„საქართველოს ეკლესია არის სვეტი, რომელიც ანათებს არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“ მართლაც, ადამიანის გონება ვერ მიწვდება ღვთის განგებას. იყო დრო, როცა რუსთავში არ არსებობდა არც ერთი ეკლესია და ეს იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემს პატრიარქობაში. მაშინ იძულებული გავხდით, რომ კერძო სახლში სამლოცველო გაგვეხსნა. შემდეგ კი ტაძრების მშენებლობაც დაიწყო. დიდია წარსული რუსთავის ეპარქიისა! როდესაც ამ დიდებული ტაძრის მშენებლობა დაიგეგმა, ჩვენ გავიხსენეთ, რომ ეს ეპარქია დიდმა ვახტანგ გორგასალმა დააარსა. ამიტომ საკათედრო ტაძარიც მისი სახელობის უნდა ყოფილიყო.
უნდა ითქვას, რომ მეფე ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ისტორიასა და ჩვენს ცხოვრებაში. თქვენ იცით, რომ იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა V საუკუნეში. უაღრესად წარმოსადეგი ყოფილა ჩვენი დიდი მეფე 2 მ და 40 სმ იყო სიმაღლით (!) და იმდენად ძლიერი ფიზიკურად, რომ მხრებით შეეძლო ცხენი აეყვანა. განსაკუთრებული მეფე იყო და საოცარი ანდერძიც დაგვიტოვა, რომლის შინაარს უბრალო ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება: „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!“ - ბრძანა ჩვენმა კეთილმორწმუნე მეფემ. დაუკვირდით, იმას კი არ ამბობს დაითმინეთ სიკვდილი, არამედ თქვენ თვითონ ეძებეთ ქრისტესთვის სიკვდილი! საოცარია მისი სიტყვები, ისევე, როგორც საქართველოს მეორე დიდი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის ანდერძი: „გულზე დამადგით ფეხი ყოველმან!“ მსოფლიოში არ ყოფილა არც ერთი მეფე და არც ვინმე უბრალო ადამიანი, რომელსაც მსგავსი რამ ეთქვას! აი, ასეთი დიდებული მეფეები ჰყავდა საქართველოს!
ცნობილია, რომ იმ დროს, როცა ვახტანგ გორგასალი საქართველოში არ იყო, ოსებმა და მოსტაცეს; იგი დადევნებია გამტაცებლებს, გუდამაყრის ხეობით გადმოსულა და ჩვენს მშობლიურ სოფელ სნოსთან შეჩერებულა. სნო ჩვენი წინაპარი იყო; მას ჰყავდა ჩვილი ვაჟი - ღუდუშა. ჩვენში არსებობს გადმოცემა, რომ ვახტანგ გორგასალი სნოს ვაჟის, პატარა ღუდუშას ნათლია გამხდარა. შემდეგ აქედან წარმოიშვა გვარი - ღუდუშაური.
ჩვენი წინაპარი XVII საუკუნეში ყოფილა ვინმე შიოლა ღუდუშაური, რომელიც მოკლეს. ზოგიერთმა მისმა პირდაპირმა შთამომავალმა მიიღო გვარი შიოლაშვილი. ასე რომ, ღუდუშაურებიც და შიოლაშვილებიც ერთი წარმომავლობისა არიან.
ვახტახგ გორგასალი განსაკუთრებული მეფეა კიდევ იმით, რომ მის დროს საქართველოს ეკლესიას ებოძა ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა. პირველ კათალიკოსად აირჩიეს პეტრე. ისეთი დიდი კანონისტი, როგორიც ბალსამონი იყო, XI საუკუნეში თავის ნაშრომში ასე წერს: „ამბობენ, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი და ავტოკეფალური (ორივე სიტყვას ახსენებს) ნეტარი პეტრეს დროს“.
საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ანტიოქიის საეკლესიო კრებამ მიანიჭა. ეს მოვლენა ვახტანგ გორგასლის ძალისხმევითა და დიდი მონდომებით აღესრულა.
ვახგანგ გორგასალი უდიდესი პიროვნებაა. დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მის ხსენებას და მასთან ერთად ვიხსენიებთ ჩვენი ერის პირველ განმანათლებელსა და ჩვენის ეკლესიის დამაარსებელს პირველ საუკუნეში - წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს. დღეს ასევე არის ხსენება ორი კათალიკოსისა - პეტრესი და სამუელისა, რომლებიც ვახტანგ გორგასალის ეპოქაში მოღვაწეობდნენ.
