„წმინდა თამარ მეფე დღესაც ეხმარება საქართველოს!“
თამარ მეფე განსაკუთრებული წმინდანი და უდიდესი მოღვაწეა. როდესაც საქართველოს მტერი თავს ესხმოდა, დიდი თამარი მონასტერს მიაშურებდა და საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ლოცულობდა. იგი ქართველთა ჯარს წინ ფეხშიშველი, ჯვრით ხელში მიუძღვოდა. უფალს ავედრებდა მეომრებს, დალოცავდა და უკან სასახლეში კი არ ბრუნდებოდა, კვლავ მონასტერში მიდიოდა და დღედაღამ ლოცვაში ატარებდა, ცრემლით უფალს შეპღაღადებდა, ვიდრე ჯარი შინ გამარჯვებული დაბრუნდებოდა.
მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა მისი ცხოვრებიდან. ერთხელ თამარ მეფე მონასტერში ღვთისმსახურებაზე წასასვლელად ემზადებოდა და მსახურნი მას მოსავდნენ და ამკობდნენ. ამ დროს, როდესაც დიდ თამარს სამეფო სამოსზე მშვენიერ ლალებს უმაგრებდნენ, მეფეს ამცნეს, რომ კარზე მათხოვარი მოსულიყო და მოწყალებას ითხოვდა. თამარმა ბრძანა, ცოტა ხანს დაეცადა, ვიდრე შეიმოსებოდა და შემდეგ თავად გადასცემდა მას მოწყალებას. როდესაც თამარ მეფეს სამკაულები შეაბეს, - მსახურებს უბრძანა, მათხოვრისთვის მოეხმოთ. მაგრამ მეფეს მოახსენეს, რომ იგი ვეღარსად იპოვეს. თამარი ძლიერ დამწუხრდა. იმ დღეს მონასტერში რომ მიბრძანდა, თავისი ძვირფასი ლალის სამკაულები მოიხსნა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა, თან ეს სიტყვები დაურთო: „ღირსი არ ვარ ამ სამკაულების ტარებისა, რადგან მათ გამო მოწყალების გაცემა ვერ შევძელი“.
წმინდა მეფე თამარი დღესაც ეხმარება საქართველოს.
მეტად მოხარული ვარ, რომ დღეს აქ გაიხსნა ჩვენი კეთილმორწმუნე მეფის სახელობის წმიდა ტაძარი. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა შევწირო მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს ამ დიდი ღვაწლისათვის. მინდა ასევე მადლობა მოვახსენო ტაძრის აღმშენებელს, ბატონ ელგუჯა ქებურიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქ ეს მშვენიერი ტაძარი აღმართულიყო.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16, 2009 წ.