„სამეგრელო მუდამ უნდა იყოს დარაჯი საქართველოს მთლიანობისა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ჩვენ დღეს ვიხსენიებთ იმ უდიდეს პიროვნებას, რომელმაც დატოვა წარუშლელი კვალი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვიხსენებთ იმ დიდებულ პიროვნებას, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას. ეს არის წმინდა მამა გიორგი ჭყონდიდელი, ჩვენი ქვეყნის უდიდესი სასულიერო და საერო მოღვაწე, აღმზრდელი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა.
რომ გადავხედოთ ჩვენ წარსულს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას, - დავინახავთ, რომ უმძიმესი გაჭირვებისა და განსაცდელის ჟამს ღმერთი უგზავნიდა ხოლმე საქართველოს ისეთ პიროვნებას, რომელიც მხსნელად ევლინებოდა ჩვენს სამშობლოს. საქართველოს მუდამ ძნელბედობის ჟამი ედგა. და მტერი მუდამ ცდილობდა, გადაეტეხა იგი ხერხემალში, მაგრამ ამაო იყო მათი მცდელობა, - საქართველო კვლავ ძლიერდებოდა, კვლავ მთლიანდებოდა და ეს ხდებოდა ღვთის წყალობით და უფლის მიერ მოვლენილი ღვთივრჩეული ადამიანების მეშვეობით. ბედნიერი იყო დავით აღმაშენებელი, რომ სწორედ მის დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გიორგი ჭყონდიდელი და ასევე ბედნიერი იყო გიორგი ჭყონდიდელი და მთელი საქართველო, რომ იმ ხანად საქართველოს მმართველი იყო დიდი მეფე დავით აღმაშენებელი!
ადამიანი დაჯილდოებული რომ იყოს დიდი ნიჭითა და მადლით, - ამისთვის საჭიროა ღვთის წყალობა, ღვთის ლოცვა-კურთხევა. უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს: ჯერ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როდესაც უკვე გიცნობდიო. ყოველი ადამიანის ბედი განჭვრეტილია უფლის მიერ და მამაზეციერმა წინასწარ უწყის მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა და იმის მიხედვით, თუ რისი გამკეთებელია ესა თუ ის პიროვნება, ანიჭებს მას მადლსა და ძალას სულისა წმინდისა.
რა არის სული წმინდის მადლი? ეს არის ძალა და მადლი ღვთისა, - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმაკსებელი; ეს არის ის ძალა, რომელიც მოდის ღვთისაგან, ეს არის ის ძალა, რომელიც აცხოვნებს ადამიანს და აცხოვნებს მის გარშემო მყოფთაც.
ერთმა ბრძენმა თქვა: „თუკი შენ დაკარგე სიმდიდრე, ფული - შენ არაფერი დაგიკარგავს, იმიტომ რომ სიმდიდრე და ფული ისევ მოვა შენთან. შეიძლება, შენ დაკარგო ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი დარჩე, ხოლო თუ შენ დაკარგავ ღვთის მადლსა და წყალობას, - შენ ყველაფერი დაკარგული გაქვს“. ღმერთმა ინებოს, რომ არ დაკარგოს საქართველომ მადლი და წყალობა ღვთისა! ბედნიერი ვიყავით, ვართ და ვიქნებით, რადგან საქართველოს ჰყავდა დიდი წინაპრები და ახლა ჰყავს ისეთი წმინდანები, რომელნიც იცავენ ჩვენს ქვეყანას ხილული და უხილავი მტრებისაგან!
ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ადგილზე, იმ წმინდა ადგილზე, სადაც დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი ჭყონდიდვლი ბჭობდნენ საქართველოს მომავალზე, ფიქრობდნენ ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე. თქვენ იცით, აქ, ამ წმინდა ტაძარში არის სავანე, მცირე სენაკი, სადაც ეს ორი მადლმოსილი ადამიანი განმარტოვდებოდა ხოლმე და მსჯელობდა საქართველოს მომავალზე. დავით აღმაშენებელი კი არ იწვევდა სამეფო სასახლეში გიორგის, არამედ თვითონ მოდიოდა მასთან და ეკლესიის თაღებქვეშ ისინი ერთად ფიქრობდნენ სამშობლოზე. ამიტომაა, რომ განავრცო დავითმა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!
