„საქართველოს ეკლესია დგას ერის
სამსახურში და იგი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის,
რომ განამტკიცოს, გაამთლიანოს, შეკრას ჩვენი ერი და გააძლიეროს იგი სულიერად თუ
ფიზიკურად!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ბრძანებს: „და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. მართლაც, საოცარია ძალა ეკლესიისა და ეს ღვთისაგან მომდინარეობს. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ეკლესია არის ადამიანების მიერ დაარსებული და არა უფლისაგან, რაც დიდი შეცდომაა. ერთ-ერთ შეკრებაზე ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწემ მშვენივრად თქვა: „ეკლესია მსგავსია ბურთისა, რაც უფრო ძლიერად დაარტყამ, მით უფრო მაღლა ავა“. გულისხმობდა, რომ განსაცდელი ეკლესიას სულიერად უფრო აძლიერებს.
ეკლესია - ეს არის მადლით სავსე ძალა, - მადლით, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.
საქართველოს ეკლესიას განსაკუთრებული როლი და დამსახურება აქვს ჩვეწი ქვეყნისა და ერის წინაშე. საქართველოს ეკლესია - ეს არის ის რწმენა და ის ტრადიცია, რომელიც გააჩნდათ წმინდა მოციქულებს და რომელიც ჩვენმა წინაპრებმა უცვლელად შემოგვინახეს და დღემდე შეგვიანარჩუნეს.
მრწამსში ვამბობთ, რომ გვწამს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. სიტყვა „კათოლიკე“ ზოგიერთს არასწორად ესმის და ჰგონია, რომ იგი კათოლიკურს ნიშნავს. სინამდვილეში, „კათოლიკე“ საყოველთაოს ნიშნავს („კათოლუ“ - სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც - ყველაფერი, ყველგან).
მახსენდება საქართველოში მცხოვრები ერთი მონაზვნის გამოთქმა: „საქართველოს ეკლესია სავსეა ახალგაზრდებით და ეს არის მართლაც უდიდესი საიდუმლო; ჭეშმარიტად, უდიდესი სულიერი საიდუმლოებაა საქართველოს ეკლესია“. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ეკლესია, რომელსაც ამხელა მრევლი და მათ შორის ამდენი ახალგაზრდა ჰყავდეს. არსად სხვაგან მსოფლიოში წირვა-ლოცვებს არ ესწრება ამდენი ახალგაზრდა, და არა მარტო ესწრება, არამედ ლოცულობს, მონაწილეობს მსახურებაში, ეზიარება და აღსარებას ამბობს! ზოგჯერ უცხო ეკლესიების წარმომადგენლები მეკითხებიან: რა საიდუმლო იცის საქართველომ და საქართველოს ეკლესიამ, რომ ამდენი ახალგაზრდობა დადის თქვენს ტაძრებშიო?
სინამდვილეში, არავითარი საიდუმლოება არ არის. ეს არის მადლი ღვთისა. თქვენ ყველანი მოწვეულნი ხართ ღვთის მიერ.
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის: სიტყვა ეკლესია, შედგება ორი სიტყვისგან: „ეკ“ (შორიდან) და „კლეო“ (ვუხმობ), - ე.ი. ეკლესია ნიშნავს - ვუხმობ შორიდან. ეკლესიაში ყველანი მოხმობილნი ვართ ღვთისგან: მეც, თქვენც, სამღვდელოებაც და ერის ადამიანებიც, იმიტომ რომ ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
მოგეხსგნებათ, პარასკევს, 27 ივნისს, შედგა წმინდა სინოდის სხდომა. მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო მის დადგენილებებს. განჩინება გამოქვეყნებული იქნება პრესაში და თქვენ გექნებათ საშუალება, გაეცნოთ მას, მაგრამ მინდა ზოგიერთი გადაწყვეტილება გაგაცნოთ.
თანდათან უფრო ძლიერდება და მტკიცდება ურთიერთკავშირი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. სახელმწიფო ცდილობს, გადასცეს ეკლესიას ის საკუთრება (მიწები თუ შენობა-ნაგებობები), რომელიც წინათ ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას. მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ხელისუფლებას, რომ გაგებით ეკიდება ჩვენს მოთხოვნებს. ამასთან, მინდა განვაცხადო, რომ ის, რაც ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას, - არ გაიყიდება და არც გასხვისდება. ეკლესიის საკუთრება ეკუთვნის ქართველ ერს და ამით არის უფრო ძვირფასი.
