„დავიღალე, დავიღალე, მოდი
ჩემთან უფალო!“ ამით ჩვენ უფლის წინაშე ვაცხადებთ:
აღარ შეგვწევს ძალა, მოგიახლოვდეთ შენ, უფალო, ამიტომ შენ თავად მოდი ჩვენთან!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან არის ხსენება ყოველთა წმინდანთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანია ამ დღესასწაულის მოზიარე, რადგან ნათლობით ყველას რომელიმე წმინდანის სახელი გვაქვს შერქმეული.
რა არის, საზოგადოდ, სიწმინდე? სიწმინდე ღმერთთან მიახლოებაა, სიწმინდე, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი განწმენდა. „უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა...“ - აი, ეს ლოცვა არის სიწმინდე, ანუ ისეთი სულიერი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს თავის ცოდვებს. თუ ადამიანს აღარ აქვს განცდა თვისთა ცოდვათა, იგი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ასეთ ადამიანებზე წმინდა მამები და მოციქულები ამბობენ, რომ მათ დამწვარი აქვთ სინდისი. ცოდვა მძიმე ტვირთია და ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაცემის შემდეგ კვლავ დგება და თავის ცხოვრების გზას განაგრძობს.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ასეთი საგალობელი შეიქმნა: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. ხშირია მემთხვევა, როცა ადამიანი ეცემა და მას აღარ ძალუძს, კვლავ ადგეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვეღარ მიდის უფალთან. ეს საგალობელი სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვისაა; ამ დროს ადამიანის სული გალობს: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო.“ ამით ჩვენ უფლის წინაშე ვაცხადებთ: აღარ შეგვწევს ძალა, მოგიახლოვდეთ შენ, უფალო, ამიტომ შენ თავად მოდი ჩვენთან, ღმერთო! ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც განიცდის უფლის სიახლოვეს, გრძნობს მის ძალას და ხედავს უფალს! ღმერთმა დაგლოცოთ!
დღეს ჩვენ ვლოცავთ სხალთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. მოგეხსენებათ, მე შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი აჭარაში და ვხედავდი, რამდენად რთული სულიერი მდგომარეობა იყო არა მარტო იქ, არამედ მთელ საქართველოში. მაგრამ დიდება და მადლობა უფალს! ღმერთმა მოიღო ჩვენს ერზე დიდი წყალობა და დღეს ჩვენი ტაძრები მრევლს ვეღარ იტევს.
ხშირად გვეკითხებიან: რა გააკეთა ეკლესიამ, როგორ მიიყვანა ტაძარში ქართველი ერი? ამ კითხვაზე ჩვენ პასუხს ვერ ვცემთ. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კი არა, უფალმა მოიყვანა ქართველი ერი ეკლესიაში. და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი თანამემამულენი დღეს ეკლესიურ ცხოვრებას ეწევიან. და მე ვულოცავ სრულიად საქართველოს ტაძრად მიყვანებას! ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალიდან იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, მარხვა თევზით ხსნილია.
უპირველეს ყოვლისა, მინდა დავლოცო ჩვენი სხალთელები. სხალთაში მსახურობს ცნობილი გვარის წარმომადგენელი, მოძღვარი, მამა იოანე კეკელიძე. დღეს გვსურს, იგი დავაჯილდოვოთ გამშვენებული ჯვრით და აღვიყვანოთ არქიმანდრიტის ხარისხში.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2008 წ.