- თქვენო უწმინდესობავ - თქვენ წერილი გაუგზავნეთ მოსკოვის მართლმადიდებელ მიტროპოლიას, თუ მიიღეთ რამე პასუხი და თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ თქვენი დამოკიდებულების შესახებ ბოლოდროინდელი კონფლიქტის თაობაზე, როდესაც მართლმადიდებელი რუსები ბომბავდნენ მართლმადიდებელ ქართველებს? როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა დამნაშავე ომის წამოწყებაში?
- იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გერმანიაში იმყოფებოდა და მისთვის წერილი არ გაგვიგზავნია. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილესთან.
რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგრამ ეს კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე საერთოდ არ წარმოშობილა. მას გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. ამიტომაც იქცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯახების ადგილად. ვფიქრობ, თუ ყველაფერი სამართლებრივად წარიმართა, რელიგიამ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობამ) რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების განმუხტვასა და ურთიერთობის დარეგულირებაში შეიძლება ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს. მით უმეტეს, რომ მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურ სიძულვილში არ გადაზრდილა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ეს ასეა. ვიმედოვნებ, რუსი ხალხის სარწმუნოებიდან და გულკეთილობიდან გამომდინარე, არც ქართველებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში.
თქვენს კითხვაზე, - რომელი მხარეა დამნაშავე ომის წამოწყებაში? - პასუხი რომ გაგცეთ, მცირე ექსკურსი უნდა გავაკეთო:
ჩვენს ნინააღმდეგ დიდი აგრესია განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა (რომელთაც უეროვნებო, ურელიგიო ინტერნაციონალური ბირთვი მართავდა) დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო; მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.
საბჭოთა წყობილების არსებობის მთელ პერიოდში აღნიშნულ რეგიონებში ინერგებოდა ის იდეოლოგია, რაც ქვეყნის დაყოფას და ავტონომიების იზოლირებას შეუწყობდა ხელს. მაგრამ იმის გამო, რომ აჭარაში თითქმის მთლიანად ქართული მოსახლეობაა, ამ პროპაგანდამ სათანადოდ ვერ იმუშავა. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი რა შედეგიც მივიღეთ, სახეზეა.
თვით სახელწოდებაც - სამხრეთ ოსეთი - ისევე, როგორც ჩრდილოეთ ოსეთი, კომუნისტების დარქმეულია. ასეთი გეოგრაფიული ტოპონიმები არასოდეს არსებობდა. ოსების ისტორიული სამოსახლო არის ჩრდილოეთ კავკასიაში - ალანია. სწორედ აქედან, დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთიდან, გადმოსახლდა მათი ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ყოველთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში. ეს იმიტომ, რომ ცხინვალის რეგიონი არ არის მათი ეთნო-კულტურული სამშობლო.
სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. ვრცელდება აზრი, თითქოს ქართველები თავს დაესხნენ ოს მცირე ერს და მოაწყვეს ეთნოწმენდა.
ეს რომ რეალობას არ შეესაბამება, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარმიდამო და არც პრობლემები შექმნიათ ქართველებთან და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან.
დიახ, არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური ან თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი. ხოლო, ის, რაც მოხდა, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. ამის უფლება კი საერთაშორისო ნორმებით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს.
ბუნებრივია, საქართველო, ვერასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მხარეების დაკარგვას. ეს ისეთივე მნიშვნელობის ტერიტორიებია ჩვენთვის, როგორიც მაგალითად ფრანგებისთის ორლეანი ან რუსებისთვის სმოლენსკი, სუზდალი, ნოვგოროდი... (როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისათვის გაგზავნილ წერილშიც ვწერდით).
ასე რომ, რეალურად ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი.
სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.
- რუსეთის მთავრობამ სცნო აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. როგორია თქვენი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი? როგორ შეიძლება, ეს განხორციელდეს - დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით, თუ ძალით?
- 25 ივლისს, რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღესვე, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ასევე ვთხოვდით რუსეთის პრეზიდენტს, არ დაედასტურებინა ეს გადაწყვეტილება. ვწერდით, რომ მცირე ერები ცხოვრობენ ყველა ქვეყნებში და თუ ისინი მოითხოვენ დამოუკიდებლობას და მათი აღიარება სხვათაგან მოხდება, მსოფლიოში დაიწყება გაუთავებელი ომები და დაპირისპირებები. მივუთითებდით იმასაც, რომ აღნიშნული რეგიონებისათვის სუვერენიტეტის მინიჭება მომავალში უფრო მეტ ზიანს მოუტანს რუსეთს, ვიდრე მან დღეს საქართველოს მიაყენა. იგივეს ვფიქრობ დღესაც.
მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს რომ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, თუ სურს მსოფლიოს, და არა მარტო რუსეთს, თავისი სახელმწიფოების შიგნით შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიმედოვნებ, ის საერთაშორისო თანადგომა, რაც საქართველოს მიმართ იქნა გამოცხადებული, ამ მიზეზითაც არის განპირობებული.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მე ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ჩვენი ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები ჩატეხილი ხიდის აღდგენას შესაძლებელს გახდის. ასევე მიმაჩნია, რომ ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ და პირველ რიგში ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავისი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთის იმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვახვევდა თავს. ამაში ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება.
თუ ეს განხორციელდა და იდეოლოგიური წნეხი გავარღვიეთ, საქართველოს მიმართ ამ ეროვნული უმცირესობების დამოკიდებულებაც, დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მათ, ისევე როგორც აქ მცხოვრებ სხვა ხალხებს, ჰქონდათ განვითარების შესანიშნავი პირობები. (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ქართულ მხარეს წარმოვადგენ). აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც მათ ენებზე ფუნქციონირებდა უნივერსიტეტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები და სკოლები, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები... ანუ ისინი სარგებლობდნენ ავტონომიის სრული უფლებით და მრავალ წარმატებასაც მიაღწიეს (შედარებისთვის, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთში ოსებს იგივე პირობები არ ჰქონდათ. ასეთივე მდგომარეობა იყო სხვა ავტონომიებშიც).
პრობლემები დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რადგან საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მოინდომა დამოუკიდებლობის გამოცხადება და 1992-1993 წლებში დავისაჯეთ კიდეც, რის შედეგადაც მაშინ კონტროლი ნაწილობრივ დავკარგეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ახლა კი მთელს ამ მხარეებზე.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭრა არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ინფორმაციულ ომშიც, რომელიც სამეცნიერო წრეებში - განსაკუთრებით საისტორიო და საენათმეცნიერო კუთხით, - მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ანტიქართულ თეზისებს იზიარებენ და ახმოვანებენ ზოგიერთი ევროპელი მეცნიერებიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური შეკვეთის გამო აკეთებდეს.
მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მე მაინც იმედი მაქვს რომ, რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დასრულდება და სამართლიანობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობა აღდგება.
- ბოლოდროინდეღი კონფლიქტის შედეგად ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებით, ქართული სოფლების მოსახლეობა სამხრეთ ოსეთსა და ბუფერულ ზონაში, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. როგორია თქვენი შეფასება დაღუპულთა და ლტოლვილთა რიცხვის, ასევე იმ ზარალის შესახებ, რომელიც მიადგა ეკლესიებს, სახლებსა და საკუთრებას? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებული ადამიანების უკან დაბრუნება და მათი სახლების ხელახალი აშენება? მიეცა თუ არა საშუალება ეკლესიას, შესულიყო ქართულ სოფლებში და როგორია ეკლესიის როლი იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების საქმეში?
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით ქართული მხრიდან გარდაცვლილია დაახლოებით 300 ადამიანი როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო, იძულებით გადაადგილებული იყო დაახლოებით 260000, ამჟამად კი არის 40000 პიროვნება. მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს.
ვიცით, რომ სერიოზულად დაზიანდა სოფელ ხეითისა, იკორთის, ქემერტის, სვერის ეკლესიები, ასევე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას, რეზიდენციის ნაწილი, რომელსაც დაეცა ჭურვი. საერთოდ ჩვენი ინფორმაცია მეტად მწირია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ გვაქვს. ცნობისათვის, ამ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ხუთასზე მეტი ძეგლია, რომელთა უმრავლესობას ბუნებრივია სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება დასჭირდება.
როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა პირადად მე და ჩემთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები შევედით გორში და ნიქოზში (ცხინვალამდვ ერთი კილომეტრის დაშორებით). ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ვერც უბრალო ადამიანები, ვერც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები (მათ შორის წითელი ჯვარი) და პრესის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ იქ შეღწევას. მოვინახულეთ დარჩენილი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, რომელთაც დიდი საფრთხის მიუხედავად არ დატოვეს ეს ეპარქიები.
ამის განხორციელებაში დაგვეხმარა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი კირილე და გენერალი ბორისოვი. იმ დღეს ჩვენ გამოვიყვანეთ ოთხი დაჭრილი და ექვსი გარდაცვლილი. შემდეგ ეს პროცესი გააგრძელეს ჩვენმა მოძღვრებმა. საერთო ჯამში მათ მიერ გადმოსვენებულია დაახლოებით 120 გარდაცვლილი.
