„გეძლევათ ლოცვა-კურთხევა: ყოველმა ადამიანმა
წელიწადში უნდა დარგოს 12 ნერგი, ქრისტეს 12 მოციქულის სახელზე“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება - მცირე და დიდი. მისი აზრით, მცირე - ეს არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი - ადამიანის გული. როდესაც სოლომონ მეფე, ძე დავითისა, მეფე ისრაელისა, სამეფო ტახტზე უნდა ასულიყო, სთხოვდა შემოქმედს: „უფალო, მომანიჭე სიბრძნე, მომეცი გული გონიერი“. გონიერი გული აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, რომ გაარჩიოს, სად რა გააკეთოს, სად რა თქვას, რა მოიმოქმედოს, რას მოერიდოს. შევთხოვთ უფალს, მოგვცეს გული გონიერი, რათა გავარჩიოთ თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება.
თქვენ იცით, პავლოვი რევოლუციის პერიოდში ცხოვრობდა. როდესაც მას ბოლშევიკური რევოლუციის ბელადმა ჰკითხა: „ნუთუ თქვენ, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მორწმუნე ბრძანდებით?“ როგორ იქნებოდა ურწმუნო, როცა ის მღვდლის შვილი იყო! პავლოვმა მიუგო: „როცა მეცნიერი ადამიანის სისხლს სწავლობს, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმინდანიც კი გახდე, იმდენად ამტკიცებს ეს ღვთის ძალას და მის არსებობას!“
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხალხი დაჯილდოებულია რწმენით, სიყვარულითა და სასოებით! ეს არის დიდი ჯილდო უფლისა და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ.
ძველი რომაელები ამბობდნენ: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. მართლაც, ხშირად არის ასე, მაგრამ არა მუდამ. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ სულიც ჯანსაღი ჰქონდეს და სხეულიც? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ისევ რწმენა, რომელიც საფუძველი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრებისა. ეს უნდა იყოს კეთილმოქმედება, მოწყალება, სიყვარული, ეს უნდა იყოს იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა! არაერთხელ მითქვამს თქვენთვის: ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი - ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანებისაკენ. თუ ადამიანი შექმნის ასეთ ჯვარს, ბედნიერია ის, მისი ოჯახი და მის გარშემო მყოფი ხალხიც. ეს არის მაცხოვნებელი მადლი ღვთისა; წმინდა მამები ამბობენ: თუ შენ მოიპოვე მადლი ღვთისა, შენც ცხონდები და ათასობით ადამიანი შენს გარშემო.
რწმენის, სასოებისა და სიყვარულის გარდა არის კიდევ ერთი რამ, რაც ეხმარება ადამიანს, რომ ჰქონდეს ჯანსაღი სული და სხეული. ეს არის ჩვენი ბუნება - მიწა, მცენარე, ხე იქნება თუ ყვავილები. ადამიანს უნდა ესმოდეს, რამდენად დიდი მნიშვნელთბა აქვს ბუნებას ჩვენს ცხოვრებაში.
იყო ასეთი შემთხვევა: ათიოდე წლის ბავშვი გზაზე მირბოდა. მას თვალს ადევნებდა ერთი პიროვნება. უცებ ბავშვმა შენიშნა ულამაზესი ყვავილი და მივარდა მას; ადამიანმა, რომელიც ბავშვს უცქერდა, იფიქრა, ალბათ, ახლა ეს ბავშვი ყვავილს მოწყვეტს და თან წაიღებსთ. ბავშვი კი მივიდა, ნაზად აკოცა ყვავალს და გზა გააგრძელა. როგორი საოცარი და სწორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ბუნებასთან! ეს იმას ნიშნავს, რომ კეთილად იყო აღზრდილი მშობლების მიერ. მან აცოდა, რომ ის ყვავილი ცოცხალია, მან სხვაც უნდა გაახაროს თავისი მშვენებით. ყვავილი იქნება ეს, ხე თუ ბუჩქი, - სხვაც უნდა გაახაროს, ეს ყველასთვისაა და ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ და გავაშენოთ და გავამრავლოთ.
ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი კვლავ მწვანე ქალაქად ვაქციოთ. თბილისის შემოგარენი მთები კვლავ დაფარული უნდა იყოს მცენარეებით - ხეებით, ბუჩქებით. და არა მარტო თბილისი და მისი შემოგარენი უნდა გავამწვანოთ, არამედ - მთელი საქართველო.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტყე არის ჩვენი ფილტვები, ჩვენი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველამ იღვაწოს ამისთვის. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა: ყოველმა ადამიანმა წელიწადში უნდა დარგოს 12 ნერგი, ქრისტეს 12 მოციქულის სახელზე. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნერგებს, - იქნება ეს ხე თუ ბუჩქი, - მხოლოდ დარგვა არ ეყოფა, - მოვლაც ესაჭიროება, მორწყვა, შემობარვა.
მოხარული ვართ, რომ დღეს წირვას ესწრებიან თბილისში არსებული მრავალი უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მინდა გთხოვოთ, რომ შეასრულოთ ეს ლოცვა-კურთხევა, - ყოველწლიურად დარგეთ ნერგი.
ჩვენი მთები თბილისის გარშემო, თავის დროზე, დაფარული იყო ტყით და როცა მტერი შემოესეოდა, მოსახლეობა ტყეში აფარებდა თავს. მტერმა გადაწვა ეს ტყე და ახლა დედაქალაქი ასეთ მდგომარეობაში დარჩა. ღვთის მადლით, დადგება ის დალოცვილი დრო, როცა ეს ფერდობები კვლავ დაიფარება ბრწყინვალე ხეებითა და ბუჩქებით. ეს არის საჭირო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის საჭირო ქართველი ერისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ხალხის მომავლისათვის, გამრავლებისთვის, ჩვენი შვილებისათვის.
ერთი პრობლემა შეიძლება იყოს, ნერგები... მაგრამ იმედი მაქვს, რომ მერია ნერგებით მოამარაგებს ჩვენს მოსახლეობას და არ იქნება დაბრკოლება. დღეს აქ ბრძანდება თბილისის მერი; იმედია, ისინიც შეეწევიან ამ საქმეს. შემოდგომა დადგა და უკვე შეიძლება დავიწყოთ ნერგების დარგვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ დარგვა არ კმარა, შემდეგში საჭიროა ამ ნერგების მოვლა-პატრონობაც. იმედი მაქვს, რომ თქვენ მოუვლით კიდეც.
ქართველ ადამიანს გააჩნია ორივე გონება: დიდიც (გონება) და მცირეც (გული) და თქვენ გესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ!
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ!
მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს არის დაბადების დღე მეუფე აბრაამისა, რომელიც გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიისა და სამღვდელოების სახელით ვულოცავთ მას დაბადების დღეს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს იგი! დღეს მას 61 წელი შეუსრულდა, ჯერ სრულიად ახალგაზრდა ბრძანდება.
დღეს ვლოცავთ რამდენიმე გვარს, რომელიც აქ მობრძანდნენ: ხუციშვილებს, კანაჩაიძეებს, ჭელიძეებს, ქურდოვანიძეებს, ხუციძეებს, არველაძეებს, სურმავებს, ენუქიძეებს, ჟორჟოლიანებს და გულედანებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგახაროთ!
ღმერთმა მოგცეთ დიდი რწმენა და სიყვარული! ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა! ღმერთმა მრავალი შვილი მოგცეთ, გაგამრავლოთ, ამინ!
დღეს ჩვენ ასევე ვლოცავთ საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტს, რექტორი ბრძანდება პროფესორი გარი ჩაფიძე. ღმერთმა დალოცოს!
დღეს ასევე ვლოცავთ 53-ე, 175-ე საჯარო სკოლებს და კერძო სკოლას „ჯეჯილი“, დირექტორი ბრძანდება ნინო ჩივაძე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!
ჩვენთან არს ღშერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35 (522), 2009 წ.