- თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ორი მართლმადიდებელი სახელმწიფო საერთო ენას ვერ პოულობს? დასაშვებად მიიჩნევთ თუ არა ომს საქართველოსა და რუსეთს შორის, მიუხედავად მიზეზებისა?
- პირველ რიგში, მივესალმები „რია ნოვოსტის“, თქვენ აკეთებთ დიდ საქმეს დაახლოებისა და ურთიერთგაგებისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის.
დავძენ, რომ ჩემმა შარშანდელმა ვიზიტმა მოსკოვში საქართველოს თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად უკვალოდ როდი ჩაიარა და დიდი რეზონანსი ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. ჩვენ გვინდა გამოვცეთ წიგნი, რომელიც ჩვენს შეხვედრებს, ჩვენს ურთიერთობებს, რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორისა და სხვა ცნობილი წარმომადგენლების გამოსვლებს ასახავს. წიგნმა უნდა დაადასტუროს, რომ გონიერად მოაზროვნეები არიან ორივე მხარიდან და ამან უნდა გაიმარჯვოს.
ახლა თუკი ჩნდებიან ისეთი „ცხელი თავები“, რომლებიც შეტაკებისკენ მოუწოდებენ, მათ ერი არ უსმენს. მე ვფიქრობ, რომ მშვიდობა და სამართლიანობა - მშვიდობა კი წარმოუდგენელია სამართლიანობის გარეშე - გაიმარჯვებს.
არავისთვისაა დასამალი, რომ მთავარი „გამაღიზიანებელი“ საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთია, რადგან ქართველი ხალხი თვლის, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რუსეთს კეთილმეზობლური დამოკიდებულება არა მხოლოდ აფხაზეთთან უნდა ჰქონდეს, არამედ - მთელ საქართველოსთან. მე სრულიად გამოვრიცხავ სამხედრო კონფლიქტს და სრულიად გამოვრიცხავ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას!
- თქვენ, ალბათ საუბრობთ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რუსეთსა და საქართველოს შორის რთულ ურთიერთობაზე, საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ალექსეი II?
- პატრიარქი ალექსეი ბრძენი ადამიანია. მან არაერთხელ - პირადად და წერილობით გამოხატა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ სოხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს ეკლესიის შემადგენელი ნაწილია.
- თქვენო უწმინდესობავ, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ პატარა ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამდენი წლის განმავლობაში შეთანხმებამდე ვერ მიდის?
- მე ვფიქრობ, რომ ცნება „შეცდომებზე ვსწავლობთ“, ჩვენს პოლიტიკოსებთან კავშირშია. მათ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგონ, რა ჩაიდინეს კარგი და რა - ცუდი. როდესაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ მათგანს პოლიტიკური პლატფორმა გააჩნია, რომელიც ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. ამასთან, მინდა მწამდეს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა, სამშობლოს ემსახუროს. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია მათი გაერთიანება.
- რას უსურვებდით რუსეთს და რუს ერს?
- მე მინდა ვუსურვო რუსეთს, შეინარჩუნოს ის ფასეულობები, რომლებიც რუსმა ერმა შეითვისა ასწლეულების განმავლობაში: სულიერება, მაღალი კულტურა, ინტელექტუალური და სამეცნიერო ცოდნა, მართლაც, რუსეთი, ეს დიდი ქვეყანაა დიდი პოტენციალით და მომავლით. მაგრამ გლობალიზაციის დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ რუს ხალხს ეყოფა სიბრძნე, გაარჩიოს ბოროტი და კეთილი. პირველ რიგში, ახლოს უნდა იყო ღმერთთან და იჩქაროდეს, აკეთოს სიკეთე! გაკეთებული სიკეთე ათჯერ, უფრო მეტადაც დაუბრუნდება სიკეთის მქმნელს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2008 წ.