ჩვენი სასულიერო პირები დღემდე აქტიურად განაგრძობენ დაზარალებულთა მონახულებას როგორც კონფლიქტის ზონაში, ისე დასავლეთ საქართველოში, - სენაკში, ზუგდიდში, ზემო სვანეთში... აღარაფერს ვამბობ თბილისში თავშეფარებულ დევნილებზე, რომელთაც საპატრიარქოსთან ერთად თბილისის ასზე მეტი ეკლესია შესაძლებლობისამებრ უწევს მზრუნველობას. ყოველდღიურად ჩვენს მიერ გაიცემოდა და გაიცემა ორი-სამი ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია. ეს ყველაფერი ძირითადად ხალხის შემოწირულობაა.
მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, მოსახლეობამ უშურველად გაიღო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. დახმარება მოქონდა ყველას, - განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოგბისა.
მაგრამ ასე ცხოვრება დიდხანს ვერ გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ დევნილ მოსახლეობას უნდა მიეცეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის მათი უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. თუმცა, აუცილებელია, საერთაშორისო ძალისხმევით ჯერ იქ შეიქმნას მათი უსაფრთხოების პირობები და გარანტიები. ასევე აუცილებელია ადგილებზე შეიქმნას მცირე წარმოებები, რომ ხალხმა თავისი თავი თვითონ შეინახოს.
- როგორია თქვენი შეფასება საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით კრიზისის პერიოდში და მის მემდეგ? ფიქრობთ, რომ ნაციონალური ერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მთავრობის ლიდერთა და ოფიციალური პირების პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შეფასება?
- უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების მხრიდან დიდი მუშაობა გაიწია, რათა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონოდა და ეს მიზანი მიაღწეულ იქნა.
რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც ნაციონალური ერთობა (რადგან მის გარეშე ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ), ისე ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შეფასება.
ჩვენი მოსახლეობა ელის გარკვეულ კითხვებზე პასუხს. დემოკრატია თავისთავად გულისხმობს მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებას.
რამდენადაც ცნობილია, ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ანგარიში ჩააბაროს ხალხს.
ამის მიხედვით შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება.
- როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით, ევროკავშირის როლი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით?
- როგორც აღვნიშნეთ, პირველ რიგში თქვენი დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში. დახმარება გვჭირდება ჩვენც, - საქართველოს საპატრიარქოს, რადგან, მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არა გვაქვს და არც ის ვიცით, რა მდგომარეობაშია აქ არსებული V-XIX საუკუნეების მრავალრიცხოვანი ქართული ტაძრები და მონასტრები ქართული ფრესკებითა და წარწერებით, იქ დაცული სიწმინდეებით.
საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა.
ჩვენი ხალხის საყოველთაოდ აღიარებული შემწყნარებლობა ამ დიდი ცივილიზაციების გადაკვეთაზე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რისი მიღწევაც გარე ძალების ურთიერთშეთანხმების გარეშე ძალიან ძნელი იქნება. ევროკავშირს შეუძლია და ახორციელებს კიდეც შუამავლის როლს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა მომავალი გვიჩვენებს.
სხვადასხვა მცირე ერებს და სახელმწიფოებს ჰყავთ ძლიერი მონათესავე ხალხები და სახელმწიფოები ან ჰყავთ მრავალრიცხოვანი და მდიდარი დიასპორა, საიდანაც ისინი სერიოზულ დახმარებას იღებენ როგორც პოლიტიკურს, ისე მატერიალურს. ჩვენ კი ამქვეყნად ასეთი ახლობლები არ გაგვაჩნია.
მიუხედავად ამისა, ღვთის წყალობით და მისი საიდუმლო განგებულებით, დღემდე მოვაღწიეთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მეტად მძიმე პერიოდი, მაგრამ გავუძელით დროის გამოცდას. არაქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში მოქცეულებმა შევძელით მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შექმნა. ვიმედოვნებ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის ჩემი ქვეყანა, არც ახლა დაუშვებს, რომ საქართველო დაიყოს და დანაწილდეს.
უფალი დახმარებას ადამიანების ხელით ანხორციელებს. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას, მათ მეთაურებს (მათ შორის, რა თქმა უნდა, საფრანგეთის პრეზიდენტს) და ცალკეულ პიროვნებებს, რომელთაც საქმით თუ სიტყვით გაიზიარეს ჩემი სამშობლოს ტკივილი და თანადგომა გამოგვიცხადეს.
თუმცა, კვლავ გავიმეორებ ზემოთქმულს: ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს იცავს თავისი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას.
საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2008 წ.