„დღეს, როგორც არასდროს, ერი უნდა
იყოს ერთ მუშტად შეკრული.
გვჭირდება ერთი ძალა, ერთი ნება, რომ ვსძლიოთ მტერს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მიუწვდომელია ღვთის განგება ადამიანის გონებისა და სულისათვის. ჩვენ ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ ასეთი საშინელი ომი მოხდებოდა საქართველოში!
ორი დღის წინ ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩავსულიყავით გორსა და ნიქოზში. ამ საქმეში ჩვენ რუსეთის ეკლესია დაგვეხმარა. მადლობელი ვარ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ კირილესი, რომლის ძალისხმევითაც ეს გახდა შესაძლებელი.
ჩვენ ვიყავით იმ რეგიონში, სადაც საშიში მდგომარეობაა. ეს ადგილები დღეს თითქმის დაცლილია, მოსახლეობა, ძირითადად, გახიზნულია. გვქონდა შეხვედრა ნიზოქისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთან და სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოს ანდრიასთან, შევხვდით ხალხს, იქ დარჩენილ მოსახლეობას, რომლებიც სასოწარკვეთილებაში არიან. ჩვენმა ჩასვლამ იქ იმედი ჩაიტანა; ჩვენ ვანუგეშეთ ჩვენი ძმები და დები, ჩვენი სულიერი შვილები. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იმედი ჩაგვესახა მათთვის. მათ ყველაფერი აკლიათ, ახლა იქ სიტუაცია არეულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა შეიცვლება.
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ დღეს, ამ წირვაზე, ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცრები. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი პატრიარქობის ამ 30 წლის მანძილზე ეს არის პირველა შემთხვევა, როცა ჩვენი ჯარისკაცები ჩვენთან ერთად არიან ეკლესიაში.
ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სულიერი ძალა და მადლი!
მინდა ყველას გითხრათ: დღეს, როგორც არასდროს, ერი უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული. გვჭირდება ერთი ძალა, ერთი ნება, რომ ვსძლიოთ მტერს.
ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს! ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება რუსეთის ჯარისა და რუსი ერის გაიგივება. რუსი ხალხი მაინც პატივისცემითაა განწყობილი ქართველების მიმართ და რუსეთის და საქართველოს ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ნდობა და პატივისცემა, რომელიც იყო ჩვენს შორის. ჩვენ ჩვენი მხრიდან ამას შევეცდებით.
მინდა შევთხოვო უფალს, რომ ერთობა იყოს ქართველებს შორის. ჩვენმა ხალხმა ჩვენი ჯარი უნდა შეიყვაროს. მინდა მივმართო ჩვენს მრევლს, ჩვენს ხალხს, ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად დადიხართ ამ წმინდა ტაძარში, - ეს ჯარისკაცები თქვენი შვილები არიან! და თქვენ სითბო, სიყვარული და მზრუნველობა უნდა აჩვენოთ მათ.
დღეს ყველანი დათრგუნულები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ჯარია დათრგუნული. ჩვენ გვესმის თქვენი განსაცდელი. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დამარცხებულნი არ ვართ!
თუმცა, ამ ომში არავინაა გამარჯვებული. უფრო სწორად, ამ დაპირისპირებაში თუკი ვინმემ რამე წააგო, ვფიქრობ, ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთია. კიდევ ერთხელ მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ძალიან მახარებს ჩვენი სამხედროების მოსვლა დღეს ტაძარში. ეს თქვენი ტაძარია, იგი ყველასია. და ეს დღე უნდა გახდეს დასაბამი თქვენი გაეკლესიურებისა. ჩვენო ოფიცრებო და ჯარისკაცებო, თქვენ უნდა იცოდეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, უნდა იცნობდეთ ჩვენს ფასეულობებს. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მაგალითი თავმდაბლობისა, სიყვარულისა, სიკეთისა და ღირსეული ჯარისკაცობისა, თვითგანათლებაზე უნდა მუშაობდეთ, სულ უნდა სწავლობდეთ. თქვენი ყოველდღიული თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი. საკუთარი ფესვების კარგად ცოდნა აუცილებელია ჯარისკაცისთვის!
მინდა, სახსოვრად მოგართვათ ვერცხლის სამაჯურები, რომელზეც აწერია: „ღმერთმა დაგლოცოთ“ და ჩემი სახელი. გარდა ამისა, თქვენთვის საგანგებოდ მომზადებულია სადილი სასადილოში და ჩვენი ბერები გიმასპინძლებენ.
დასასრულს, მინდა გითხრათ: ნუ შეშინდებით, არ შეძრწუწდეს გული თქვენი! ყველაფერი წარმავალია და ეს მწუხარებაც წარმავალია და ჩვენი განსაცდელი ღვთის მადლითა და ღვთის შეწევნით, აუცილებლად მშვიდობითა და სიხარულით შეიცვლება!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, სპეციალური გამოშვება, 28 აგვისტო 2008 წ.