მეორე საკითხი, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერისთვის, - ეს არის დემოგრაფიული საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველოს პატრიარქი ყველა მესამე შვილის ნათლია იქნება, თუკი მშობლებს ამის სურვილი ექნება. ამ გადაწყვეტილებამ კარგი შედეგი იქონია და უკვე ათასზე მეტი ნათლული მყავს. ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა კეთილად აღზარდოს ეს ბავშვები. ახლა ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ მეოთხე და მეხუთე შვილებზე და ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაღაც შეღავათები შემოიღონ ასეთი ოჯახებისთვის.
მესამე საკითხი, რასაც სინოდი შეეხო, ეს არის მეტად მტკივნეული ჩვენთვის - ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მიტროპოლიტ დანიელს არ აქვს საშუალება, რომ იმსახუროს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, რომლის მმართველიც არის. ამ ფაქტთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა იქმნება. აღსანიშნავია, რომ ბევრ სირთულეს ქმნის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ეკლესიის სამღვდელოება, რომელნიც მღვდვლმოქმედებას ჩვენდა დაუკითხავად აღასრულებენ და ხშირად თავისი მღვდელმთავრებისა თუ პატრიარქის დაუკითხავადაც კი. სამწუხაროდ, არის შემთხევებიც, როდესაც რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებიც არღვევენ საეკლესიო კანონებს და შედიან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში.
ჩვენ გვაქვს არაერთი წერილობითი დადასტურება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ისა, რომ რუსეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობასა და რუსეთის ეკლესია ცნობს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში, როგორც მის განუყოფელ კანონიკურ ნაწილს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ მივმართოთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას ალექსი II-ს და მოვთხოვოთ, აღკვეთოს რუსი სამღვდელოების არაკანონიერი მოქმედება აფხაზეთში. ზოგიერთი მღვდელმთავარი იქამდეც კი მიდის, რომ აფხაზეთიდან მიჰყავს ახალგაზრდები თავის ეპარქიაში, იქ აკურთხებს და მერე ისევ უკან, აფხაზეთში, აგზავნის. ეს ყოვლად დაუშვებელია საქართველოს პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე. სინოდის გადაწყვეტილებით, შეირჩევა მღვდელმთავართა ჯგუფი, რომელიც მოსკოვში საგანგებო მისიით გაიგზავნება. ჩვენი მღვდელმთავრები შეხვდებიან მის უწმინდესობას ალექსი II-ს.
ამასთან, სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამოყალიბდება მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ისტორიის საკითხებზე იმუშავებს, რაც პრობლემურია განსაკუთრებით, აფხაზეთის თემაზე. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ისტორიაში მრავალი საკითხი იყო გაყალბებული, დამახინჯებული და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
წმინდა სინოდმა მოისმინა პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის მოხსენება განათლების საკითხებზე. მინდა გაუწყოთ, რომ მეტად მნიშვნელოვანი განჩინება გამოიტანა წმინდა სინოდმა - პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი არჩეულია მღვდელმთავრად. მომავალში იგი იქნება ნაკურთხი ცურტაველ ეპისკოპოსად.
ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველდღე ტელევიზიით გადმოიცემა ძალადობის, უზნეობის ამსახველი ფილმები. ჩვენ ამის თაობაზე მივიღეთ წერილი ჩვენი ახალგაზრდებისაგან. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან სწორად რეაგირებს ასეთ საკითხებზე. გვინდა თხოვნით მივმართოთ ჩვენი პრესისა და ტელევიზიის მესვეურებს, ჩვენს ხელისუფლებას, შეწყდეს ასეთი გადაცემების ჩვენება.
წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წმინდათა დასში შეირაცხონ 300 არაგველი და კრწანისის ომის გმირები. შეიქმნება მათი ხატი, დაიწერება საგალობელი. მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! წმინდანთა დასში ასევე შეირაცხა მარაბდის ველზე მომწყდარი მეომრები, მათ შორის ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი და და დედა. საოცარია მაგალითი დედისა! ამ ძმებს ევალებოდათ დროშის ტვირთვა, ისინი წინ მიუძღოდენ ჯარს. ერთი მეორეზე მიყოლებით ცხრავე დაიხოცა; როდესაც ერთი ძმა ეცემოდა, მას მეორე ცვლიდა და ა.შ. როდესაც დაეცა ცხრავე შვილი, ბოლოს დედამ აიტაცა დროშა და ის მიუძღოდა ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა ბრძოლის ველზე დახოცილ შვილებს. ამ ბრძოლამ 9000 მებრძოლი შეიწირა. ეს ადამიანები ყველანი აღიარებული არიან წმინდანებად. შეიქმნება მათი ხატი და დაიწერება საგალობლები. წმინდა სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას უმაღლესი ჯილდო საქართველოს ეკლესიისა, რომელსაც ეწოდება „უფლის კვართის ორდენი“.
დღეს, აქ გვესწრებიან გელათის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები: მისი პრეზიდენტი, აკადემიკოსი მიხეილ ქურდიანი და აკადემიის სწავლული მდივანი მაია ცაცანაშვილი. მათ უმაღლესი სასწავლებლგბის ახალგაზრდობასთან ერთად, რომლებიც ასევე აქ არიან, დაამუშავეს თემა - „გლობალიზაცია და თანამედროვე ეპოქა“. ეს ძალიან რთული საკითხია. შეიძლება, გლობალიზაციამ მოიტანოს ძალიან კარგი შედეგიც, თუკი ჩვენ სიფხიზლესა და გულისხმიერებას გამოვიჩენთ და მივიღებთ არა ყველაფერს, არამედ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა ჩვენი ერისა და ეკლესიისთვის. მინდა ვთქვა, რომ გლობალიზაციას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გლობალიზაციაში არსებობს სუბიექტი და ობიექტი. სუბიექტი - ეს არის დიდი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, თავს მოახვიოს სხვებს თავისი იდეები და ობიექტი - ეს არის მცირე ქვეყნები და მათ შორის საქართველოც, რომელიც არის მდიდარი თავისი კულტურით, თავისი სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობებით.
მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს და მის სწავლულ მდივანს გაწეული შრომისთვის და დავლოცო გამარჯვებული სტუდენტები. ღმერთმა დაგლოცოთ და კიდევ ბევრი ახალი იდეები განგახორციელებინოთ!
მინდა ასევე მივულოცო მართლმადიდებლურ ჟურნალ „კარიბჭეს“ და მის რედაქტორს, ქალბატონ თამარ მამაცაშვილს მეასე საიუბილეო ნომრის გამოცემა. დავლოცავ ქალბატონ თამარს და იმ ადამიანებს, რომლებიც ღებულობენ მონაწილეობას ჟურნალის გამოცემაში. მათ შრომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან, მართალია ჟურნალები და ბეჭდვითი გამოცემები ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ცოტაა ზნეობრივი და ეკლესიური.
დღეს ასევე მინდა დავლოცო სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“, რომლის დირექტორია მაია ალანია. ღმერთმა დალოცოს ამ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
მათთან ერთად მინდა დავლოცო ყველა აბიტურიენტი, ჩვენი მომავალი სტუდენტები, რომლებიც ისწავლიან ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი ეკლესია მუდამ იმაზე ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეროვნული გრძნობა ჩვენს ახალგაზრდებში, განმტკიცდეს პატრიოტიზმი, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ლიტერატურის ცოდნა. შევიტყვეთ, თითქოს, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე შესაძლოა, ქართულ ენაში გააუქმონ გამოცდა და შემოიღონ მხოლოდ გასაუბრება. ეს ძალიან გვაფიქრებს ჩვენ.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია, რომელიც სავსეა საგმირო საქმეებით, ზედმიწევნით იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა, უნდა ვიცოდეთ ყველამ. და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!“
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესია დგას ერის სამსახურში და იგი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ განამტკიცოს, გაამთლიანოს, შეკრას ჩვენი ერი და გააძლიეროს იგი სულიერად თუ ფიზიკურად!
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2008 წ.