საოცარი პიროვნება იყო ერთიცა და მეორეც; განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ ისინი. მეფე დავით აღმაშენებელს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა და მხოლოდ „გალობანი სინანულისანი“ დაეწერა, - ეს უკვე საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მსოფლიოს გაეცნო მისი ნიჭი!
„ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ გიორგი ჭყონდიდელი იყო სასულიერო მოღვაწე და ამავე დროს საერო მოღვაწეც, რომელიც დღედაღამ ზრუნავდა ჩვენს სამშობლოზე. დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ წმინდა გიორგი ჭყონდიდელს, - არ შეგვიძლია, მასთან ერთად არ ვადიდოთ და თაყვანი არ ვსცეთ ქართველთა დიდ მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელსაც 16 წლის ჭაბუკობისას დაადგეს სამეფო გვირგვინი. ეს იყო არა მარტო დიდება მისი, არამედ, უპირვკლეს ყოვლისა, - დიდი და მძიმე ჯვარი და ეს მძიმე ჯვარი მეფემაც და მისმა მოძღვარმაც ერთად ატარეს ღირსეულად!
მინდა გითხრათ, რომ თუკი ადამიანი ფიქრობს სამშობლოს მომავალზე და ეყრდნობა საკუთარ ძალასა და სიბრძნეს, - იგი ვერაფერს მიაღწევს, რადგან ეს ძალისხმევა არ არის საკმარისი, - საჭიროა ღვთის დახმარება, ღვთის მადლი, საჭიროა ნება ღვთისა! ამ ორი ნების შეერთებას, - ღვთისა და ადამიანის ნების შეერთებას ეწოდება სინერგია. ამ ორი ენერგიის შერწყმაა საჭირო სანუკვარი მიზნის მისაღწევად. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მოახერხებს ამას. შევთხოვთ უფალს, რომ სინერგია მოხდეს საქართველომი, რომ ჩვენი სასულიერო და საერო ძალა იყოს ერთად და მთელი ქვეყანა შეიკრას ერთ მუშტად! არ მემიძლია არ ვთქვა, რომ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ კუთხეს. სამეგრელო მუდამ უნდა იყოს დარაჯი საქართველოს მთლიანობისა! სამეგრელო უნდა იცავდეს საქართველოს ერთიანობას. ამის მაჩვენებელი არის ამ კუთხიდან ბრძოლის ველზე დაცემული მრავალი ჩვენი შვილი. ჩვენ ყოველდღიურად ვიხსენებთ მათ, მაგრამ დღეს მინდა ვისარგებლო იმით, რომ ვიმყოფებით ამ წმინდა ადგილზე და ყველამ ერთად შევასრულოთ პანაშვიდი ამ ომში გმირულად დაცემული სენაკელი ახალგაზრდებისათვის; ვილოცოთ მათი უკვდავი სულებისათვის.
მახსენდება ალექსანდრიის პატრიარქის სიტყვები... ეს იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, - იგი სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში (ალექსანდრიის პატრიარქი - უდიდესი ფიგურაა, მას მეორე ადგილი უკავია მართლმადიდებელ პატრიარქთა შორის); მისი ტიტულია „პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, მე-13 მოციქული და მსოფლიო მსაჯული“. აი, ასეთი პიროვნება ჩამობრძანდა ჩვენთან და მე იგი მაშინ ჩავიყვანე დარიალის ხეობაში და ვთხოვე, დაელოცა საქართველოს საზღვრები, რომ მტერმა ვერაფერი დაგვაკლოს-მეთქი. მან დალოცა ჩვენი ქვეყნის საზღვრები და თქვა: „საქართველოს ჰყავს იმდენი წმინდა მოწამე, მღვდელმთავარი და ღირსი მამა, რომ მათ შექმნეს ზეციური მხედრიონი, რომელიც იცავს საქართველოს მთლიანობას!“ და ჩვენი ძალა, ჩვენი ლოცვა უნდა შეუერთდეს ზეციურ სამყაროს და მაშინ საქართველო იქნება უძლეველი! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო!
ახლა კი შესრულდება პანაშვიდი ომში დაღუპული გმირებისათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2008 წ.