„...ადამიანს უნდა სძულდეს ცოდვა და მისთვის ახლობელი უნდა იყოს მადლი ღვთისა...“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!
„უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა!“ მართლაც, ყველგან და ყოველთვის უფალი სუფევს, უფალი მეფობს. ღვთის განგება მუდამ მიმართულია ადამიანის კეთილდღეობისა და სულიერი თუ ფიზიკური ამაღლებისაკენ. დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის!
სახარებაში წერია, რომ იერუსალიმში დიდებით შესვლის წინ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები სხვა სოფელში და დაავალა, ეპოვათ იქ ვირი და მასთან კვიცი და მისთვის მიეყვანათ. მოციქულებმა მაცხოვარს კვიცი მიუყვანეს, თავისი ტანსაცმელი დაუგეს და ზედ შესვეს უფალი.
სახარებაში წერია, რომ შეიძრა მთელი იერუსალიმი; ხალხი თაყვანს სცემდა მაცხოვარს; უფენდნენ ტანსაცმელს, ჭრიდნენ ფინიკის ტოტებს (რომელიც არის სიმბოლო დიდებისა და ძლიერებისა), უგებდნენ ფერხთით და ადიდებდნენ: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“ ასეთი ზეიმით მხოლოდ გამარჯვებულ მეფეებს ხვდებიან! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხედავდა ამ ღაღადისს და ტიროდა. ტიროდა, რადგან უწყოდა, რომ გავიდოდა სულ რამდენიმე დღე და იგივე ხალხი, რომელიც დღეს ადიდებდა უფალს, შესძახებდა: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!“
აი, ასეთი ცვალებადია ადამიანი. რატომაა ასეთი ცვალებადობა ადამიანში, რატომ იცვლება ამგვარად ადამიანის ხასიათი, მისი ბუნება? ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანი არასდროს რჩება მარტო, ის აუცილებლად ექცევა ან კეთილი ძალების გავლენის ქვეშ და მაშინ მასზე ღვთის მადლი მოქმედებს, - ან ბოროტი სულების გავლენის ქვეშ და მაშინ იგი უფალს განეშორება. ბედნიერია ის, ვისაც აქვს კავშირი სულიწმინდასთან და აღვსილია მისი მადლით. „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“ ეს დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ხდება ადამიანის სულიერი სამყაროს განწმენდა.
შევთხოვთ უფალს, მოგვცეს გული წმინდა, სული წრფელი, გონება საღი, სხეული ჯანმრთელი, რომ უფალმა განაახლოს ბუნებაი ჩვენი და დავინახოთ, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება. ადამიანს უნდა სძულდეს ცოდვა და ახლობელი უნდა იყოს მადლი ღვთისა, რომელიც არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.
დღეს ბზობის დღესასწაულს ამშვენებს კიდევ ერთი სიხარული: წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიამ ყოვლადწმინდა სამების ტაძარს შემოწირა წმინდა გიორგის ხატი, და აი, კიდევ ერთი ხატი შეემატება ჩვენს ეკლესიას, რაც ნიშანია იმისა, თუ რამდენად მოწყალეა უფალი ჩვენდამი.
ვითვალისწინებთ რა დეკანოზ გიორგი ყიფშიძის მოღვაწეობას, გადავწყვიტეთ, დავაჯილდოვოთ იგი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მამა გიორგი ბრძანდება სასულიერო პირი და ამავდროულად ხატმწერიც. წმინდა გიორგის ეს ხატი მისი ხელითაა დაწერილი. იმედი გვაქვს, რომ მისი ხელოვნება ხატწერაში უფრო მეტად განვითარდება.
დღეს ასევე ჩვენთან ერთად ბრძანდება მღვდელ-მონაზონი ლაზარე (მახარაშვილი), რომელიც წლების მანძილზე მოღვაწეობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, დღეს აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!
ბზობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო და მთელი ქვეყანა!
ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2008 წ.