„წმიდა მოციქულთა ლოცვა-კურთხევა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა გადაარჩენს საქართველოს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - პეტრე-პავლობას და შევთხოვ უფალს, რომ წმინდა მოციქულთა თავთა ლოცვითა და შუამდგომლობით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ამ დიდებული მოციქულების ტროპარი ძალიან მარტივია და მე მინდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ახლა მათ ვუგალობოთ...
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის!
დღეს ეკლესია იხსენებს თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს. ეს ორი დიდი პიროვნებაა, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პეტრე არის უბრალო მეთევზური, პავლე ფრიად განსწავლული ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება გამალიელთან და ამასთან ერთად, იგი რომის მოქალაქეცაა. იმჟამად რომის მოქალაქეობა ძალიან მაღალი წოდება იყო. სწორედ ამ წოდების გამო პავლე არ აცვეს ჯვარს, რადგან ჯვარცმა სამარცხვინოდ მიაჩნდათ და რომის მოქალაქეს ამას არავინ აკადრებდა.
პეტრე მოციქული საოცარი პიროვნებაა, თუმცა მას განათლება არ მიუღია, მაგრამ გული აქვს დიდი და წრფელი და უფალი სწორედ ამას აფასებს მასში.
ორივე ეწამა უფლისთვის, რათა მოანიჭოს უფალმა სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა! წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ლოცვა და კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
წმინდა მოციქულთა ლოცვა-კურთხევა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა გადაარჩენს საქართველოს!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2009 წ.