„ეს არის უდიდესი თვისება
ადამიანისა, როდესაც გრძნობს,
რომ უფალია მასში და უფალი მეფობს მისი საშუალებით!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!
დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს მთლიანობისთვის. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ლოცვა, რადგან ხვალ ჩვენ ვდღესასწაულობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენი ქვეყნისთვისთვის შესანიშნავი მაგალითია დავით წინასნარმეტყველი, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე 11 საუკუნით ადრე. დავით წინასწარმეტყველი ასეთ ლოცვას აღავლენდა საკუთარი თავისთვის: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. ადამიანი, რომელიც ღვთის განგებით ქვეყნის სათავეში დგება, უპირველეს ყოვლისა, უნდა ლოცულობდეს იმისათვის, რომ მის სულიერ სამყაროში იყოს სიმშვიდე. სწორედ ამიტომ ითხოვდა დავით წინასწარმეტყველი ამას უფლისგან. ეს ლოცვა უნდა იცოდეს ყოველმა ჩვენგანმა, მით უმეტეს ახლა, როცა ასეთი რთულია ჩვენი ცხოვრება და ხშირად უნდა იმეორებდეს: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.
რა არის სიმშვიდე? უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამშვიდებული გონება, დამშვიდებული სული. თუ ადამიანს აწუხებს შფოთი და მღელვარება, თუ მას არ შეუძლია, მოუსმინოს სხვას და გაიზიაროს სხვისი აზრი, - მას ვერ ექნება სიმშვიდე; ასეთ ადამიანს უფალი არ აძლევს სიმშვიდეს. მადლს, წყალობას და სიმშვიდეს უფალი ისეთ ადა მიანს ანიჭებს, რომელსაც გააჩნია თავმდაბლობა. ბიბლიაში წერია: „ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მიანიჭებს მადლს“. ამ სიტყვების შესმენა დღეს, განსაკუთრებით, ჩვენს ერს სჭირდება და იმ ადამიანებს, რომელნიც ერის ან ეკლესიის ხელმძღვანელები არიან.
დავით წინასწარმეტყველი თავად არის შესანიშნავი მაგალითი თავმდაბლობისა. იგი ლოცულობს: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გულს! გული არის ტაძარი სულისა წმინდისა, ტაძარი ღვთისა.
შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა! უნდა გვახსოვდეს, რომ ამპარტავან გულში ვერ შევა სულიწმინდა. ამასთან, ადამიანის გული, მისი სულიერი სამყარო ცარიელი არასდროს რჩება. თუ ადამიანი ამპარტავანია, - მის გულში ბოროტი აზრები იქნება. მინდა გავიხსენო ასევე კიდევ ერთი მაგალითი დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან. როდესაც მან დაიმორჩილა მთელი ისრაელი, გაათავისუფლა იერუსალიმი და ქალაქში შევიდა, მთელი ერი თაყვანს სცემდა და ადიდებდა მას. დავით წინასწარმეტყველმა უხმო დიდებულებს და უთხრა: „გადაეცით ხალხს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს!“ ე.ი. მე კი არ ვმეფობ, - ეს უფალი მეფობსო. ეს არის უდიდესი თვისება ადამიანისა, როდესაც გრძნობს, რომ მასში უფალია და უფალი მეფობს მისი საშუალებით. მინდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი სწორედ ასეთი იყოს და არის კიდეც, - მინდა, რომ უფალი მეფობდეს ჩვენში. ყველანი უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ.
ასევე უნდა გვახსოვდეს, ხშირად როდესაც კეთილდღეობა გვაქვს და გამარჯვებულნი, ასე გვგონია, რომ დაძლეული გვაქვს პრობლემები ჩვენს გარშემო, - ხშირად სინამდვილეში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. მინდა, რომ ჩვენ მოვუსმინოთ ერთმანეთს, მინდა, რომ ჩვენ ვიგრძნოთ, რომ ის სხვა ხალხი ისეთივე ჩვენი ძმები და ახლობლები არიან, როგორც ისინი, ვინც გვერდით გვყავს და ერთგულებას გვეფიცება. ღმერთმა ინებოს, ერთსულოვნება იყოს ჩვენს ხალხში!
შევთხოვ უფალს, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.
თქვენ იცით, ჩვენი ისტორიიდან, ყოველთვის, როდესაც უჭირდა ჩვენს ქვეყანას, უფალი გამოარჩევდა ისეთ ადამიანს, რომელიც გამოიყვანდა მას მძიმე მდგომარეობიდან.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე სოლომონისა, გული წრფელი და წმინდა, სული წრფელი და გონება გახსნილი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის საკეთილდღეოდ და შევძლოთ ერთმანეთის შენდობა, ერთმანეთის პატიება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ღვთის შვილები და საქართველოს შვილები ვართ!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2008 წ.