აი, ასეთი დიდებული დღეა დღეს და ჩვენი ეროვნული ზეიმი. ყველას გულითადად გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია არის სვეტი, რომელიც ანათებს არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ. საქართველოს ეკლესია არის უძველესი ეკლესია დედამიწაზე! განსაკუთრებული ეკლესია!
შემთხვევით არ მომხდარა ის მოვლენა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა! არც ის იყო შემთხვევითი, რომ კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩამობრძანდა ჩვენს ქვეყანაში! ეს ყველაფერი ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა; უფრო მეტსაც ვიტყვი - ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე საქართველოში ჩამოასვენეს ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და იგი დაკრძალულია მცხეთის გულში - სვეტიცხოვლის ტაძარში. ყოველივე ეს იმის მესახებ მეტყველებს, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“ საქართველოს ეკლესიას!
ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკლესია მუდამ იყო ძალიან შემწყნარებელი, ტოლერანტული! არც ისაა შემთხვევითი მოვლენა, რომ თბილისის უძველს უბანში, პატარა მოედანზე, საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ დგას წმინდა სიონი და მასთან - ებრაელების, მუსულმანებისა და სომხების სალოცავები, რაც მოწმობს, თუ როგორი შემწყნარებელი იყო საქართველო, ქართველი ადამიანი, ჩვენი ეკლესია; ეს მუდამ ასე გახლდათ და ასეა დღესაც. და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი უნახავს ჩვენს ქვეყანას, - საქართველო არ დაეცემა, იგი ძლივრად იდგება ფეხზე, გამთლიანდება და აყვავდება! ასეთია ნება ღვთისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!
მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომელიც ებრძვიან საქართველოს ეკლესიას - ებრძვიან საკუთარ თავს, თავის სამშობლოს, თავის ერს! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ ყოფილიყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანაც და ქართველი ერიც აღიგვებოდა პირისაგან მიწისა! ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს, უნდა დავცვათ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი, დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთს მოვუსმინოთ! თუკი სხვა ჩემზე უკეთ მსჯელობს და მისი აზრი ჩვენი ქვეყნის მომავალს სასიკეთოდ წაადგება, იგი უნდა გავიზიაროთ. ალბათ, ღმერთი გვიბოძებს სიბრძნესა და ძალას!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ!
დღეს განსაკუთრებული დღეა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მადლობელი ვართ მიტროპოლიტ ათანასესი, რომელიც წლების მანძილზე მართავდა რუსთავის ეპარქიას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი ავადმყოფობს და ფიზიკურად აღარ შეუძლია ეპარქიას გაუძღვეს. ამიტომ მოგვმართა თხოვნით, რომ ეპარქიის მმართველის მოვალეობისაგან გავათავისუფლოთ. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ეს თხოვნა და მას სათანადო პენსიაც მიეცემა.
რუსთავის ეპარქიის მმართველად დანიშნულია მეუფე იოანე (გამრეკელი), რომლის ხელიც უკვე დაეტყო აქაურობას. მადლობა უფალს, რომ ასე ენერგიულად შეუდგა იგი ეპარქიის აღმშენებლობას. მინდა დავლოცო მეუფე იოანე. შევთხოვ უფალს, გააძლიეროს იგი!
მეუფე იოანე ამავე დროს არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, იგი გახლავთ საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი და საქართველოში არსებული ყველა სასულიერო სემინარია-აკადემია თუ სასწავლებელი მის გამგებლობასა და დაქვემდებარებაში შედის. მინდა საჩუქრად გადავცე მას ძვირფასი პანაღია. ღმერთმა მისცეს მეუფე იოანეს ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა კიდევ ბევრი გააკეთოს საქართველოსთვის!
დღეს ვაჯლდოებთ შემდეგ სასულიერო პირებს:
დეკანოზი მიქაელ წურწუმია, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესას და რომელიც გახლავთ უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ჯილდოვდება მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
დეკანოზი პაატა თავართქილაძე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით.
იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი), რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ვაკურთხეთ, მაგრამ დიდ ენთუზიაზმს იჩენს, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით; მომავალში, შესაძლოა, იგი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მსახურებისთვის მივავლინოთ.
მღვდელი ელგუჯა ბაბუნაძე, რომელსაც თქვენ ასევე იცნობთ, ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.
ღმერთმა დაგლოცოთ და თავისი სიყვარულით დაგაჯილდოვოთ და თქვენთან ერთად მეც და მთელი საქართველო! აქსიოს!
ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდა თაობა, ახალი თაობა ღმერთმა დალოცოს ჩვენი შვილები!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39 (525), 2009 წ.