„როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინასე მისთვის ლოცულობს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
დღეს არის ორი დიდი წმინდანის - წმინდა ნიკოლოზისა და ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა ხსენება; მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
წმინდა ნიკოლოზი იყო დიდად მოწყალე. თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, რომ იგი ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ამას საიდუმლოდ იქმოდა, რომ არავის შეეტყო მისი ქველმოქმედების შესახებ. ამ დაფარული ღვაწლის გამო ღმერთმა დააჯილდოვა იგი უდიდესი წყალობით და მისცა მსწრაფლ შეწევნის სასწაულთმოქმედი ძალა.
ყოველი ჩვენგანი ხშირად ვკითხულობთ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას და მათ ტროპრებს. მრავალ ტროპარშია ნახსენები ცრემლი. მაგალითად, წმინდა მღვდელმთავრის საზოგადო ტროპარში წერია: „ცრემლითა სთესე და სიხარულით მოიმკე“. ეს მეტად მნიშვნელოვანია. ასე რომ, თუ ჩვენც ცრემლით ვთესავთ, სიხარულით მოვიმკით.
გუშინ საჩუქრად მივიღე წიგნი, - (დღეს აქ ბრძანდება მისი ავტორი, ცნობილი პოეტი ჯანო ჯანელიძე) - ლექსების კრებული. წიგნს ეპიგრაფად აქვს მეტად საგულისხმო სიტყვები, რომელმაც მე ძალიან დამაფიქრა - „ცრემლივით მძიმე, ცრემლივით წმინდა“.
მართლაც, როგორი საიდუმლოებითაა მოცული ცრემლი ადამიანისა! იგი ნაჟურია ადამიანის გულისა, - მისი მწუხარებისა თუ სიხარულისა. ძალიან ახლოს არის ცრემლი უფალთან!
მინდა გავიხსენო ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება. თქვენ იცით, ახალგაზრდობაში იგი ძალიან თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა. 16 წლის ასაკში უკვე ჰყავდა უკანონო შვილი. დედამისი ძალიან წუხდა და ცრემლით ევედრებოდა უფალს მის მოქცევას. ავგუსტინე იყო უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა. ბოლოს, დედა ამბროსი მედიოლანელთან მივიდა, რომ ეთხოვა მისთვის, ჩემი შვილისთის ილოცეო. ამბროსიმ ჰკითხა მას: „თუ ლოცულობ შენი შვილისთვისო“? „კი, ვლოცულობო,“ - მიუგო დამწუხრებულმა დედამ. „ცრემლით თუ ლოცულობო?“ - ჩაეძია წმინდა ამბროსი. „კი, ცრემლით, ვლოცულობო“, - მიუგო დედამ. მამინ ამბროსი მედიოლანელმა უთხრა: „შეუძლებელია, დედის ცრემლი დაიკარგოს ღვთის წინაშეო“. ამბროსი მედიოლანელმა აღავლინა ლოცვა ავგუსტინესთვის და აი, ერთ დღეს ავგუსტინემ მოულოდნელად ბიბლიის კითხვა დაიწყო. წმინდა წერილის კითხვამ მას ცრემლი მოგვარა. და გავიდა ავგუსტინე ბაღში და მწარედ ატირდა თავისი ცოდვებისა გამო. ამის შემდეგ მოექცა იგი და გახდა იკონიის ეპისკოპოსი და ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი.
მინდა, გავიხსენო ერთი მაგალითი ჩემი ბავშვობიდან. თუ გინახავთ, როგორ ტირიან ცხოველები? დიდი ზემოქმედების ძალა აქვს ცრემლს. მახსოვს, ჩვენს ოჯახს ყაზბეგში ჰყავდა ძროხა, რომელიც ერთხელ კლდიდან გადმოვარდა. მახსენდება, როგორ იდგა წინა ფეხებზე და უკანა ფეხებს ვერ ხმარობდა - გადამტვრეული ჰქონდა და ტიროდა. ცრემლიანი თვალებით შემოგვყურებდა, თითქოს დახმარებას ითხოვდა. ჩვენ კი ვერაფერს ვშველოდით. მშობლები იძულებულნი გახდნენ, დაეკლათ იგი. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სანახაობამ.
დიდი ძალა აქვს ლოცვას, მაგრამ ცრემლით ლოცვა, - ეს არის უდიდესი მადლის მატარებელი. მართლაც, მძიმეა ცრემლი და ამავე დროს წმინდაა. წმინდა მამები ამბობენ: როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს.
მახსენდება, ჩვენი პირველი ვიზიტი იერუსალიმში, - დიდი დელეგაციით ვიყავით. როდესაც მაცხოვრის საფლავს მივუახლოვდით, მიმოვიხიდე და დავინახე, რომ ყველა ტიროდა, - ვერავინ იკავებდა ცრემლს. როდესაც გარეთ გამოვედით, ცალ-ცალკე ყველას ვკითხე, რა იყო თქვენი პირველი ლოცვა, რას სთხოვდით უფალს-მეთქი და ყოველმა მათგანმა მიპასუხა: სამშობლოს გადაარჩენა შევავედრეთო.
დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს და ღირს მამა შიო მღვიმელს, რომ გადაარჩინოს ჩვენი სამშობლო! ღმერთი მოწყალეა და საქართველო, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, აუცილებლად გამთლიანდება და გადარჩება!
შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზის და შიო მღვიმელის ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2008 წ.