„მეუფე მელქისედეკ, დღეს უფალმა
გადაწყვიტა შენი კურთხევა ეპისკოპოსად ჰერეთისა.
მრავალ წმინდა ადამიანს უღვაწია და
უცხოვრია ჰერეთის წმინდა მიწაზე; მრავალი სიწმინდე არის იქ.
მეუფეო, შენ უნდა აღადგინო სულიერება ამ მხარეში, აღადგინო ეკლესია-მონასტრები“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის დიდი დღესასწაული - ხსენება მენელსაცხებლე დედათა და მათ შორის, - ხსენება დიდისა მეფისა თამარისა. ამიტომ დღეს საქართველოსთვის დიდი დღესასწაულია. და აი, ამ დღეს სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში იკურთხა ახალი ეპისკოპოსი ჰერეთისა - მელქისედეკი.
ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარო მელქისედეკ, წმინდა სინოდის სახელით, ჩვენი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, გულითადად გილოცავთ. დღეს შენზე გადმოვიდა დიდი მადლი - „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. დღეს ჩვენ ვლოცულობდით შენთვის, რათა პირნათლად აღასრულო შენი ვალი, რომელიც აღიღე დღეს წინაშე ღვთისა, ერისა და ეკლესიისა. რა არის ეპისკოპოსობა? წმინდა მამები ამბობენ, რომ ეპისკოპოსი არის მოწამე, მას უნდა ჰქონდეს მოწამეობრივი ცხოვრება; ეპისკოპოსი არის წინამძღოლი და მამა თავისი მრევლისა.
უკვე დიდი ხანია ჰერეთი უპატრონოდ არის დარჩენილი და დღეს ეღირსა მას მღვდელმთავარი. „დიდ ხარ შენ,უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“
მეუფე მელქისედეკ, დღეს უფალმა გადაწყვიტა შენი კურთხევა ეპისკოპოსად ჰერეთისა. მრავალ წმინდა ადამიანს უღვაწია და უცხოვრია ჰერეთის წმინდა მიწაზე; მრავალი სიწმინდე არის იქ. მეუფეო, შენ უნდა აღადგინო სულიერება ამ მხარეში, აღადგინო ეკლესია-მონასტრები. ვფიქრობ, ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდება.
მეუფე მელქისედეკ, შენ დაამთავრე საბერძნეთის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი და რამდენიმე წელი იღვაწე საბერძნეთში. მოხარული ვარ, რომ დღეს შენს კურთხევას ესწრება საბერძნეთის ელჩი, რომელსაც მე გულითადად მივესალმები.
ღმერთმა ძალა მოგცეს, მეუფეო, ღმერთმა მაღალი სულიერება და სიბრძნე მოგანიჭოს, რათა აღასრულო შენი მოვალეობა, ამინ.
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე მელქისედეკ, მიიღე კვერთხი ესე, რომელიც არის სიმბოლო სულიერი ძლიერებისა და დამწყსე ცხოვარნი შენნი, მრევლი შენი და ღმერთი იქნება შენი შემწე!
მინდა დღეს კიდევ ერთი სიხარული გაუწყოთ. კვიპროსის კიკოს მონასტრიდან არქიმანდრიტმა აღათონიკმა ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა ნინოს ნაწილები. გულითადად მივესალმები მას და მადლობას ვწირავ ამ დიდი ძღვენისთვის. ჩვენ დიდი სასოებით ვლოცულობთ ამ სიწმინდეების წინაშე.
მამა აღათონიკ, გვინდა ჩვენც მოგართვათ საჩუქრად ხატი. ეს არის საქართველოში შესრულებული წმინდა თომა მოციქულის ხატი. გადმოგცემთ მას თქვენი მონასტრისთვის. ეს ხატი იქნება თქვენი მფარველი და ჩვენთვის მლოცველი.
დღეს არის კიდევ ერთი ღირშესანიშნავი დღე - დალოცვა ჯოჯუების გვარისა. ბედნიერია თქვენი გვარი, რადგან მღვდელმთავარი აღიზარდა თქვენს გვარში. მრავალი გამოჩენილი ადამიანი გყოლიათ გვარში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. გამრავლდით, მრავალი შვილი იყოლიეთ. ქართველ კაცს 7 და მეტი შვილი უნდა ჰყავდეს, - 7 შვილის ყოლა აუცილებელია.
ღმერთმა დალოცოს სოხუმში, თბილისში, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჯოჯუები.
კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქრისტე აღდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2009 წ.