვის და ამასთან ერთად, - ეს არის გამოცდა თითოეული ჩვენგანისათვის.
ადამიანს მრავალი განსაცდელი ხვდება ცხოვრებაში, მაგრამ თუკი მას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარდაცვალება მისთვის არ არის მძიმე ფაქტი, არამედ ეს არის ბუნებრივი გადასვლა საუკუნო ცხოვრებაში.
ღმერთმა ინებოს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, გონიერება, სიბრძნე, რათა ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს ამ უკანასკნელ დღეზე, ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოემზადოს იგი ამ საოცარი და გარდაუვალი დღისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ გვქონოდეს სიბრძნე და განცდა იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს წინაშე ღვთისა და პასუხი აგოს თავის ცოდვებზე და მის მიერ განვლილ ცხოვრებაზე. ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს.
დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით.
ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი!
დღეს არის განსაკუთრებული დღე კიდევ იმიტომ, რომ ამ დღეს გამოყვანილი იყო ავღანეთიდან საბჭოთა ჯარი. დღეს აქ ბრძანდებიან ყოფილი ჯარისკაცები, რომელთაც მოუწიათ იმ პერიოდში ავღანეთში მსახურება. ვეტერანთა ამ ჯგუფის - თავმჯდომარეა ნუგზარ კახნიაური. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დღეს.
მახსენდება, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მოითხოვდა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანას ჟენევაში ვიმყოფებოდით ორი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირიდან: მე და მიტროპოლიტი კირილე - რუსეთიდან. იყო კენჭისყრა ამ საკითხზე და ყველა უჭერდა მხარს, რომ საბჭოთა ჯარებს უნდა დაეტოვებინა ავღანეთი. ჩვენც დავუჭირეთ მხარი ამ წინანადებას. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, რომ აი, საქართველოდან და რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირებიც ასევე მხარს უჭერენო ჯარების გამოყვანას. როდესაც ჩვენ მოსკოვში დავბრუნდით - გვისაყვედურეს - მე უფრო თავაზიანად, მიტროპოლიტს კი დიდი საყვედური უთხრეს ამის გამო. მიუხედავად ამისა, ეს მაინც მოხდა და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ მშვიდობით დაბრუნდით შინ. თქვენთვის აქ გვაქვს საჩუქრად სანთლები და შვიდგზის ლოცვები, რომელთაც ახლა ყველას მოგართმევთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ მშვიდობით და სიხარულით დავამთავროთ ჩვენი მიწიერი მსვლელობა თავის დროზე და მშვიდობით შევხვდეთ საუკუნო ცხოვრებას!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6, 2008 წ.