უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 აგვისტო, 2008 წ.

„თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ძალაც ჩვენთანაა, მადლიც, სიყვარულიც, სასოებაც და ყოველივე სიკეთეც!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველი რომაელები ამბობდნენ: „ჰომო ჰომენის ლუპუს ესტ“ (ლათ.). ადამიანი ადამიანისთვის მგელია. სინამდვილეში, ადამიანი ადამიანისთვის ერთი სული და ხორცია, ერთი ბუნებაა. ადამიანი არის შექმნილი ხატად და მსგავსად ღვთისა, იგი შექმნილია სიყვარულისათვის, ამიტომ მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანისა უნდა იყოს სიყვარული, რადგან თავად უფალია სიყვარული.

აი, მოხდა ის, რასაც არ ველოდით, - ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ჩვენთვის მეტად მოულოდნელი იყო, ვერასდროს წარმოგვედგინა მოვლენების ამგვარი განვითარება. ამიტომ დღეს ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთი სიტუაციის შემდეგ: რა ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენ ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის?

ჩვენი დაახლოება მოხდა სწორედ მართლმადიდებლურ ნიადაგზე. მართლმადიდებლები არიან ისინიც და ჩვენც. ეს დიდი ძალაა, მაგრამ ახლა, ალბათ, ყველაფერი შენელდა... ვერ ვიტყვი, რომ წაიშალა. ჩვენი ქრისტიანული, მართლმადიდებელი რწმენა არის ის, რაც განაახლებს ჩვენს ურთიერთობას. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირი იყო და მომავალშიც იქნება. ჩვენ მეზობლები ვართ. არსებობს ასეთი გამოთქმა: დილით, ვიდრე ამომავალ მზეს დაინახავდე, შენს მეზობლს ნახულობო. ქართველი ადამიანი არის დაჯილდოებული ისეთი თვისებით, რომ ივიწყებს წყენას, ივიწყებს ბოროტებას, რასაც მას სხვა ადამიანი უკეთებს და დიდება და მადლობა უფალს, რომ ეს მადლი გვაქვს ქართველებს! რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვიკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს! დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს, ქართველი ადამიანი მაინც დარჩება პატივისმცემელი რუსი ხალხისა. ინგლისელები ამბობენ: თუ შენ იძიებ შურს, ორი სამარე უნდა გათხარო - ერთი მტრისათვის და მეორე შენთვისო. ამიტომ არის, რომ ადამიანი, რომელიც შურს იძიებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვნებს.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და ისევ ვიმეორებ, დღეს მე ქართველებზე მეტად რუსი ხალხი მებრალება, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ სულ სხვა საშუალება ჩვენთან ურთიერთობაში - კულტურული, მეცნიერული, სულიერი - და არა ბომბები და არა - სიკვდილი. მადლობა ღმერთს, დრო ყველაფერს კურნავს და ღვთის მადლით, განიკურნება ქართველი ადამიანიც და რუსიც, კვლავ აღდგება ის პატივისცემა, რომელიც არსებობდა ჩვენს შორის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ლოცვა, რწმენა და თავმდაბლობა. ადამიანს არაფერი აქვს საამაყო. თუკი რამე კარგი გვაქვს, ყველაფერი ღვთისაგანაა.

ისეთი ძლიერი სიტყვები, როგორიცაა „ჩვენთან არს ღმერთი!“ - ბიბლიაში წერია და სხვაგვარად ითქმის - ემანუილ! ამ სიტყვას დიდი ძალა აქვს და გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყველგან, სადაც მიხვალთ, ეს სიტყვა წარმოთქვათ. ეს სიტყვები გადაარჩენს საქართველოს. თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ძალაც ჩვენთანაა, მადლიც, სიყვარულიც, სასოებაც და ყოველივე სიკეთეც!

დაბრლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, არ ჩაიდოთ ბოროტება გულში, ნუ გაიკარებთ ცუდ აზრებს. ეცადეთ, განდევნოთ გულიდან, გონებიდან ეს ცუდი აზრები სხვა ადამიანების მიმართ. ღვთის მადლით ყველაფერი აღდგება და საქართველო გამთლიანდება. ბევრი მოგვითმენია, კიდევ ცოტაც მოვითმინოთ და საქართველო იქნება მთლიანი.

აქ არიან ბავშვები, რომელთაც საკუთარ თავზე განიცადეს ეს ტრაგედია. მინდა დღეს დავლოცო ისინი. მრავალი მათგანი ობოლი დარჩა. მაგრამ ნათქვამია: ობლის კვერი ცხვა, ცხვა და კარგი გამოცხვაო. კარგები უნდა გაიზარდოთ ჩვენო ბავშვებო! დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ, ჩვენო შვილებო და სრულიად საქართველო.

ჩვეწთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, სპეციალური გამოშვება, 28 აგვისტო 2008 წ.