„ძალიან მალე, ღვთის წყალობით, დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენი მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა!“
სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
დღეს დიდი და საიდუმლოებით მოცული დღესასწაულია! რომ არ ყოფილიყო გოლგოთა და ჯვარცმა, არ იქნებოდა აღდგომა ქრისტესი! გასული საუკუნის დასაწყისში იყო ბევრი კამათი მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის რწმენის საკითხზე. ათასობით ადამიანი იკრიბებოდა და მოკამათეებს უსმენდნენ. იმ პერიოდში იყო ერთი ასეთი შემთხვევა. ეს აღდგომის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულში მოხდა. ერთმა ურწმუნო მეცნიერმა დიდ დარბაზში მოძღვარი მოიწვია და კამათი დაუწყო. მას ჰქონდა წინასწარ საგანგებოდ მომზადებული პატარა ბროშურა, სადაც ეწერა ბიბლიისა და რწმენის საწინააღმდეგო არგუმენტები და ამის საფუძველზე ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ის, რაც სახარებაში წერია, არასწორია. როდესაც მან გამოსვლა დაასრულა, მასთან საპაექროდ მოიწვიეს მოძღვარი. ეს მოძღვარი ღრმა მოაზროვნე ადამიანი იყო და მან ძალიან სწრაფად დაასრულა ეს კამათი. მან თქვა: ეს ჩვენი პატივცემული მეცნიერი, ამ პატარა ბროშურით ამტკიცებს, თითქოს ღმერთი არ არსებობს. მე ვრცელი საუბრით არ გადავღლი თქვენს ყურადღებას. „ქრისტე აღდგა!“ და მთელმა დარბაზმა შესძახა: „ჭეშმარიტად აღდგა!“ ამის შემდეგ მოძღვარმა დარბაზს მიმართა. „თუკი გწამთ, რომ ჭეშარიტად აღდგა, მაშინ საკამათო აღარაფერი გვაქვს!“ აი, ასეთი სიბრძნით სძლია მან მოპაექრეს.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ აღდგომის არსზე და გვსურს, ღრმად ჩავწვდეთ ამ დღესასწაულის უდიდეს მნიშვნელობას. უპირველს ყოვლისა, უნდა უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად მწუხარებას მუდამ სიხარული მოსდევს, სიხარულს კი - ისევ მწუხარება. ძველი რომაელები ამბობდნენ: „Nosce te ipsum“ - შეიცან თავი შენი. ალბათ, სწორედ ეს გვაკლია. ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს; უფრო მეტიც, - მუდამ ვაიდიალებთ ჩვენს თავს, ჩვენს თვისებებს და ხშირად იმაზე მეტს მივაწერთ მას, ვიდრე სინამდვილეში ვართ.
მინდა გიამბოთ რუსეთის დედოფალზე ეკატერინა II-ს შესახებ. ერთ-ერთ მის წერილში ფილოსოფოსისადმი იგი წერს, „გთხოვთ, მაპატიოთ, ბევრი დავწერე, რადგან ცოტა დრო მქონდა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს იმას ნიშნავს, რომ მან დროის სიმცირის გამო ვერ გააანალიზა მოვლენები და ვერ მოიფიქრა კარგად სათქმელი, არამედ რასაც ფიქრობდა, უბრალოდ ყველაფერი ჩაწერა. ბრძენი ქალბატონი ბრძანდებოდა ეკატერინე II. აი, ნიმუში ანალიტიკური აზროვნებისა.
რადგანაც ეკატერინე II გავიხსენე, მინდა კიდევ ერთი ამბავი გიამბოთ მისი ცხოვრებიდან. მას დილით ადრე ადგომა და ბუხრის დანთება უყვარდა. წარმოიდგინეთ, დედოფალი თვითონ ანთებდა ბუხარს! და აი, ერთხელ დილით ადრე მას ეზოდან ქათმის კაკანი შემოესმა, ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, როგორ დასდევდა ქათამს მოხუცებული ქალი. დედოფალმა მსახურებს მოუხმო და ამ ქალის ვინაობა გამოჰკითხა. მას აუხსნეს, რომ იგი იყო ბებია იმ ბავშვისა, რომელიც საიმპერატორო სამზარეულოში დამხმარედ მუშაობდა. ქათამი მისთვის უჩუქებიათ, მან კი იგი თავის ბებიას გადასცა, რომელსაც თურმე ხელიდან გაუსხლტა და გაუფრინდა, ამიტომ, საბრალო, ახლა ცდილობს, დაიჭიროსო. დედოფალი კაბინეტში შებრუნდა და საგანგებო ბრძანება დაწერა, რომლის თანახმად ამ მოხუცებულისთვის ყოველდღე თითო ქათამი უნდა მიეცათ, ოღონდ დაბმული უნდა ყოფილიყო, რომ აღარ გაუფრინდესო. აი, ასეთი იყო დედოფალი ეკატერინე.
ეკატერინე დედოფალზე იმიტომ გიამბეთ, რომ ჩვენც დაფიქრება გვმართებს. ქართველებს არ გვაკლია გონება და მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ ადამიანს განსაკუთრებით გულის კულტურა ახასიათებს, მაგრამ ჩვენ ანალიტიკური აზროვნების უნარი გვაკლია. ყოველ მოვლენას ღრმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ. ამასთან, გამჭრიახობა და წინდახედულობა გვმართებს, რათა წინასწარ განვჭვრიტოთ და დავინახოთ რა გველის. ჩვენ კი მაშინ ვიწყებთ მოვლენების გაზრებასა და გაანალიზებას, როცა ამის გაკეთება უკვე დაგვიანებულია.
ამ ბოლო დღეებში ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, დაიძაბა ურთიერთობა ხელისუფალთა და ოპოზიციას შორის. ვფიქრობ, ანალიტიკური აზროვნება არის ის გზა, რომელიც მიიყვანს ერს ისეთ გადაწყვეტილებამდე, რაც საჭირო, აუცილებელი და სასარგებლოა ჩვენი სამშობლოსათვის.
ღმერთი მოწყალეა, ღმერთი გვიგზავნის ჩვენ განსაცდელს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი წყალობა და ნიჭი მოგვმადლა უფალმა. ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოტანილი იყო ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, შემდეგ - ღირსი გაგვხადა უფლის კვართისა! საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მრავალი სიწმინდე, მრავალი წყალობა ღვთისა ვიხილეთ. ამიტომ ჩვენგან უფრო მეტს ითხოვს უფალი, ვიდრე სხვებისაგან. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის სიყვარული და წყალობა აღემატება ყოველგვარ ცოდვას და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს შეცდომებს და ძალიან მალე, ღვთის წყალობით, დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენი მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა.
როდესაც წაიკითხავთ სააღდგომო ეპისტოლეს, მინდა გთხოვოთ, ღრმად ჩაუკვირდეთ მას. მე მქონდა საგანგებო შეხვედრები და საუბრები ეკონომიკისა და სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან. ამ ეპისტოლეში ასახულია ისეთი საკითხები, რომლებიც დღეს მეტად სჭირდება საქართველოს!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ჩვენ დღეს მივიღეთ დიდი მადლი ღვთისაგან და იგი დიდხანს გაგყვებათ.
ღმერთმა არ მოაკლოს საქართველოს მადლი და წყალობა!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14, 2009 წ.