„რწმენას ადამიანმა უნდა მიაღწიოს ან დიდი ცოდნით, დიდი განათლებით, ან თავისი უბრალოებით...“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დავით მეფსალმუნე ამბობს: „თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: „არა არს ღმერთი.“ დავით წინასნარმეტყველი ქრისტეს შობამდე 11 საუკუნით ადრე ცხოვრობდა და აი, იმ დროსაც იყო უკვე ადამიანის გულში ეჭვი, არსებობს თუ არა ღმერთი.
მახსენდება წინა პატრიარქების ნაამბობი იმის შესახებ, რომ კალისტრატეს დროს, თუ უფრო ადრეც, სოხუმის მიტროპოლიტი იყო მელქისედეკი, რომელიც შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. მას წარმოუთქვამს ქადაგება ამ თემაზე: „თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: „არა არს ღმერთი“. რა თქმა უნდა, მას უსმენდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აკონტროლებდნენ ეკლესიას და ცდილობდნენ, რამე ზიანი მიეყენებიათ მისთვის. ქადაგების დამთავრებისთანავე მთავრობიდან დაურეკავს ვიღაცას პატრიარქისთვის და დამუქრებია, წაიყვანეთ ეს მღვდელმთავარი სოხუმიდან, თორემ დავაპატიმრებთო. წარმოიდგინეთ, ამ ქადაგებისთვის აპირებდნენ მის დაპატიმრებას! პატრიარქი იძულებული გახდა იგი სოხუმიდან გამოეწვია.
ღვთის არსებობის, ღვთის რწმენის საკითხი - მეტად რთულია. ადამიანმა რწმენას უნდა მიაღ წიოს ან დიდი ცოდნით, დიდი განათლებით, ან თავისი უბრალოებით.
მრავალი ადამიანი, რომელთაც არ გააჩნდათ სათანადო განათლება, ათეისტების პერიოდში, ბევრ შემთხვევაში, ურწმუნო იყო. ამიტომ უკვირდათ, ფიზიოლოგი პავლოვი რომ ღმერთს აღიარებდა. რევოლუციის შემდეგ მას ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ჰკითხა: „ნუთუ თქვენ, ასეთი დიდი მეცნიერი, მორწმუნე ხართ?“ პავლოვს უთქვამს მისთვის: „როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმინდანიც კი გახდე“.
მახსენდება ჩემი სტუდენტობის ელები. ჩვენ გვყავდა ერთი პროფესორი - კოზლოვი, საოცარი პიროვნება, მან ერთხელ ასეთი მაგალითი გვითხრა: იყო ორი ასტრონომი, რომლებიც ღვთის არსებობის შესახებ მსჯელობდნენ. ერთი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არსებობს, ხოლო მეორე საპირისპიროს და მტკიცებულებად ის მოჰყავდა, რომ მთელი სიცოცხლე ცას აკვირდებოდა და ღვთის კვალი არსად უნახავს. ამაზე მისმა მეგობარმა ასტრონომმა დასძინა: „შენ ერთი რამ დაგავიწყდა, - საკუთარ გულში ჩახედვა, ღმერთი კი სწორედ იქ არის!“
ადამიანის და, საერთოდ, ცხოვრების საფუძველი - სარწმუნოებაა! აქედან მოდის მადლი ღვთისა. ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლს“. ეს სიტყვები რატომღაც რუსულად მითხრა უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემმა, როცა მე პირველად მივედი ლოცვა-კურთხევაზე მასთან. მაშინ სტუდენტი ვიყავი. მან შემომხედა და თქვა: „Бог гордым противится, а смиренным дает благодать“. ჭეშმარიტად, ეს სიტყვები ყველას უნდა გვახსოვდეს. და მე ასევე ვიხსენებ ერთი მოხუცებული ებრაელის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „შეიძლება დაკარგო ფული და სიმდიდრგ, იცოდე, რომ არაფერი დაგიკარგავს. შეიძლება დაკარგო ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი ხომ ხარ, ნუ გეშინია. მაგრამ თუკი შენ დაკარგე მადლი ღვთისა, უკვე ყველაფერი დაგიკარგავს“. ღმერთმა ინებოს, რომ მადლი ღვთისა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენში.
ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს. მთელი მსოფლიო მოცულია წინააღმდეგობებით, სულიერი, პოლიტიკური თუ ეკონომიური პრობლემებით. და აი, ამ დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მთავარი - არ უნდა დავკარგოთ რწმენა. უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება არის განუყოფელი ეკლესიის სარწმუნოება.
ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ხელოვნება მთლიანად დაყრდნობილია მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე. ჩვენი ეკლესია მუდამ ამთლიანებდა და ადუღაბებდა ჩვენს ერს და დღესაც ეს ტრადიცია მტკიცეა ჩვენში. და მე მჯერა, რომ ჩვენი ერი ამ გზას არ გადაუხვევს!
მოხარული ვართ, რომ დღეს სამების ტაძარში წირვაზე ბრძანდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინდა აღვნიშნო: მიუხედავად იმისა, რომ იგი ახალგაზრდა პიროვნებაა, ხალხმა უკვე შეიყვარა და მისი იმედი აქვს. მინდა ვთქვა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ხალხს უნდა დავეხმაროთ; მაგრამ დავეხმაროთ იმით კი არა, რომ სურსათი და პური მივცეთ, - სამუშაო ადგილები გავუჩინოთ. მე ახლა ჩამოვედი გერმანიიდან. იქ მქონდა შეხვედრები ქართულ დიასპორასთან და ვნახე, თუ როგორ წვალობენ ჩვენი თანამემამულენი საზღვარგარეთ. ზოგიერთი მათგანი არალეგალურად არის გადასული საზღვარზე, ზოგიერთი სხვისი პასპორტით ცხოვრობს... მათ ყველას ძალიან უნდათ სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ვერ ჩამოდიან, რადგან ოჯახები ჰყავთ სარჩენი და ამბობენ: „რა უნდა ვაკეთოთ საქართველოში, როგორ ვიცხოვროთ, როცა არ არის სამსახური?“ ამიტომ, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ყოველმხრივ ვეცადოთ, - გაჩნდეს სამუშაო ადგილები და ეს ხალხი სამშობლოში დავაბრუნოთ; თუ დროზე არ დავაბრუნეთ, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი სხვა ერებში გაითქვიფებიან და მერე უკვე ყველაფერი გვიანი იქნება.
მინდა დავლოცო ჩვენი პრემიერ-მინისტრი ბატონი გრიგოლი წმინდა სამების ხატით და ვუსურვო მას დიდი წარმატება და მადლი ღვთისა!
მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ მეუფე აბრაამს შეუსრულდა 60 წელი და ყოველი თქვენგანის სახელით, წმინდა სინოდის და ჩვენი სამღვდელოების სახელით, გულითადად ვულოცავთ მას ამ დიდებულ თარიღს! მინდა ვთქვა, რომ ეს ასაკი - სიბრძნის პერიოდია და იმედია, რომ მეუფე აბრაამი ბევრს კეთილ საქმეს გააკეთებს საქართველოს ეკლესიისთვის. ვითვალისწინებთ მის დიდ მოღვაწეობას, - როგორც იცით, იგი არის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და ახლა ჯილდოვდება ბრილიანტის ჯვრით სკუფიაზე ტარების უფლებით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს სრულიად საქართველო!
მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ ლოცვისთვის. თქვენი ლოცვა მეწეოდა გერმანიაში ყოფნის დროს; და ალბათ, თქვენმა ლოცვამ გადაგვარჩინა - მეც და თქვენც.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს არის მთავარანგელოზობა. წირვა-ლოცვა სამების ტაძარში შესრულდება.
კვირას გიორგობაა. შაბათს ლოცვას აღვავლენთ ქაშვეთში, წირვას კი აქ, სამების ტაძარში შევასრულებთ.
მრავალს დაესწარით და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2008 წ.