„ღმერთმა აღზარდოს ჩემი ნათლულები თავდადებულ მამულიშვილებად!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდია უფალი და ადამიანის გონება ვერ მისწვდება მის განგებას!
დღეს ჩვენ ვზეიმობთ 450 ბავშვის ნათლობას. დღეს ზეიმია არა მარტო ჩვენთან, სამების ეკლესიაში, არამედ მთელ საქართველოში. გადავხედოთ ჩვენს წარსულს და დავინახავთ, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, პატრიარქს არასოდეს ჰყოლია ამდენი ნათლული. ეს არის ნიშანი იმისა, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან.
შვილიერება - ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა! ადამიანს არ აქვს უფლება, შეზღუდოს შვილების რაოდენობა, - რამდენსაც მისცემს უფალი, იმდენი უნდა იყოლიოს ოჯახმა.
შევთხოვოთ უფალს, რომ გაამრავლოს ქართველი ხალხი სადიდებელად ღვთისა, სამშვიდობოდ და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა. თქვენი შვილები იქნება თქვენი იმედი!
ღმერთმა დალოცოს ახალნათელღებულნი მონანი და მხევალნი ღვთისანი. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული შემოვიდეს თქვენს სახლებში, თქვენს ოჯახებში. დალოცვაში წერია, რომ ოჯახს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 7 შვილისა და უფრო მეტი.
ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა აღზარდოს ჩემი ნათლულები თავდადებულ მამულიშვილებად, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2008 წ.