„მე შევიყვარე განსაცდელი, რადგან განსაცდელმა დამაახლოვა ღმერთს“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის წინდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის ხსენება. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი არის მქადაგებელი სიყვარულისა, სწორედ მის სახარებაში წერია, რომ „ღმერთი სიყვარული არს“. წმინდა იოანე მახარებლის ლოცვით, ღმერთმა ინებოს, რომ სუფევდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში მშვიდობა და კეთილდღეობა.
გულითადად მოგესალმებით ყველას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სიმპოზიუმი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, რომლის მთავარი მიზანია ხელშეწყობა ცივილიზაციათა დიალოგისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როცა ასეთი არასტაბულურია თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიოში.
მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ თბილისში ჩატარდა მსგავსი შეხვედრა და ჩვენ მას კულტურათა დიალოგი ვუწოდეთ. შემდეგ, ირანის სახელმწიფოს პრეზიდენტის ინიციატივით, იუნესკომ 2001 წელი ცივილიზაციათა დიალოგის წელიწადად გამოაცხადა. და მე მაშინ მომიწია ჩასვლა ირანში და მეხვედრა ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა ჰამენეისთან, პრეზიდენტ აიათოლა თასხირისა და სხვა ოფიციალურ პირებთან, რათა განგვეხილა ეს თემა. ცივილიზაციათა დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დიალოგის შედეგად ერები უახლოვდებიან ერთმანეთს, სწავლობენ ერთმანეთისაგან. ეს პროცესი მით უფრო საჭიროა ჩვენს დროში, როცა მიმდინარეობს გლობაიზაციის რთული პროცესი.
მოგეხსენებათ, გლობალიზაცია გულისხმობს სუბიქტისა და ობიექტის არსებობას. სუბიექტად მოიაზრება დიდი ქვეყნები, ხოლო ობიექტად მცირე ქვეყნები, რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, რაც დაუშვებელია. უნდა ითქვას, რომ მრავალმა მცირე ქვეყანამ შექმნა ისეთი სულიერი, კულტურული, თუ მეცნიერული ფასეულობანი, რითაც შეიძლება ნებისმიერმა ერმა და სახელმწიფომ იამაყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ მრავალფეროვანებაში, კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალსახეობების შენარჩუნებასა და მის განვითარებაშია ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია მშვიდობიანი მსოფლიოს არსებობისა.
ასევე მინდა შევეხო, კიდევ ერთ საკითხს, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს - ეს არის სეპარატიზმი. სეპარატიზმი მეტად საშიში მოვლენაა, რადგან მან შეიძლება მიიღოს ისეთი სახე, რომელიც ქვეყანას დაშლით დაემუქრება და არა მარტო ქვეყანას. თუკი სეპარატიზმს მნვანე შუქი მიეცემა, დაიშლება და აირევა.
მინდა მოგიყვანოთ სეპარატიზმის გაღვივების მცდელობის ერთი მაგალითი ჩვენი ყოფიდან. მცირე ხნის წინ ჩემთან ჩამოვიდა მოქალაქეთა ჯგუფი კოდორის ხეობიდან და მითხრეს, რომ მათ სთავაზობენ კოდორში მშვიდად ცხოვრების გარანტიას, თუ ეროვნებად დაიწერენ არა ქართველს, არამედ სვანს. ცხადია, ისინი ამაზე პროტესტს აცხადებენ, მაგრამ აშკარაა, რომ ზოგიერთის სურვილია, სეპარატისტული სული შთაბეროს სვანებს, მეგრელებს და სხვა ქართველურ ტომებს, რათა დაშალონ ქვეყანა. ეს ძალიან საშიში მოვლენაა.
ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერი არ დაუშვებს ამას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს მთლიანი და ჩვენი ხალხი - ერთ მუშტად შეკრული.
მე მქონდა არაერთი შეხვედრა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და მათ ბევრჯერ ვუთხარი, რომ არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობას.
სიყვარული ღვთისა, ეროვნული ღირებულებების დაცვა, ქვეყნის ერთიანობისთვის ზრუნვა, პატივისცემა სხვა ქვეყნებისა და მათი ფასეულობებისა, ბრძოლა სეპარატიზმის, უზნეობის, უსამართლობის დასაძლევად, - უნდა იყოს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში განმსაზღვრელი ფაქტორები.
აი, ეს საკითხები უნდა იყოს დღგს ჩვენი მსჯელობის საგანი ამ სიმპოზიუმზე და სწორედ ამიტომ ენიჭება ჩვენს შეკრებას დიდი მნიშვნელობა.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას ჩვენი ეკლესიის სახელით და მინდა გისურვოთ წარმატება თქვენს მეტად მნიშვნელოვან მუშაობაში.
მინდა გავიხსენო ვოინო-იასენიცკის, ცნობილი ქირურგის, სიმფეროპოლის ეპისკოპოსის, სტალინის პრემიის ლაურეატის სიტყვები: „მე შევიყვარე განსაცდელი, რადგან განსაცდელმა დამაახლოვა ღმერთს“.
მთელი ჩვენი წარსულიც განსაცდელების ისტორიაა და თუ გადავრჩით და დღემდე მოვაღწიეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ შევიყვარეთ ღმერთი და მისთვის თავდადებით ვიმსახურებთ. ვიმედოვნებ, ასე იქნება მომავალშიც.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2008 წ.