„სიძულვილი არ უნდა ჩავიდოთ გულში, ჩვენ უნდა განვმტკიცდეთ რწმენით, სასოებით და სიყვარულით!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმინდა მამას, გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ასეთი სიტყვები: „მარტო მყოფო უფალო, შემიწყალე მე, მარტო მყოფი“. თითქოს ადამიანი არ არის მარტო, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ მართლაც, ყოველი ადამიანი მარტოა და ამასთან, ერთადერთია და მეორე სხვა ასეთი აღარ დაიბადება! შეიძლება მას ჰყავდეს ბევრი შვილი, მაგრამ ეს ადამიანი მარტო მყოფია წინაშე ღვთისა. ამით უდიდესი პატივი მიანიჭა უფალმა ადამიანს, მაგრან ამასთან - დიდი პასუხისმგებლობაც. ყოველი ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: „რას აკეთებს და საით მიდის ყოველი ადამიანი სულიერ კიბეზე, არ იდგეს ერთ ადგილზე - იგი ან მაღლა ადის, ან დაბლა ეშვება. რა თქმა უნდა, ერთიც და მეორეც რთული პროცესია. პირველი უფრო ძნელია, - როდესაც მაღლა ადის ადამიანი. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანი ძალიან სწრაფად ადის მაღლა, სულიერ კიბეზე. წმინდა მამები ამბობენ, რომ ახალგაზრდა, რომელიც სწრაფად იზრდება სულიერად, - საშიშროების წინაშე დგას, შეიძლება იგი, ადვილად ჩამოვარდეს იმ სიმაღლიდან. ამიტომაც, ისინი ურჩევდნენ მოძღვრებს: თუ დაინახავ, რომ მორჩილი სწრაფად მაღლდება, დაუჭირე ხელი და ჩამოქაჩე ქვემოთ, რათა არ დაზიანდეს ამგვარი სწრაფი ზრდით.
ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მადლობელი ვართ ღვთისა, რომ ღირსი გაგვხადა სიცოცხლის მინიჭებისა. მართალია, ხშირად ეცემა ადამიანი და ჩვენც ხშირად ვეცემით, მაგრამ ვგრძნობთ ღვთის მარჯვენას, ვგრძნობთ უფალი როგორ მიდის მასთან და აყენებს ფეხზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დალოცვას. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სასულიერო პირისაგან ლოცვა-კურთხევის აღებისას, როდესაც მას მარჯვენა ხელზე ვემთხვევით, ამით მას მივაგებთ პატივს. სინამდვილეში, ამით მადლობას ვწირავთ უფალს იმ მადლისათვის, რომელიც ადამიანზე გადმოდის. როდესაც წირვა მთავრდება, თქვენ ცდილობთ, მიხვიდეთ მოძღვართან თუ მღვდელმთავართან, პატრიარქთან და მიიღოთ მისგან ლოცვა-კურთხევა, შეეხოთ მას. სინამდვილეში, თქვენ მასთან კი არა, უფალთან მიდიხართ. მისგან ღვთის მადლი გადმოდის; იგია გამტარი საშუალება, - ამ შეხებით გადმოდის ღვთის წყალობა.
ძველ დროში იყო მიღებული და ახლაც არის ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ასეთი ტრადიცია: როდესაც მთავრდება წირვა და მღვდელი ან მღვდელმთავარი განიმოსება, მის შესამოსელს ავადმყოფ ადამიანს თავზე ადებენ და იგი იკურნება. ძალიან მახარებს, რომ თქვენ გრძნობთ ამ მადლს. არცერთ ქვეყანაში არ არის ასეთი რწმენა და სიყვარული ღვთისა და სასულიერო პირებისა, როგორიც საქართველოში!
დღეს ჩვენ ვლოცავთ მესტვირიშვილებს დიდ და ცნობილ გვარს. შევთხოვთ უფალს, მოანიჭოს მათ მადლი სულისა წმინდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, მადლი გამრავლებისა, მტკიცე რწმენისა, სასოებისა, სიყვარულისა, მეცნიერებისა! ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ეს გვარი ხილული და უხილავი მტრებისაგან! ასევე მინდა დავლოცო ის დევნილები, რომლებიც დღეს მოინათლნენ. ძალიან რთულია დღეს ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ღვთის ძალა უფრო დიდია და ძლიერია. ღვთის მადლითა და წყალობით საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთიც და სამაჩაბლოც და სხვა დაკარგული ტერიტორიებიც! უფალი მოგვცემს ამის ძალას! უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალა სულიერი! სულიერი ძალა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვმტკიცდეთ რწმენით, სიყვარულითა და სასოებით. სიყვარულს უნდა ვთესდეთ! სიძულვილი არ უნდა ჩავიდოთ გულში. ქართველ ადამიანს საერთოდ არ ახასიათებს სიძულვილი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენთან არ ინერგება არც რუსების, არც ოსების, არც აფხაზებს, არც რომელიმე სხვა ერების მიმართ სიძულვილი. ქართველ ადამიანს აქვს სიყვარული ყველა ერისადმი და სწორედ სიყვარული და მოთმინება გადაგვარჩენს ჩვენ!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე სუფევდეს ჩვენთან და მთელს ქვეყანაზე!
მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ჩვენმა გადაწყვეტიულებამ, რომ ყოველი მესამე შვილის ნათლია პატრიარქი ხდება. ცხადია, თუ მშობლებს ამისი სურვილი აქვთ. დღეს კვალავ ტარდება საჯარო ნათლობა და მოინათლება 450 ბავშვი. ათასზე მეტი ჩვილი უკვე მოინათლა.
ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა მოგცეთ ბევრი შვილი. დალოცვაში დაწერილია ასე: ღმერთმა მოგცეთ 7 და მეტი შვილი, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2008 წ.