„მინდა დღეს დავლოცო გამთლიანებული საქართველო! მინდა დავლოცო აფხაზეთის მოსახლეობა,
ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ მუდამ ვლოცულობთ თქვენთვის.
ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებით! ძალა ღვთისა გაგვაერთიანებს
ჩვენ!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ეწოდება - განცხადება ღვთისა, გამოცხადება ყოვლადწმინდისა სამებისა. სახარებაში წერია, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და ნათელიღო მისგან. და ისმოდა ხმა ზეციდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“ და „სული წმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდოდა მაცხოვარსა ზედა“. აი, ამიტომ ეწოდება ამ დღეს ღვთის გამოცხადება - ამ დღეს წარმოჩინდა ყოვლადწმინდა სამება, გამოეცხდა ქვეყანას ღმერთი. ეს არის დღე გაწმენდისა!
დღევანდელი და გუშინდელი დღეები, - წინადღესასწაული და დღესასწაული ნათლისღებისა, არის ის დღეები, როცა აღესრულება დიდი აიაზმა. თქვენ იცით, არსებობს მცირე და დიდი აიაზმა. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა და იგი უდიდესი სიწმინდეა, რაც მოწმობს, რომ ძალა და მადლი ღვთისა არის „ამ წყალსა ზედა“ და ვინც მას მიიღებს, ისხურებს თავად, ასხურებს თავის ოჯახის წევრებსა და ბინას - კურთხეული და დალოცვილია თავის ოჯახთან ერთად.
ნაკურთხი წყალი - დიდი აიაზმა ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს შენახული და ყოველდღიურად, უზმოზე უნდა იღებდნენ მას.
სიტყვა - აიაზმა წარმოოიშვა ბერძნული სიტყვისაგან - „აგიოს“ - წმინდა; „მეგალი აიაზმა“ - ითარგმნება, როგორც „დიდი სიწმინდე“. ამიტომ ეს დიდი სიწმინდე ყოველ თვის უნდა გქონდეთ სახლში და მიიღოთ მადლი ღვთისა.
ადამიანის გული ცარიელი არასდროს რჩება, იგი აუცილებლად არის ან ტაძარი სულისა წმინდისა, ან ბოროტი სულისა. და ბედნიერია ის, ვინც ამ წმინდა აიაზმით, აღსარებით, წმინდა ზიარებით განიწმინდება და შეიქმნება ტაძარი სულისა წმინდისა.
ღმერთმა მოგანიჭოთ ძალა და მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ჩვენ, ადამიანებს, მრავალი უძლურება გვახასიათებს, მრავალი სულიერი თუ ფიზიკური ავადმყოფობა, - დიდი აიაზმა დაგვეხმარება, რათა სულიერად და ფიზიკურად განვიწმიდოთ და გავძლიერდეთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი უძლურია, მაგრამ თუ მადლი ღვთისა არის მასში, ის უძლიერესია. ღვთის მადლით გაძლიერებული ადამიანი ყოველგვარ უძლურებას დაძლევს და მტერს დაამარცხებს. ანუ, ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა დაძლიოს ვნებები და თუკი ამას შესძლებს, მუდამ ძლიერი იქნება. დღეს, წყალკურთხევის დროს, აიაზმას აფხაზეთიდან ჩამოტანილი წმინდა ვასილისკოს წყაროს წყალი შევურიეთ; ამ წყალში ამოვავლეთ მადლის ქვაც, რომელიც იერუსალიმიდან ჩამოიტანა ღირსმა მამამ დავით გარეჯელმა.
მინდა დღეს დავლოცო გამთლიანებული საქართველო! მინდა დავლოცო აფხაზეთის მოსახლეობა, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ მუდამ ვლოცულობთ თქვენთვის. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებით! ძალა ღვთისა გაგვაერთიანებს ჩვენ!
მინდა ასევე დავლოცო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი. გახსოვდეთ, რომ ჩვენ გელოდებით სამშობლოში. თქვენ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში და აქ აკეთოთ თქვენი წილი საკეთებელი საქმე.
ღმერთმა ინებოს, რომ ძალითა სულისა წმინდისათა გამთლიანდეს სრულიად საქართველო, გამთლიანდეს ჩვენი ერი!
მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, მადლმა ღვთისამ მოგცეთ ძალა და მადლი.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიწდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს გამთლიანებული საქართველი, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2009 წ.